Thumbnail

ცნობილი გახდა, რას ედავება ყოფილი ცოლი ელტონ ჯონს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ივნისის ბოლოს დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ყოფილმა ცოლმა, რენატ ბლაუელმა, განქორწინებიდან 32 წლის შემდეგ, არტისტს უჩივლა. გაზეთმა The Independent სასამართლო დოკუმენტების ასლი მოიპოვა, რომლიდანაც ირკვევა, კონკრეტულად რას მოითხოვს ბლაუელი. როგორც აღმოჩნდა, საქმე ეხება ელტონის ბიოგრაფიულ წიგნს Me, რომლის რამდენიმე თავშიც მათი ქორწინების შესახებ არის საუბარი. 67 წლის ქალი ყოფილ პარტნიორს განქორწინების პროცესში დადებული გაუთქმელობის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით 4 მილიონამდე დოლარს მოითხოვს.

ნახეთ: ელტონ ჯონი დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს

ელტონ ჯონმა 2020 წლის ფავორიტი ალბომი დაასახელა

"დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ჯონმა წიგნის გამოქვეყნებამდე თანხმობა განაცხადა, სადავო მონაკვეთები ამოეღო, თუმცა, რადგან ეს ასე არ მოხდა, რენატს ფსიქიკური პრობლემები განუახლდა. წიგნის ერთ-ერთ თავში ელტონი აღნიშნავს, რომ განქორწინების შემდეგ, ბლაუელი თავისი შვილების გასაცნობად მიიწვია, რადგან უნდოდა, რომ ის მისი ცხოვრების ნაწილად დარჩენილიყო, მაგრამ უარი მიიღო", - ნათქვამია The Independent-ის სტატიაში.

"გული გავუტეხე მას, ვინც მიყვარდა და ვუყვარდი უპირობოდ. დიდი ტკივილის მიყენების მიუხედავად, მისგან აგრესია არ მიგრძვნია", - წერს მუსიკოსი თავის წიგნში.

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, სასამართლო დოკუმენტებშია აღნიშნულია, რომ რენატამ 2001 წელს სახელი შეიცვალა და ერთ-ერთ ბრიტანულ სოფელში ახალ პარტნიორთან ერთად დასახლდა, მუსიკოსთან კი ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. ძველი ვინაობა მან მხოლოდ ახლა, სასამართლოსთვის დაიბრუნა, რათა სახელი, რომელსაც იყენებდა, არ გაესაჯაროვებინა.

გამოცემა The Sun-მა ელტონ ჯონთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით მუსიკოსის პოზიციის შესახებ დაწერა:

"ელტონი რენატას საქციელით შოკირებული და დამწუხრებულია. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მის შესახებ მხოლოდ კარგ კონტექსტში საუბრობდა. მუსიკოსს მასთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა და დღემდე დიდ პატივს სცემს".

ჯონთან განქორწინების შემდეგ რენატის შესახებ საზოგადოებას ბევრი არაფერი სმენია. წყვილის მიმართ ინტერესი მას შემდეგ განახლდა, რაც მუსიკოსის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი Rocketman გავრცელდა, რომელშიც მათი ურთიერთობის შესახებ მოკლედ იყო მოთხრობილი. უცნობია, ფილმთან დაკავშირებით აქვს თუ არა პრეტენზიები ქალს.

ელტონ ჯონი რენატ ბლაუელს, რომელიც ხმის ინჟინერი იყო, 1983 წელს, მე-17 ალბომზე Too Low for Zero მუშაობისას შეხვდა. წყვილმა მომდევნო წელს, მუსიკოსის ავსტრალიური ტურნეს მიმდინარეობისას იქორწინა, 1988 წელს კი ისინი დაშორდნენ. ამის შემდეგ ჯონმა საჯაროდ განაცხადა, რომ გეი იყო და მომავალ ქმარს, დევიდ ფურნიშს ხვდებოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული