Thumbnail

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქენდრიქ დევისი, ფსევდონიმით Jeru The Damaja, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ემსიმ ახალი კომპოზიცია Power და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ჯერუ ამერიკაში აფროამერიკელთა ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე საუბრობს.

ნახეთ: Jeru The Damaja გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა

ჯერუს თქმით, ის თაყვანისმცემლებს ახალ კომპოზიციას ყოველთვიურად შესთავაზებს.

ჯერუმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე რეპერმა სახელი იმ დროისთვის უკვე ცნობილ ჰიპ ჰოპ დუეტთან Gang Star თანამშრომლობით გაითქვა. მან მონაწილეობა "გენგ სთარის" 1992 წლის ალბომის Daily Operation კომპოზიციაში I'm The Man მიიღო და მსმენელის მოწონებაც დაიმსახურა.

1994 წელს ბრუკლინელი ემსის სადებიუტო ალბომი The Sun Rises In The East გამოიცა, რომლის კომპოზიციების პროდიუსერი ლეგენდარული დიჯეი პრემიერი გახლდათ. სტუდიურმა ნამუშევარმა ახალბედა არტისტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 2013 წელს ციფრულმა პლატფორმამ About.com (Dotdash) ჩანაწერი 1990-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა.

1997 წელს ჯერუმ მორიგი ნამუშევარი Wrath Of The Math გამოაქვეყნა, რომელმაც მუსიკის კრიტიკოსებისგან კვლავაც დადებითი შეფასება დაიმსახურა. მას შემდეგ ვეტერანმა შემსრულებელმა კიდევ 3 ალბომი გამოუშვა. ბოლო მათგანი Still Rising გაყიდვაში 2007 წელს ჩაეშვა. 2016 წელს ნიუ იორკელი მუსიკოსი საქართველოს ესტუმრა და თაყვანისმცემლების წინაშე კლუბ "მტკვარის" სცენაზე წარდგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული