Thumbnail

ლოჯიქმა განმარტა, რატომ დაასრულა მუსიკალური კარიერა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის ნომინანტი ჰიპ ჰოპ არტისტი, რობერტ ბრაისონ ჰოლი, ფსევდონიმით Logic, რომელმაც მიმდინარე თვეში მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მედიაპლატფორმის Hard Knock TV სტუმარი გახლდათ. მერილენდელმა რეპერმა ჟურნალისტ ნიქ ჰაფ ბარილთან ინტერვიუში გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა.

მოუსმინეთ: ლოჯიქმა უკანასკნელი ალბომი No Pressure გამოაქვეყნა

ნახეთ: ლოჯიქი კლიპს Aquarius III ავრცელებს

ნახეთ: ლოჯიქმა კლიპი DadBod გამოაქვეყნა

"ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება საგრძნობლადაა შეცვლილი. მაგალითად, შეიძლება, დავწერო, რომ "მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ" და ამ დროს ვიღაცამ შეურაცხმყოფელი კომენტარით მიპასუხოს. სრული სიგიჟეა. ვერ ვხვდები, ასე როგორ იქცევიან, შემდეგ კი ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებენ. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ისინი ჩემს ბიჭსაც მახინჯს დაუძახებენ, ამიტომაც, მსურს, ის ასეთი უსიამოვნო თავდასხმებისგან დავიცვა. ჩემი ცოლისთვის არაერთხელ მიუყენებიათ შეურაცხყოფა, მათ შორის ყალბი ანგარიშებით. სწორედ ამიტომ მინდა, ინტერნეტს ჩამოვშორდე და ოჯახთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრო", - განაცხადა ლოჯიქმა.

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო ალბომი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წლის ივლისში, უკანასკნელი სტუდიური ნამუშევრის No Pressure გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული