Thumbnail

ცნობილი მუსიკოსები რეპერ Megan Thee Stallion-ის დაჭრას ეხმაურებიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი მუსიკოსები პოპულარული ჰიუსტონელი რეპერის, Megan Thee Stallion-ის დაჭრის ფაქტს ეხმაურებიან და არტისტს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებენ. შეგახსენებთ, რომ შემსრულებელი ლოს ანჯელესში, ერთ-ერთ წვეულებაზე იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგაც ავტომობილში ესროლეს. ამ დროს მასთან ერთად კანადელი ჰიპ ჰოპ არტისტი Tory Lanez და მეგობარი იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, თორი ლეინზმა Megan Thee Stallion დაჭრა

მოუსმინეთ: Megan Thee Stallion - Girls In The Hood

მუსიკოსმა თაიგული და ბარათი მიიღო მომღერალ რიანასგან, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, როგორც ქალის თეთრეულის ბრენდის Savage x Fenty პარტნიორს.

"მეგ, სწრაფ და საფუძვლიან გამოჯანმრთელებას გისურვებ. მთელი ჩემი გუნდი კეთილ სურვილებს გიგზავნის. სიყვარულით, რიანა და Fenty-ს კორპორაცია", - გააზიარა მეგანმა ინსტაგრამზე რირის გზავნილი.

სთელიონმა ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყბა, რომლიდანაც ირკვევა, რომ მუსიკოს Lizzo-სგან საჩუქრად ტკბილეული მიიღო.

"ლიზო, მიყვარხარ. ეს ტკბილეული ძალიან მიყვარს", - ამბობს მეგანი ვიდეოში.

მუსიკოსის დაჭრას სოციალურ ქსელებში არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. გავლენიანმა რეპერმა, 50 Cent-მა თავდაპირველად ხუმრობით მიმი გააზიარა, რისთვისაც მოგვიანებით საჯაროდ მოიხადა მობიდიში.

"ჯანდაბა, არ მეგონა, თუ მართალი იყო. ისე დაუჯერებლად ჟღერდა. მოხარული ვარ, რომ თავს უკეთ გრძნობ და იმედი მაქვს, ჩემს ბოდიშს მიიღებ. მიმი შემხვდა და დავპოსტე. ამას არ გავაკეთებდი, რომ მცოდნოდა, ნამდვილად დაშავდი", - აღნიშნავს არტისტი.

"მიყვარხარ, მეგობარო", - აზიარებს ვაშინგტონელი ჰიპ ჰოპ მუსიკოსი, ვალეი მეგანის ფოტოებს.

"ვისურვებდი, შენი ჩახუტება შემეძლოს. შენთვის ვლოცულობ", - დაწერა ტვიტერზე ატლანტელმა არტისტმა, 21 Savage-მა.

"იმედი მაქვს, შენი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. ყველას გვიყვარხარ", - ამბობს ამერიკელი რეპერი Lil Yachty.

გამოცემა TMZ-მ შემთხვევის ამსახველი ექსკლუზიური ვიდეომასალა მოიპოვა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადმოდიან პოლიციის მოთხოვნით თორის მანქანიდან უკვე დაშავებული მეგანი და მისი მეგობარი. ამის შემდეგ დასავლურ პრესაში დაიწერა, რომ შემთხვევას წინ უძღოდა თორისა და მეგანის შელაპარაკება. როგორც გამოცემა Page Six-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, ეს უკანასკნელი მანქანიდან გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც თორიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. პოლიციამ ლეინზი იარაღის ფლობის გამო დააკავა, თუმცა, $35 000 გირაოს გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. მეგანმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ინსტაგრამის ლაივში დაადასტურა, რომ გასროლა ავტომობილში მოხდა, რა დროსაც ორივე ფეხში დაიჭრა. მან არ დააკონკრეტა, თუ ვინ ისროლა მისი მისამართით.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული