Thumbnail

გია ხადური: 90-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

► ნახეთ სრული ფლეილისტი

თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ ის, რაც ფასეულად და მნიშვნელოვნად მიმაჩნდა მაშინ, 90-იანებში, დღეს უკვე ნაკლებად საინტერესოდ და სტერეოტიპულადაც კი მომეჩვენა. ამიტომ, გაფეტიშებული დიდი სახელებიდან, რომელთა შესახებ ყველამ ყველაფერი უკვე დიდი ხანია იცის, ბევრი თავისთავად ამოვარდა და დარჩნენ ის არტისტები, რომელთა მუსიკაც დღემდე მაღელვებს. მოკლედ, ძალიან სუბიექტური სია გამომივიდა, თუმცა მაინც ვეცადე, რომ განსხვავებული და ეკლექტური მასალა მომეძიებინა. 

► 60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

► 70-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

80-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

10. Madredeus - O Pastor (1990)

უკვე 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან ეთნიკური მუსიკა უაღრესად ტრენდული გახდა. ჟანრიც კი მოიგონეს "მსოფლიო მუსიკა", რამაც პოპ სცენა საგრძნობლად გადაახალისა და უფრო საინტერესოც გახადა. თუმცა, მაშინ ამ შესანიშნავი ფოლკ-პოპ ბენდის შესახებ, პორტუგალიის გარდა, არსად არაფერი იცოდნენ. "მადრედეუშის" სახელი მსოფლიომ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც გერმანელმა რეჟისორმა, ვიმ ვენდერსმა მათი მუსიკა 1997 წელს გადაღებულ სურათში "ლისაბონის ისტორია" გამოიყენა.

ბენდის ჟღერადობა კამერულია, პერკუსიული ელემენტების გარეშე - კლასიკური გიტარები, ჩელო, აკორდეონი, კლავიშები, შიგადაშიგ სინთეზატორი და, რა თქმა უნდა, ქალის ვოკალი. ეს ულამაზესი სიმღერა მართლაც რომ ღვთაებრივად ჟღერს, ანაქრონიზმი საერთოდ არ არის და იმის იდეალური მაგალითია, როგორ უნდა ააშენო ახალი წარსულზე დაყრდნობით.

9. MC 900 Ft. Jesus - Adventures in Failure (1991) 

ამ წელს ორი მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა Nirvana-სა და Massive Attack-ის სახით. ვერაფრით გადავწყვიტე, რომლის კომპოზიცია დამედო, ვყოყმანობდი. შემდეგ კი, ორივე ამოვაგდე და სანაცვლოდ ჰიპ ჰოპ ტრეკი ჩავსვი, 90-იანები ხომ ამ ჟანრის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, აფროცენტრისტული, ვესთ თუ ისთ ქოსთ ჰიპ ჰოპი არასდროს მხიბლავდა, ამიტომაც თეთრკანიანი რეპერის, ტექსასელი მარკ გრიფინის ეს ჩანაწერი ავირჩიე.

გრიფინის სამივე ალბომი ერთმანეთზე უკეთესია, ძალზე მახვილგონივრული და საინტერესო. ამ ტრეკის ტექსტიც მისთვის ტიპურია და იმ მშრომელი და მეოჯახე ამერიკელის ყოფაზე მოგვითხრობს, რომელსაც თავისი მოსაწყენი ცხოვრების შესაცვლელად ძალა და ნებისყოფა არ ჰყოფნის და არც ის იცის, რა გზას დაადგეს. მოკლედ, არანაირი ნარცისიზმი, ბლატაობა და ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი ჰედონიზმი. ალბათ, ამიტომაც ვერ გახდა გრიფინი ვერც ცნობილი და ვერც მდიდარი. 

8. Sonic Youth - Sugar Kane (1992)

Sonic Youth ბოლო 30 წლის საუკეთესო როკ ბენდია. განსაკუთრებით ის მხიბლავს, რომ მათი გაპაპსავებული ალბომებიც კი ბანალურად, ვულგარულად და დაშტამპულად არ ჟღერს. ეს ჩანაწერიც კოლექტივის უზარმაზარ დისკოგრაფიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულია, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ოდნავადაც არ გაცვეთილა. განსაკუთრებით კი ეს კომპოზიცია, რომელიც დღემდე ისეთივე ენთუზიაზმს იწვევს ჩემში, როგორსაც ამ 25 წლის წინ.

ლეიბლის მიერ პროდუსერად ბუჩ ვიგის დანიშვნა, რომელმაც წინა წელს Nirvana-ს ალბომი Nevermind ჩააწერინა, კომერციულ მიზნებს ემსახურებოდა და ამან გაამართლა კიდეც. თუმცა, Sonic Youth-ისგან Nirvana-სავით პოპსტანდარტის შექმნა შეუძლებელია, რადგან მათი მუსიკალური ინტელექტი და აზროვნება სრულიად სხვა აკუსტიკური ტერიტორიებიდანაა ნაკვები. მუსიკოსებმა პიროვნული თუ არტისტული წრთობა 70-იანების მიწურულს ნიუ იორკში, ქვემო ისტ საიდზე გაიარეს. ეს კი ისეთი დამღაა, რომლის წაშლაც შეუძლებელია.

7. Sheep on Drugs - Track X (1993)

რა თქმა უნდა, ეს ტრეკი 1993 წლის საუკეთესო ჩანაწერი არ არის, არც ელექტრონულ მუსიკაში და არც ზოგადად, მაგრამ იმ პერიოდის რეივ კულტურას აუცილებლად უნდა გამოვხმაურებოდი. მით უმეტეს, რომ ის, თავის რადიკალურ ფორმებთან ერთად, მაშინ ჯერ კიდევ იატაკქვეშეთში იყო და წინააღმდეგობის მოძრაობად ითვლებოდა.

სწორედ ასე, 90-იანების დასაწყისში გერმანია-ჰოლანდიაში დიჯითალ ჰარდქორი გაჩნდა, რომელიც ბრიტანეთში ტექნო-დენს პანკად ტრანსფორმირდა. Sheep on Drugs-ის სადებიუტო ალბომი კი ამ ქვეჟანრის ნამდვილი კვინტესენციაა - აგრესიული, შეუპოვარი და ნიჰილისტური, კონტროვერსიული ტექსტებითა და ეპატაჟური გამოხტომებით. მართალია, ნამუშევარი აკუსტიკურად უკვე ცოტა მოძველდა, მაგრამ ის იმდენად უკომპრომისოა, რომ 21-ე საუკუნის ოპორტუნისტულ, ფუტურისტულ ელექტროქლეშზე ავთენტურად ნამდვილად ჟღერს. ვიდეო კი ისეთივე პოხუისტურ-უტიფარია, როგორც მუსიკა. 

6. Jeff Buckley - Grace (1994)

ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბედის მქონე არტისტი მუსიკის ისტორიაში. ჯეფ ბაკლიმ მხოლოდ ერთი ალბომის ჩაწერა მოასწრო, რომელიც დღესდღეობით შედევრად ითვლება და სავსებით სამართლიანადაც. პირველად გვიან ღამით, მანქანით მგზავრობისას მოვისმინე. არ ვიცოდი, ვინ იყო, მაგრამ თითქოს რაღაცით მეცნო. როცა გავიგე, რომ ტიმ ბაკლის შვილი იყო, არც გამკვირვებიაისე ჰგავდა ყველაფრით - ისეთივე მძაფრი ემოციურობა, ვნებები, არატრივიალური მუსიკალური აზროვნება და ხმა.

ვოკალი მართლაც უძლიერესი და უნიკალური ჰქონდა ჯეფ ბაკლის - დრამატული, ნერვული და ამავდროულად რომანტიკული. ვფიქრობ, მუსიკას ის თავის ხმასა და შესრულების მანერას არგებდა, ამიტომაც ჟღერს ეს კომპოზიცია ასე შთამბეჭდავად. მუსიკალური ტრენდები მიდიან და მოდიან, მუდმივი რჩება ის, რაც ხელში გიტარას გაღებინებს და გამღერებს, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, შენში ვეღარ იტევ და მთელ სამყაროს გინდა გაუზიარო.

5. Oval - Do While (1995)

ბოლო 25 წლის ელექტრონული მუსიკა ემბიენთის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ მოხვდა ჩვენს სიაში კომპოზიცია, რომელიც ამ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია. თანაც, გერმანელი მარკუს პოპი, რომლის პროექტიცაა Oval, ძალიან მომწონს. ასევე მომწონს მიმდინარეობა, რომლის ფუძემდებლადაც ის მოგვევლინა - გლიჩი. მუსიკის საბაზისო ელემენტად აუდიოხარვეზების, აპარატურისა თუ ხელოვნურად გამოწვეული ხმაურის, სინთეზირების შედეგად მიღებული საუნდის გამოყენება.

Do While ჯგუფის შემოქმედებაში საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. ვეჭვობ, რომ ეს მართლა ასეა, მაგრამ ამ მოსაზრების წინააღმდეგ მედგარ ბრძოლასაც არ ვაპირებ. ფაქტია, რომ 24-წუთიანი ტრეკის ქრონომეტრაჟი მარკუსს 5 წუთამდე შეამცირებინეს რადიოში როტაციისთვის და ვიდეოც კი შეაკოწიწეს მუსიკალურ არხებზე დასატრიალებლად. მე თუ მკითხავთ, ამით ჩანაწერი მხოლოდ დაზარალდა, თუმცა სხვა გამოსავალი მაინც არ გვაქვს. ჩვენც სწორედ ამ აკუსტიკურად კასტრირებულ ვერსიას უნდა დავჯერდეთ.

4. Diabologum - La Maman et la Putain (1996)

ეს ფრანგული ალტერნატიული როკ ბენდი ჩვენ სიაში ნამდვილად ვერ მოხვდებოდა, რომ არა კომპოზიცია, რომელიც თავის დროზე ძალზე უცნაურად მეჩვენა. მუსიკა პოსტ როკია, რომელიც პერიოდულად პოსტ მეტალში გადადის და შემდეგ უკან ბრუნდება. ასეთ აკუსტიკურ ნაკადზე კი ვიღაც ქალის ტირილნარევი და საოცრად დრამატული მონოლოგია გადადებული, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ ამ სიმღერისთვის არ შექმნილა. ის სხვა სივრციდან, განსხვავებულად ისმის და ნამუშევრის მუსიკალური ლანდშაფტიდან სრულიად ამოვარდნილია.

თავის დროზე, სწორედ ამ გაუგებრობამ მომნუსხა და მაგნიტივით მიმიზიდა, თუმცა რაში იყო საქმე, ვერ ვხვდებოდი. და აი, ახლა, წლების შემდეგ, მოვიძიე იუთუბში და გავოგნდი. თურმე, ეს ყოფილა ფინალური მონოლოგი ფრანგი ჟან ესტაშის 1973 წლის ფილმიდან "დედიკო და მეძავი", რომელიც თავიდან ბოლომდე, დაუმუშავებელი სახითაა გადმოტანილი და ჩასმული ამ ტრეკში. უნიკალური ექსპერიმენტია, ვერაფერს იტყვი. კიდევ კარგი გამახსენდა.

3. Bjork - Bachelorette (1997)

ამ კომპოზიციასაც კინემატოგრაფთან აქვს კავშირი. ბიორკმა ის ბერნარდო ბერტოლუჩის უსუსტესი ფილმისთვის "მოპარული სილამაზე" შექმნა, თუმცა სიმღერა სურათში არასდროს გაჟღერებულა. სამაგიეროდ, კიდევ ერთი რეჟისორი, მიშელ გონდრი ადგა და მასზე ძალზე საინტერესო, სიურრეალისტური კლიპი გადაიღო. 

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამ ვიდეოს გარეშე სიმღერას ეფექტურობა აკლდა, თუმცა აშკარად ვცდებოდი. ბიორკის ერთ-ერთი მთავარი კოზირი ის არის, თუ როგორ უხამებს ევროპულ მუსიკალურ აზროვნებას ისლანდიურ ეთნიკურ სენსიტიურობას. სწორედ ეს განაპირობებს ავანგარდულობის ეფექტს, რომელიც ყველას გვხიბლავს. თუმცა, ამ მხრივ, ეს ტრეკი შედარებით სტანდარტულია, უცნაურობების გარეშე და მხოლოდ ბიორკის ბუნებრივი ტალანტი, პიროვნული ორიგინალობა და ემოციური გახსნილობა აძლევს ისეთ სიღრმესა და ავთენტურობას, რომელსაც ვერანაირი ექსპერიმენტებით მიაღწევ. 

2. Neutral Milk Hotel - Two-Headed Boy (1998)

ბევრი ფიქრობს, რომ ამ უკვე საკულტოდ ქცეული ალბომის ღირსებები აშკარად გაზვიადებულია, ზოგს კი პირიქით, ის ნამდვილ შედევრად მიაჩნია. პირადად მე მომწონს, რადგან ის წმინდა წყლის აუტსაიდერული ნამუშევარია, უპრეტენზიო, ყოველგვარ პათეტიკას მოკლებული და უაღრესად ინტიმური. განსაკუთრებით კი ამ ტრეკს გამოვარჩევ, რომელიც, ერთი მხრივ, წმინდა სინგერ-სონგრაითერულია, მხოლოდ აკუსტიკურ გიტარაზე შესრულებული, მეორე მხრივ კი ინდი-პოპის ესთეტიკითაა გაჯერებული.

"ორთავიან ბიჭში" ვხვდებით ყველაფერ იმას, რაც ნებისმიერი ეპოქის სიმღერისთვის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს - გამჭირვალე მელოდიას, ფორმის სიმარტივესა და გულწრფელობას. თანაც, ჯეფ მენგამი მას თითქოს თავისთვის ასრულებს და საკუთარ განცდებსაც თავს არავის ახვევს. მეც ძალაუნებურად ჯონ ლენონის ფრაზა მახსენდება: "თუ რამე გაქვს სათქმელი, ბევრი ფილოსოფოსობა საჭირო არ არის, უბრალოდ აიღე გიტარა, დაუკარი და იმღერე".

1. Primal Scream - Swastika Eyes (1999)

შოტლანდიური ბენდის რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში XTRMNTR შესული ეს კომპოზიცია როკ-ენ-როლისა და საკლუბო ელექტრონული მუსიკის იდეალური სინთეზია. შეიძლება ითქვას, რომ Primal Scream-მა აქ ოქროს კვეთა იპოვა და ჟანრებს შორის საზღვრები საერთოდ წაშალა. ტრეკი თავიდანვე ისე და იმ მიზნით შეიქმნა, რომ შემდგომში არტისტებს თავის ჭკუაზე გაემიქსათ. მისი რამდენიმე ჩანაწერიდან ზოგიერთი, მაგალითისთვის Тhe Chemical Brothers-ის ვერსია, აშკარად წარუმატებელია, საუკეთესო კი ბრიტანელ პროდიუსერს, ჯეგზ კუნერს ეკუთვნის.

გაურკვეველია, რა იწვევს მსმენელში ადრენალინის მძლავრ ამოფრქვევას, Primal Scream-ის როკ-ენ-როლი თუ კუნერის ტექნო. სხვათა შორის, ცოცხალი შესრულების დროს, გიტარების ჟღერადობის წინ წამოწევის ხარჯზე, კომპოზიცია უფრო მძლავრად ჟღერს და დრაივიც ორმაგდება. ამიტომ გირჩევთ, იუთუბზე ლაივი მოიძიოთ. აქ კი სტუდიურ ტრეკს გთავაზობთ და ამით 90-იანებს საბოლოო წერტილს ვუსვამთ.


0. Scorpions - Wind of Change (1991)

გერმანული ერის სირცხვილი და ერთ-ერთი ყველაზე უბადრუკი ბენდი როკ მუსიკის ისტორიაში. ამ კოლექტივის "შემოქმედების" მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ამბიციებით დამძიმებული კონიუნქტურული როკი ყველაზე ანგარებიან პაპსაზე უარესია. უფრო მეტიც, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ Scorpions როკის სამყაროში შეგზავნილი აგენტია, რომლის მიზანიც ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმოება და გზააბნეული მსმენელის დაგოიმებაა. 

ეს ტრეკი-პროფანაციაც სწორედ ამის მაგალითია. გასაგებია, რომ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ამ თემისადმი მიძღვნილი "ხელოვნების ნიმუშებით" ბევრმა არტისტმა მოითბო ხელი, მაგრამ "ცვლილებების სიო" გოიმობის, პოპმპეზურობისა და პრეტენზიულობის ნამდვილი აპოთეოზია. რა თქმა უნდა, მუსიკოსების გულწრფელობაში ეჭვის შეტანა ინტრიგნობა იქნება, მაგრამ ასეთი უზომო პათეტიკა და ფსევდოამაღლებული განწყობა, იოსეფ კობზონსა და ლევ ლეშენკოს არ ჰქონიათ, როდესაც კომუნისტურ პარტიას, ლენინსა და კოსმოსის ათვისებას უმღეროდნენ. მოკლედ 90-იანების ნულოვან, ტრეშ პოზიციაზე სხვა სიმღერა არც კი განმიხილია, უკეთესს მაინც ვერ მოვიძიებდი.

► 60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

► 70-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

80-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული