Thumbnail

ტელეარხების მიერ შავ სიაში შეტანილი 10 ვიდეორგოლი

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

პოპულარული არტისტების ჩანაწერებზე შექმნილი ვიდეორგოლები ზოგჯერ საკუთარი ეპოქის სოციალურ სტანდარტებს არ შეესაბამება, რის გამოც მუსიკალური ტელეარხები კლიპების დაცენზურებულ ვერსიებს გადასცემენ, ან მათი ეთერში გაშვებისგან საერთოდ თავს იკავებენ. 

ჩვენს დღევანდელ სიაში სწორედ სატელევიზიო არხების მიერ შავ სიაში შეტანილ ათ მუსიკალურ ვიდეოს წარმოგიდგენთ. 

🚫 18+

10. Duran Duran - Girls on Film (1981)

ბრიტანული სინთპოპ ბენდის კომპოზიციაზე Girls on Film გადაღებული ვიდეორგოლი პერვერსიული სცენებითა და დაუფარავი სიშიშვლით იყო სავსე. ის MTV-ის ეთერში გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა და პირველი იყო, რომელიც ამ მუსიკალური არხის შავ სიაში აღმოჩნდა. ამერიკული ტელეკომპანიის მესვეურები ნამუშევრის მხოლოდ საგრძნობლად რედაქტირებული ვერსიის გადაცემას დათანხმდნენ, სამშობლოში კი კოლექტივს ვერც ამან უშველა. BBC-მ თავის ეთერში კლიპის ნებისმიერი ფორმით ტრანსლირებაზე მტკიცე უარი განაცხადა.

9. Queen - I Want to Break Free (1984)

მაკიაჟიანი და კაბებში გამოწყობილი მამაკაცების ეკრანზე გამოჩენა გასული საუკუნის 80-იან წლებში გაცილებით დიდ აჟიოტაჟს იწვევდა, ვიდრე ახლა. ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის, Queen-ის წევრებმა კომპოზიციაზე I Want to Break Free გადაღებულ ვიდეორგოლში, რომელიც პოპულარულ სერიალს Coronation Street პაროდირებდა, დიასახლისებისთვის სტერეოტიპულად დამახასიათებელი ტანისამოსი მოირგეს. ამის გამო, MTV-მ კლიპის საკუთარ ეთერში გაშვებისგან თავი შეიკავა, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმღერის კომერციული ჩავარდნა განაპირობა. 

8. Motörhead - Killed By Death (1984)

ბრიტანული ჰევი მეტალ ბენდის, Motörhead-ის კომპოზიციაზე Killed By Death შექმნილი ვიდეორგოლის რეჟისორობა პანკ კოლექტივის Plasmatics მენეჯერმა, როდ სვენსონმა ითავა, რამაც ნამუშევარს მისთვის ჩვეული, კონტროვერსიული ესთეტიკა შემატა. კლიპის ერთ-ერთ სცენაში ჯგუფის ფრონტმენი, ლემი კილმისტერი ელექტროსკამზე კვდება, რაც MTV-ის სტანდარტებთან შეუთავასებელი აღმოჩნდა. ტელეარხის წარმომადგენელთა განცხადებით,  მუსიკალური ვიდეო უაზრო და შოკისმომგვრელი ძალადობის დემონსტრირების გამო დაიბლოკა.

7. N.W.A - Straight Outta Compton (1989)

ამერიკულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა, რომლის შემადგენლობაშიც ჟანრის მომავალი ლეგენდები Dr. Dre, Ice Cube და Eazy-E შედიოდნენ, პოლიციის წინააღმდეგ მიმართული და რადიკალური შინაარსის მოწოდებებით სავსე ჩანაწერების წყალობით "პლანეტის ყველაზე საშიში ჯგუფის" სახელი დაიმკვიდრა და თავის დროზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ყურადღებაც კი მიიპყრო. MTV-ის შავ სიაში ჯგუფის მიერ საკულტო კომპოზიციაზე Straight Outta Compton გადაღებული ვიდეორგოლი მოხვდა, რის მიზეზადაც ძალადობის პროპაგანდა და კადრში ცეცხლსასროლი იარაღის ჩვენება დასახელდა.

6. Madonna - Justify My Love (1990)

პოპის დედოფალმა კარიერის დასაწყისშივე იცოდა, რომ პოპულარობის მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი კონტროვერსიის გამოწვევა იყო. მისი პროვოკაციული ვიდეორგოლები ამა თუ იმ ტელეარხის შავ სიაში არაერთხელ აღმოჩენილა, თუმცა ეს მათ მიმართ მაყურებელთა ინტერესს მხოლოდ ზრდიდა. განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა მადონას კომპოზიციაზე Justify My Love შექმნილმა, სადომაზოხისტული ესთეტიკითა და სექსუალური ფეტიშებით სავსე კლიპმა გამოიწვია, რომელიც MTV-მ საკუთარ ეთერში დაბლოკა.

5. Soundgarden - Jesus Christ Pose (1991)

ამერიკული გრანჟ კოლექტივის მიერ კომპოზიციაზე Jesus Christ Pose გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს ქრისტიანების აღშფოთება მოჰყვა. კლიპში ნაჩვენებია ჯვრები, რომელთაგან ზოგიერთზე ნახევრად შიშველი ქალია გაკრული, ზოგზე ჩონჩხი, ზოგზე კი ბოსტნეულით შექმნილი, ადამიანის მსგავსი ფიგურები. ნამუშევარმა ფანატიკოს მორწმუნეებში იმდენად დიდი აგრესია გამოიწვია, რომ ჯგუფის წევრებმა სიკვდილის მუქარის შემცველი წერილებიც კი მიიღეს. MTV-მ კლიპი სასწრაფოდ შავ სიაში შეიყვანა და საკუთარ ეთერში არასდროს გაუშვია.

4. Nine Inch Nails - Happiness in Slavery (1994)

ამერიკული ინდასტრიალ კოლექტივის, Nine Inch Nails-ის ვიდეორგოლები პირქუში, შოკისმომგვრელი და კონტროვერსიული ესთეტიკით გამოირჩევა. პრინციპში, ისევე, როგორც მათი მუსიკა და ტექსტები. ამ მხრივ ყოველგვარ ზღვარს მუსიკოსებმა კომპოზიციაზე Happiness in Slavery შექმნილ კლიპში გადააბიჯეს, რომელშიც წამებისა და ძალადობის სიურრეალისტურ სცენებს დაუფარავი სიშიშვლე და სექსუალურ პერვერსიებზე მინიშნებები დაემატა. ალბათ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ნამუშევარი გამოსვლითანავე ტელეარხების დიდი ნაწილის შავ სიაში აღმოჩნდა.

3. The Prodigy - Smack My Bitch Up (1997)

ბრიტანული ელექტრონული კოლექტივის კომპოზიციაზე Smack My Bitch Up შექმნილი ვიდეორგოლი პირველი პირის პერსპექტივიდანაა გადაღებული და ნარკოტიკების მოხმარების, სექსისა და ვანდალიზმის ამსახველ სცენებთან ერთად, მასში ქალებზე ფიზიკური ძალადობის კადრებიცაა შესული. ნამუშევარმა ფემინისტთა აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც ჯგუფის წევრები მიზოგინიაში დაადანაშაულეს. MTV-მ კი საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. ტელეარხმა კლიპი თან შავ სიაში შეიყვანა, თანაც 1998 წელს გამართულ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე ორ ნომინაციაში გამარჯვება მიანიჭა.

2. Foo Fighters - Low (2003)

ამერიკული ალტერნატიული როკ ბენდის ვიდეოკლიპები ხშირად კომიკურ და ეპატაჟურ ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით დიდი ხმაური ჯგუფის მიერ კომპოზიციაზე Low გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც ქალის საცვლებში გამოწყობილი ვოკალისტი, დეივ გროლი და ჯგუფ Tenacious D-ის წევრი, მუსიკოსი და მსახიობი, ჯეკ ბლექი სექსუალური აქტის სიმულირებას ახდენენ. MTV-ის წარმომადგენლები არტისტების იუმორის გრძნობით დიდად აღფრთოვანებულნი არ დარჩენილან და ნამუშევრის საკუთარ ეთერში გაშვებაზე უარი განაცხადეს.

1. Marilyn Manson - s(AINT) (2003)

უცნაური იქნებოდა, ამ სიაში მერილინ მენსონი და მისი ვიდეორგოლები რომ ვერ მოხვედრილიყო. შოკისმომგვრელი იმიჯით ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი კომპოზიციაზე s(AINT) გადაღებულ კლიპში სხეულს ისახიჩრებს, კოკაინს პირდაპირ ბიბლიიდან იყნოსავს და ეროტიკული ხასიათის სცენებში იღებს მონაწილეობას. ვიდეო იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ არტისტს ნამუშევრის პრომოუშენზე უარი თავისივე ლეიბლმა განუცხადა, ტელეარხებს კი მის შავ სიაში შესაყვანად ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული