Thumbnail

საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისას გარდაცვლილი ადამიანების რიგებში ზოგჯერ მუსიკოსებიც ხვდებიან. ისტორიას არტისტების სცენაზე სიკვდილის არაერთი ტრაგიკული შემთხვევა ახსოვს, რომელთაგან ხუთს ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ.

5. დაიმბეგ დარელი

დაიმბეგ დარელის ფსევდონიმით ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, დარელ ებოტი ჰევი მეტალის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტადაა აღიარებული. 1981 წელს მან ჯგუფი Pantera დააარსა, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად. 2003 წელს ვოკალისტ ფილ ანსელმოსა და დარელს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, კოლექტივი დაიშალა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ახალი პროექტი Damageplan ჩამოაყალიბა.

2004 წლის 8 დეკემბერს ამერიკულ ქალაქ კოლუმბუსში გამართული კონცერტის დროს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ფანმა, ნათან გეილმა სროლა ატეხა, რასაც დაიმბეგისა და სამი სხვა პირის სიცოცხლე შეეწირა. თავად გეილი პოლიციის ოფიცერმა მოკლა. დანაშაულის მოტივი დღემდე უცნობია, თუმცა ყველაზე სარწმუნო ვერსიად პარანოიით გამოწვეული ჰალუცინაციები მიიჩნევა.

4. მირიამ მაკება

მას შემდეგ, რაც სამხრეთაფრიკელი მუსიკოსი, მსახიობი და სამოქალაქო აქტივისტი, მირიამ მაკება ანტიაპართეიდულ მოძრაობაში მონაწილეობის გამო სამშობლოდან გააძევეს, არტისტმა მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა და მალევე საკულტო სტატუსიც მოიპოვა. "მამა აფრიკა" - სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდნენ მას თაყვანისმცემლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

2009 წლის 9 ნოემბერს მაკება იტალიის ქალაქ კასერტაში გამართულ კონცერტზე გამოდიოდა, რომელიც ადგილობრივი მაფიის საქმიანობის შესახებ დაწერილი წიგნის, "გომორას" ავტორის, რობერტო სავიანოს მხარდასაჭერად ტარდებოდა. ლაივის დაწყებიდან მცირე ხანში, საკუთარი ჰიტის Pata Pata შესრულებისას, მუსიკოსი სცენაზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

3. ნიკ მენცა

ამერიკელი დრამერი, ნიკ მენცა კარიერის განმავლობაში არაერთ ბენდში უკრავდა, თუმცა მსმენელებს ის ყველაზე მეტად ლეგენდარულ თრეშ მეტალ კოლექტივში Megadeth მოღვაწეობით დაამახსოვრდათ. ჯგუფის შემადგენლობაში მან ისეთი ალბომების ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა Rust in Peace, Countdown to Extinction და Youthanasia.

2016 წლის 21 მაისს ნიკი ჯგუფ OHM-თან ერთად ლოს ანჯელესში გამოდიოდა. სამი კომპოზიციის შესრულების შემდეგ, მან სცენაზე გონება დაკარგა. მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 51 წლის ასაკში გარდაცვლილი მენცას სიკვდილის მიზეზად ათეროსკლეროზით გამოწვეული გულის შეტევა დასახელდა.

2. ლესლი ჰარვი

შოტლანდიელი გიტარისტი, ლესლი ჰარვი სხვადასხვა დროს არაერთი ბენდის შემადგენლობაში მოღვაწეობდა, რომელთაგან განსაკუთრებული პოპულარობით 1969 წელს ჩამოყალიბებული Stone the Crows სარგებლობდა. სადებიუტო ალბომის გამოცემის შემდეგ, კოლექტივის მენეჯერობა Led Zeppelin-თან თანამშრომლობით განთქმულმა პიტერ გრანტმა იკისრა, რომელიც მუსიკოსებს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

სამწუხაროდ, ჯგუფის გეგმები ტრაგიკულმა ინციდენტმა შეცვალა. 1972 წელს ინგლისის ქალაქ სუონსიში გამართული კონცერტის დროს ჰარვის მიკროფონი არასწორად დამიწებული აღმოჩნდა. მუსიკოსს მასთან შეხებისას დენმა დაარტყა და ის ადგილზევე გარდაიცვალა. 27 წლის მუსიკოსის სიკვდილიდან მცირე ხანში Stone the Crows-მა არსებობა შეწყვიტა. 

1. მარკ სენდმენი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ინჟინერმა და კომიქსების ავტორმა, მარკ სენდმენმა 1989 წელს ალტერნატიული როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი Morphine ჩამოაყალიბა. ამ მასაჩუსეტსური ბენდის უნიკალური ჟღერადობა დაბალი რეგისტრის ტონებზე იყო აგებული. მუსიკოსები პრინციპულად ამბობდნენ უარს გიტარებზე და საკუთარ ჩანაწერებს მხოლოდ ბასის, საქსოფონისა და დასარტყამი ინსტრუმენტების მეშვეობით ქმნიდნენ.

სამწუხაროდ, ამ შესანიშნავმა კოლექტივმა მხოლოდ ათი წლის განმავლობაში იარსება. 1999 წლის 3 ივლისს იტალიის ქალაქ პალესტრინაში გამართულ კონცერტზე სენდმენს მაღალი ტემპერატურის გამო გულის შეტევა დაემართა და სცენაზევე გარდაიცვალა, ჯგუფი კი ამ ტრაგიკული მოვლენიდან მცირე ხანში დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული