Thumbnail

ბილი აილიშმა ბავშვობის საყვარელი კომპოზიციები დაასახელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურის Beats 1 ეთერში პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშისა და მამამისის, პატრიკ ო’კონელის რადიოგადაცემის Me & Dad Radio მეოთხე ეპიზოდი გავიდა, რომელშიც 18 წლის გოგონა ბავშვობის საყვარელ კომპოზიციებზე საუბრობს. ბილიმ ფავორიტ სიმღერებს შორის ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles, კანადელი ავრილ ლავინისა და ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის ნამუშევრები დაასახელა.

ბილი აილიშის დედა: ჯასტინ ბიბერის გამო ბილის ფსიქოთერაპევტთან მიყვანას ვაპირებდით

Avril Lavigne - Losing Grip

"ავრილ ლავინის სიმღერებიდან ეს ჩემი ფავორიტია. ბავშვობის ძალიან მნიშვნელოვანი კომპოზიციაა ისევე, როგორც Complicated, I’m With You, Sk8er Boi, Girlfriend და Keep Holding On. მაგრამ Losing Grip-ს 2018 წელს კვლავ მივუბრუნდი. მანქანით მგზავრობისას მას ბოლო ხმაზე ვმღეროდით ხოლმე. ამ ტრეკის მისამღერი და მელოდია ისეთი კარგია... ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მომისმენია. სხვა ამის მსგავსი კომპოზიცია არ არსებობს. გეუბნებით, არ ძველდება. ღმერთო, ყოველ ჯერზე, როცა მისი დასაწყისი მესმის, მზად ვარ, ავყვე", - ამბობს ბილი ავრილ ლავინის სადებიუტო ალბომის Let Go სინგლზე საუბრისას.

Britney Spears - ...Baby One More Time

"ბრიტნის გასაოცარი ეპოქა ჰქონდა. იმ დღეს ინსტაგრამზე დაპოსტა, როგორ ცეკვავს ჩემს კომპოზიციებზე და კინაღამ შარვალში გამეპარა. მიყვარხარ, ბრიტნი. რაც შეეხება Baby One More Time-ს, ის კლასიკაა. ყველამ იცის ეს სიმღერა. მისაღებ ოთახში ჩემს პატარა, საშინელ დინამიკებზე ვრთავდი ხოლმე და ვცეკვავდი", - იხსენებს მუსიკოსი ბრიტნის სადებიუტო სინგლზე საუბრისას.

ნახეთ: ბრიტნი სპირსი ბილი აილიშის ჰიტზე Bury a Friend ცეკვავს

The Beatles - Something

"მახსოვს, ამ სიმღერას მაშინ ვუსმენდი, როცა შეყვარებული ვიყავი. ძალიან კარგად დაწერილი კომპოზიციაა. მისი ტექსტი ისეთ რაღაცას ამბობს, რაც იშვიათად მსმენია. ბევრ ადამიანს გაუმეორებია რაღაც მსგავსი, მაგრამ მგონია, რომ მხოლოდ "ბითლზს" შეეძლო სათქმელის ასე გამოხატვა. ყველა ამ ჯგუფის მუსიკაზე გავიზარდეთ, მაგრამ ეს არის სიმღერა, რომელიც ჩემთან დღემდე დარჩა", - აღნიშნა მან ბენდის 1969 წლის სტუდიურ ჩანაწერში Abbey Road შესულ ტრეკზე საუბრისას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული