Thumbnail

მოუსმინეთ: ქანიე ვესთმა Forbes-თან სამი ფრისტაილი წაიკითხა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბიზნესჟურნალი Forbes გავლენიან ჩიკაგოელ ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან ოთხსაათიანი სატელეფონო ინტერვიუს დროს ჩაწერილ ფრისტაილებს ავრცელებს, რომლებშიც რეპერი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საკუთარ ცოლზე, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანსა და თავის ოჯახზე საუბრობს. ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებს ანტირასისტული დემონსტრაციების დროს თეთრი სახლის უსაფრთხოების ბუნკერში დამალვის გამო.

"მხეცის ნიშანია" - ქანიე ვესთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია

ქანიე ვესთი: პრეზიდენტად ვიყრი კენჭს, რადგან აშშ-ის პოტენციალს რეალიზება სჭირდება

პირველ, ორწუთიან აუდიოჩანაწერში ქანიე ამბობს:

"ეს გამოიწვია კოვიდმა, მთელი ეს სიძულვილი... ეს გამოიწვია კოვიდმა, მთელი ეს ტკივილი... რას იტყვით, ბუნკერებში დამალვა რომ შევწყვიტოთ და ნამდვილი კაცები გავხდეთ? ჩვენ ბევრის მიღწევას ვაპირებთ, დიახ, ჩვენ ვიქნებით, კრის, ჩვენ ბევრის მიღწევას ვაპირებთ, რობერტ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. კრის...კარდაშიანი...რობ...კარდაშიანი", - ახსენებს რეპერი კიმ კარდაშიანსა და მის მშობლებს.

"28 შტატში ჯერ კიდევ არსებობს სიკვდილით დასჯა. არ უნდა კლავდეთ, ადამიანის სისხლს არ უნდა ღვრიდეთ", - ამბობს ქანიე მომდევნო ფრისტაილში.

მესამე აუდიოჩანაწერში კი "ფორბსის" ჟურნალისტი ჩაერთო, რომელმაც ქანიეს მიმართა:

"მგონი, საპრეზიდენტო კამპანიისთვის შესაფერისი სიმღერა მივიღეთ".

"ამაზე ბევრად მეტს მივიღებთ", - უპასუხა მას რეპერმა.

შეგახსენებთ, რომ ქანიე ვესთმა 4 ივლისს ტვიტერზე დაწერა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას. "ფორბსთან" ინტერვიუში კი საკუთარ გეგმებსა და შეხედულებებზე უფრო ვრცლად ისაუბრა. ის ღიად გაემიჯნა ტრამპს, რომელსაც აქამდე მხარს უჭერდა. ასევე, კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ გამოვიდა და მას "მხეცის ნიშანი" უწოდა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული