Thumbnail

მუსიკოსები, რომლებმაც დონალდ ტრამპს თავიანთი სიმღერების გამოყენება აუკრძალეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრები ამომრჩევლებთან ხშირად ცნობილი კომპოზიციებითაა გაფორმებული, რაც მათ ავტორ-შემსრულებლებთან ყოველთვის არ არის შეთანხმებული. სიმღერების უკითხავად გამოყენებას წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი მუსიკოსის გაღიზიანება გამოუწვევია.

გაგაცნობთ არტისტებსა და ჯგუფებს, რომლებიც დონალდ ტრამპს მხარდამჭერებთან შეხვედრებზე თავიანთი ნამუშევრების გაჟღერების ნებართვას არ აძლევენ.

Linkin Park

მიმდინარე წლის 19 ივლისს ტვიტერმა პრეზიდენტის მხარდამჭერი ვიდეო წაშალა, რომელშიც "ლინკინ პარკის" 2011 წლის ჰიტის In the End ქავერ ვერსია იყო გამოყენებული. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ვიდეო საკუთარ გვერდზე გააზიარა, კოლექტივმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ლინკინ პარკი" არ ყოფილა და არ არის ტრამპის მხარდამჭერი. მის გუნდს ჩვენი მუსიკის გამოყენების ნებართვას არ ვაძლევთ".

Rihanna

ბარბადოსელმა პოპვარსკვლავმა დონალდ ტრამპს თავისი კომპოზიციების გამოყენება მას შემდეგ აუკრძალა, რაც 2018 წელს ტენესის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მისი ჰიტი Don't Stop The Music გაჟღერდა.

"რიანას სიმღერების ჩართვით იქმნება განცდა, რომ ტრამპთან რაიმე კავშირი აქვს, რაც სიცრუეა. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ მისი სიმღერების ნებართვის გარეშე გამოყენება", - ეწერა მუსიკოსის ადვოკატის მიერ თეთრ სახლში გაგზავნილ წერილში.

Adele

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბრიტანელი პოპვარსკვლავის კომპოზიციები გაჟღერდა, ადელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომღერლისთვის ტრეკების Rolling in the Deep და Skyfall გაშვების ნებართვა არ უთხოვიათ.

"ადელს არ მიუცია ნებართვა, მისი მუსიკა რომელიმე პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში გამოეყენებინათ".

ცნობისთვის, ადელი მაშინ ტრამპის კონკურენტის, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი გახლდათ.

Elton John

2016 წელს ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ელტონ ჯონი ტრამპის კამპანიის ფარგლებში მისი სიმღერების Rocket Man და Tiny Dancer გაშვებას ასე გამოეხმაურა:

"მე ბრიტანელი ვარ. დონალტ ტრამპს შევხვედრივარ. კარგად მიმიღო. არაფერი პირადული, მისი პოლიტიკური შეხედულებები ჩემსას არ ემთხვევა. რესპუბლიკელი არ ვარ. რატომ არ მიმართავ ამერიკელ ქანთრი მუსიკოსებს? ისინი უარს არ გეტყვიან".

The Rolling Stones

2016 წელს, ტრამპის კამპანიის მიმდინარეობისას, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, "როლინგ სთოუნზის" კომპოზიცია You Can't Always Get What You Want გააჟღერეს. კოლექტივის წევრებმა, მიკ ჯაგერმა და კით რიჩარდსმა გაგზავნილი წერილით მოითხოვეს, მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო.

ხოლო მას შემდეგ, რაც ბენდმა აღმოაჩინა, რომ 2020 წლის ივნისში ტრამპმა კვლავ გამოიყენა მათი მუსიკა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, "როლინგ სთოუნზმა" შემსრულებელთა უფლებადამცველ ორგანიზაციას Broadcast Music მიმართა და პრეზიდენტს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

Aerosmith

2018 წლის 21 აგვისტოს, დასავლეთ ვირჯინიაში მხარდამჭერებთან ტრამპის შეხვედრისას, ლეგენდარული როკ ჯგუფის სიმღერა Livin' on the Edge ჩართეს, რის შემდეგაც ფრონტმენმა, სტივენ ტაილერმა თეთრ სახლში პრეზიდენტის სახელზე წერილი გაგზავნა:

"საქმე დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს არ ეხება. არავის ვაძლევ უფლებას, ბენდის კომპოზიციები ნებართვის გარეშე გამოიყენოს. მუსიკა პოლიტიკური კამპანიებისა თუ აქციებისთვის არ შეგვიქმნია".

George Harrison

2016 წელს ტრამპის კამპანიის ფარგლებში "ბითლზის" კომპოზიციის Here Comes the Sun გამოყენება ტრეკის ავტორის, ჯორჯ ჰარისონის წარმომადგენლობამ გააპროტესტა, რადგანაც არც მათთვის უთხოვიათ ნებართვა.

"განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ მას ჰარისონის სხვა სიმღერის Beware of Darkness (თარგმანში: უფრთხილდით სიბნელეს) გაჟღერების ნებართვა მივცეთ", - აღნიშნული იყო განცხადებაში.

Queen

ლეგენდარულმა ბრიტანულმა კოლექტივმა ტვიტერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალური გვერდიდან 2019 წლის 9 ოქტომბერს გავრცელებული პოსტი იმ მიზეზით წააშლევინა, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გადაღებულ კადრებში ბენდის 1977 წლის ჰიტი We Will Rock You ისმოდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს Queen-ის ნამუშევრები 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც ჰქონდა გამოყენებული.

Pharrell Williams

2018 წლის ოქტომბერში ინდიანას შტატში დონალდ ტრამპისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე ფარელ უილიამსის ჰიტი Happy ჩართეს. ამერიკელი მუსიკოსი განსაკუთრებით იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ეს პიტსბურგში სინაგოგაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოხდა.

"იმ დღეს, როდესაც 11 ადამიანი დაიღუპა, თქვენ ინდიანაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ფარელ უილიამსის Happy ჩართეთ. რა ბედნიერება დაინახეთ იმ ტრაგედიაში, რომელიც ქვეყანას დაატყდა თავს? აღარ გამოიყენოთ მისი კომპოზიციები ნებართვის გარეშე", - ნათქვამი იყო არტისტის ადვოკატის, ჰოვარდ ქინგის მიერ თეთრ სახლში გაგზავნილ წერილში.

Prince

მას შემდეგ, რაც 2018 წელს, მისისიპის შტატში აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრისას, ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პრინსის ჰიტი Purple Rain გაჟღერდა, არტისტის წარმომადგენლებმა განაცხადეს:

"პრინსის სიმღერების გამოყენების ნებართვა დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისთვის არასდროს მიგვიცია. კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყვიტონ ამის კეთება" .

დონალდ ტრამპს საკუთარი კომპოზიციების გამოყენება ასევე აუკრძალეს ისეთმა ჯგუფებმა და მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: ლუჩიანო პავაროტი, ნილ იანგი, ბრიუს სპრინგსტინი, ტომ პეტი, Guns N' Roses, Nickelback, Panic at the Disco და R.E.M.

კომენტარები

ბოლოს დამატებული