Thumbnail

კიმ კარდაშიანი ქანიე ვესთის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ქმრის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. ის მედიასა და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, გაგებით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას. კიმის თქმით, რეპერის ბოლოდროინდელი ტვიტები ბიპოლარული ეპიზოდით არის გამოწვეული და მის რეალურ განწყობებს არ ემთხვევა.

ქანიე ვესთი: კიმთან განქორწინება მას შემდეგ მინდა, რაც მიკ მილს სასტუმროში შეხვდა

ქანიე ვესთი: კიმი და დედამისი ფსიქიატრის მოყვანას და ჩემს გამომწყვდევას აპირებენ

ქანიე ვესთი: სიცოცხლე დედამ შემინარჩუნა, მამაჩემი აბორტის გაკეთებას სთხოვდა

"როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, ქანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს. ამ დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანმა, ან მათმა გარშემომყოფებმა, კარგად იციან, რამდენად რთული და მტკივნეულია ამ მდგომარეობის გაგება. ღიად არასოდეს მისაუბრია, თუ როგორ აისახება ეს ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაზე, რადგან ვცდილობ, ჩვენი შვილებისა და ქანიეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დავიცვა. მაგრამ იმ სტიგმისა და არასწორი შეხედულებების გათვალისწინებით, რაც ამ დაავადებასთან დაკავშირებით არსებობს, საჭიროდ მივიჩნიე, კომენტარი გამეკეთებინა.

იმან, ვისაც ფსიქიკურ აშლილობებთან აქვს შეხება, იცის, რომ ოჯახი უძლურია, როცა დაავადება აქტიურდება. ისინი კი, ვისაც არ ესმის, რაშია საქმე, განიკითხავს - არც კი იციან, რომ მანამ ადამიანი თავად არ მოისურვებს, რამდენიც არ უნდა ეცადო, შეუძლებელია, მას დაეხმარო.

მესმის, რომ ქანიე კრიტიკის ობიექტი ხდება, რადგან ის ცნობილი ადამიანია და დროდადრო მის ქმედებებს საზოგადოებაში ძლიერი რეაქციისა და ემოციის გამოწვევა შეუძლია. ის შესანიშნავი, მაგრამ რთული პიროვნებაა, რომელიც მწვერვალზე იმყოფება, როგორც არტისტი და შავკანიანი მამაკაცი. ძალიან განიცადა დედის გარდაცვალება და იძულებულია, გაუძლოს ზეწოლას და იზოლაციაში ყოფნას, რაც გამოწვეულია ბიპოლარული აშლილობით.

ადამიანებს, რომლებიც ახლოს იცნობენ, იციან, რომ ხანდახან ქანიეს სიტყვები და ზრახვები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამ დაავადებით ცხოვრება მის ოცნებებსა და კრეატიულ იდეებს ხელს არ უშლის. ეს ქანიეს გენიის ნაწილია და, როგორც უკვე ვიხილეთ, მან თავისი დიდი ოცნებებიდან ბევრი უკვე სისრულეში მოიყვანა.

ჩვენ, საზოგადოების წევრები, ვცდილობთ, გაგებით მოვეკიდოთ, ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, თუმცა, ეს დამოკიდებულება კონკრეტულ ადამიანებზე უნდა გავრცელდეს. მედიასა და საზოგადოებას თხოვნით მივმართავ, თანაგრძნობითა და გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ამ სირთულის გადალახვა შევძლოთ", - წერს კიმი.

კიმ კარდაშიანმა მიმართვის გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დედამისის, კრის ჯენერისა და მის შესახებ ქანიემ ტვიტერზე არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. რეპერის თქმით, ისინი ფსიქიატრების მიყვანასა და მის გამომწყვდევას ცდილობდნენ. ვესთმა ასევე დაწერა, რომ მიკ მილთან სასტუმროში შეხვედრის გამო კიმთან განქორწინებას ცდილობს. ამის შემდეგ მან საკუთარი სიდედრი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეადარა.

მუსიკოსმა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი 2018 წელს, სტუდიური ჩანაწერით YЕ გაამხილა, თუმცა, მანამდე საზოგადოებაში უკვე აქტიურად განიხილავდნენ რეპერის ფსიქიკურ პრობლემებს.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული