Thumbnail

Royce Da 5'9": სნუპ დოგის Doggystyle ემინემის ყველა ალბომს მირჩევნია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალურ დეტროიტელ კოლეგა მარშალ მეზერსთან, იგივე ემინემთან ერთად ჩამოყალიბებული ჰიპ ჰოპ დუეტის Bad Meets Evil წევრი, ვეტერანი ემსი, რაიან მონტგომერი, ფსევდონიმით Royce Da 5'9", ლეგენდარული კალიფორნიელი შემსრულებლის, სნუპ დოგის მიერ ემინემის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. რაიანი დასავლელ რეპერს ნაწილობრივ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ სნუპს კარიერაში საკმარისი წარმატებისთვის მიუღწევია იმისთვის, რომ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა შეეძლოს.

Snoop Dogg: ემინემს ჩემს ფავორიტ 10 რეპერს შორის ვერ დავასახელებ

Royce Da 5'9": ეს რეპერები სტაბილურად ხარისხიან მუსიკას ქმნიან

ნახეთ: ემინემისა და Royce Da 5'9"-ის 1999 წლის კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა

"სნუპს საკმარისი მიღწევები და გამოცდილება აქვს, რომ მსგავსი განცხადების უფლება ჰქონდეს. ვეთანხმები მის მოსაზრებას, რომ ემინემის საუკეთესო ვერსია დოქტორ დრეს დამსახურებით მივიღეთ. მე მესმის სნუპის კრიტერიუმების, თუმცა, ჩემს ყველა დროის რჩეულ ემსიებს შორის ემინემს მასზე მაღლა ვაყენებ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ სნუპის სადებიუტო ალბომი Doggystyle მარშალის ნებისმიერ სტუდიურ ჩანაწერზე უკეთესია. Doggystyle ის ჰიპ ჰოპია, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ შემიძლია", - განაცხადა მონტგომერიმ პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.

ემინემის შესახებ სნუპ დოგმა რადიოგადაცემის Breakfast Club ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ დეტროიტელი მის ათ ფავორიტ რეპერს შორის ვერ ხვდება.

"ემინემის გამოჩენამდე თეთრკანიან რეპერებს არანაირი პატივისცემა არ ჰქონდათ. მარშალი მათი იმედია. ჰიპ ჰოპ კულტურაში არსებობს მოსაზრება, რომ ის ყველა დროის 10 საუკეთესო ლირიცისტს შორისაა. თუმცა, ეს მეტწილად დოქტორ დრეს დამსახურებაა, რომელიც მას საკუთარი ძალების საუკეთესოდ წარმოჩენასა და ჟანრში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა. მე ვფიქრობ, რომ 1980-90-იანი წლებში მოღვაწე რამდენიმე ემსი მასზე ძლიერია. Rakim, KRS-One, Big Daddy Kane, LL Cool J.. გავაგრძელო? Ice Cube. ემინემი ჩემი ძმა და გუნდის ნაწილია. ის ერთ-ერთია, რომელმაც რეპით დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა, როდესაც იმ ჰიპ ჰოპზე ვსაუბრობ, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია...", - განაცხადა სნუპმა.

ემინემი და როისი ჰიპ ჰოპ დუეტის Bad Meets Evil წევრები არიან. გაერთიანება 1999 წელს რეპერების ახლო მეგობარმა დიშონ ჰოლტონმა, იგივე Proof-მა ჩამოაყალიბა. იმავე წელს კოლექტივმა ტრეკები Nuttin' To Do და Scary Movies გაავრცელა. თუმცა, მათი მთავარი წარმატება 2011 წლის ალბომს Hell: The Sequel უკავშირდება. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული