Thumbnail

Halsey: თუ თანაგრძნობის გამოჩენა არ შეგიძლია, ჩუმად მაინც იყავი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჰოლზი ტვიტების სერიას აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოების დამოკიდებულებას აკრიტიკებს ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ, რომლებსაც დროდადრო მანიის ეპიზოდები უვლინდებათ. მუსიკოსის თქმით, ამ დაავადების მატარებლებს შორის არიან როგორც კარგი, ისე ცუდი პიროვნებები, თუმცა, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია, რადგან ეს ფსიქიკური აშლილობების მიმართ საზოგადოებაში ისედაც არსებულ სტიგმებს ამყარებს. მომღერალს არ დაუზუსტებია, მისი კომენტარი კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება თუ არა.

Halsey: ვნერვიულობ, რა გავლენას მოახდენს ჩემი ფსიქიკური აშლილობა სხვადასხვა სიტუაციაზე

მოუსმინეთ: Juice WRLD - Life's A Mess Ft. Halsey

"ხუმრობის გარეშე. ჩემი კარიერა ბიპოლარული აშლილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მივუძღვენი და ძალიან მადარდებს, რასაც ახლა ვხედავ. გვერდზე გადავდოთ, თუ რა შეხედულება გვაქვს კონკრეტულ ადამიანზე - მანიის ეპიზოდი სახუმარო არ არის. თუ თანაგრძნობისა და კეთილგანწყობის გამოჩენა არ შეგიძლია, ჩუმად მაინც იყავი".

"შეიძლება, იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც იცნობთ, ბევრს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდეს, მაგრამ თქვენ ამის შესახებ არ იცოდეთ. ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გამოყენება იმისთვის, რომ ლანძღო და შეურაცხყო, არასწორია. ზუსტად ამის გამო ვერ ამხელენ ხოლმე ადამიანები საკუთარ დიაგნოზს".

"შეგიძლია, ვინმეს საქციელი ან შეხედულებები არ მოიწონო, მაგრამ არა იმ ფორმით, რომ სტიგმის გამყარებას შეუწყო ხელი, რაც ამ პრობლემის მქონე მთლიან საზოგადოებას დააზარალებს".

"თუ გინდა, რომ ვინმეს ნაძირალა უწოდო, შენი ნებაა. ფსიქიკური დაავადების მქონე ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი არსებობს, ბევრიც ნამდვილი ნაძირალაა. ისინი რიგითი ადამიანები არიან განსხვავებული პიროვნული ნიუანსებით. მაგრამ ბიპოლარული აშლილობის თემაზე გამოთქმული ხუმრობები მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს არ აყენებს ზიანს".

"პატივისცემით, ადამიანი, რომელიც ათ წელზე მეტია, ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზით ცხოვრობს", - წერს ჰოლზი.

25 წლის მომღერალს თავადაც ბიპოლარული აშლილობა აქვს. ის ყოველთვის ღიად საუბრობს საკუთარ დიაგნოზსა და საზოგადოებაში ამ დაავადებასთან დაკავშირებულ სტიგმაზე.

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. ბოლო, პლატინის სტატუსის მქონე ჩანაწერი Manic ჰოლზიმ 2020 წლის იანვარში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული