Thumbnail

ნახეთ: ფრედი მერკურის უკანასკნელი დამშვიდობება თაყვანისმცემლებთან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ფრონტმენი, ფრედი მერკური პუბლიკის წინაშე უკანასკნელად 1990 წელს ლონდონში Brit Awards-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდა, როცა კოლექტივის დანარჩენ წევრებთან ერთად სპეციალური ჯილდო მიიღო მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ამ პერიოდში მედიაში უკვე აქტიურად იწერებოდა, რომ მას შესაძლოა, შიდსი ჰქონოდა, რასაც მუსიკოსი არ ადასტურებდა. როგორც გამოცემა Mirror წერს, ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი, გამხდარი და უჩვეულოდ უენერგიო ფრედის დანახვა საზოგადოებისთვის ერთგვარი მტკიცებულება აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მძიმე იყო.

როჯერ ტეილორი: ფრედი მერკური რომ ცოცხალი იყოს, Queen ახალ სიმღერებს ისევ დაწერდა

ფრედი მერკურის უკანასკნელი თხოვნა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე

ბრაიან მეი: ფრედი მერკურის მხრიდან შიდსის დიაგნოზზე საუბარი მამაცური ნაბიჯი იყო

სამადლობელი სიტყვა ბენდის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ წარმოთქვა. მას დრამერი, როჯერ ტეილორი შეუერთდა. სცენის დატოვებამდე მიკროფონთან ფრედიც მივიდა.

"მადლობა, მშვიდობიანი ღამე", - მიმართა მან აუდიტორიას, რაც მუსიკოსის მიერ სცენაზე წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა.

მანამ კოლექტივს ჯილდო გადაეცემოდა, ეკრანზე ვიდეოკოლაჟი გავიდა, რომელშიც "ქუინის" კარიერის საუკეთესო მომენტები და სხვა არტისტების, მათ შორის ელტონ ჯონისა და პოლ მაკკარტნის კომენტარები იყო თავმოყრილი. ერთ-ერთ კადრში კი ფრედი ამბობს:

"თუ ყველაფრის ხელახლა დაწყება მომიწევდა - რატომაც არა? ამას ცოტა სხვაგვარად გავაკეთებდი".

ფრედი მერკური სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მუსიკაზე, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ძირითად დროს სახლში ატარებდა უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. შემსრულებელი უკანასკნელი საჯარო გამოსვლიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით. მან სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გაამხილა საკუთარი დიაგნოზი.

"მან თქვა, არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ რაიმე სხვა მჭირს, მე შიდსისგან ვკვდები", - იხსენებდა ბრაიან მეი ფრედის სიტყვებს ტელეკომპანია STV-სთან ინტერვიუში.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული