Thumbnail

ლეგენდარული მუსიკოსები შემოქმედება ათწლეულებს უძლებს და არაერთი თაობის მსმენელთა სიყვარულს იმსახურებს. ბევრი ვარსკვლავი კი, რომელიც სცენაზე პირველად ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, დღემდე აქტიურად მოღვაწეობს და თაყვანისმცემლებს ახალი პროექტებითაც ანებივრებს.  

ჩვენს სტატიაში სწორედ 70 წლის ასაკს გადაცილებულ 10 ლეგენდარულ არტისტს შეხვდებით და ნახავთ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი შემოქმედებითი კარიერის დასაწყისში და როგორები არიან ახლა.

პოლ მაკკარტნი

78 წლის პოლ მაკკარტნიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1957 წელს დაიწყო, The Beatles-ის დაშლის შემდეგ კი კარიერა დამოუკიდებლად განაგრძო. ლეგენდარულ მუსიკოსს 25 სოლო ალბომი აქვს გამოცემული. მათგან უკანასკნელში Egypt Station შესული სიმღერები მან ნიუ იორკში გამართულ კონცერტზე შეასრულა.

დევიდ გილმორი

74 წლის დევიდ გილმორმა მუსიკალური კარიერა 1963 წელს დაიწყო. ლეგენდარულ Pink Floyd-თან ერთად ამ დროისთვის უკანასკნელი ნამუშევარი The Endless River შემსრულებელმა 2014 წელს გაავრცელა, ერთი წლის შემდეგ კი თაყვანისმცემლებს თავისი რიგით მეოთხე სოლო ალბომი Rattle That Lock შესთავაზა.

ელტონ ჯონი

სადებიუტო ალბომი Empty Sky ელტონ ჯონმა 1969 წელს გამოუშვა და მას შემდეგ 300 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. დღეს მუსიკოსი უკვე 73 წლისაა, თუმცა კარიერას წარმატებით აგრძელებს და 2020 წელს ბიოგრაფიული ფილმისთვის Rocketman შექმნილი სიმღერით (I'm Gonna) Love Me Again ოსკარიც მოიგო.

შერი

74 წლის შერილინ სარკისიანმა მუსიკალური კარიერა 1963 წელს დაიწყო. პირველ წარმატებას მან ქმართან, სონი ბონოსთან ერთად შესრულებული სიმღერით I Got You Baby მიაღწია. ამ დრომდე პოპვარსკვლავს 26 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მის მიერ გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა კი 100 მილიონს აჭარბებს. 

მიკ ჯაგერი

76 წლის მიკ ჯაგერმა მუსიკალური კარიერა 1962 წელს დაიწყო. შარშან ლეგენდარული The Rolling Stones-ის ვოკალისტს გულზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, თუმცა სულ რაღაც სამი თვის შემდეგ შემსრულებელი სცენას ჩვეული ენერგიით დაუბრუნდა და ეს არაჩვეულებრივი პერფორმანსი შემოგვთავაზა. 

სტივენ ტაილერი

72 წლის სტივენ ტაილერმა მუსიკალური კარიერა 1970 წელს დაიწყო. Aerosmith-ის ვოკალისტმა კოლექტივთან ერთად 15 სტუდიური ალბომი ჩაწერა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც დაიმკვიდრა ადგილი, 2019 წელს კი კოლეგებთან ერთად ახალი ტურნე სახელწოდებით Deuces Are Wild წამოიწყო. 

ბობ დილანი

79 წლის ბობ დილანმა შემოქმედებითი კარიერა 1961 წელს დაიწყო, წელს კი თავისი 39-ე სტუდიური ალბომი Rough and Rowdy Ways გამოუშვა. 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია, ფლობს გრემის 10 ჯილდოს, ოსკარს, პულიცერისა და ნობელის პრემიებს.

თინა თერნერი

თინა თერნერმა შემოქმედებითი კარიერა 1958 წლიდან დაიწყო. ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა და 12 გრემის მფლობელიც გახლავთ. 80 წლის მუსიკოსი 2009 წლიდან კონცერტებს აღარ ატარებს, თუმცა მალე მისი რიგით მესამე წიგნი Happiness Becomes You გამოიცემა. 

ოზი ოსბორნი

ლეგენდარულმა მუსიკოსმა შემოქმედებითი კარიერა 1967 წელს დაიწყო, Black Sabbath-იდან წასვლის შემდეგ კი წარმატებული სოლო ნამუშევრებით დაგვამახსოვრა თავი. 71 წლის ასაკში ოზიმ ახალი ალბომი Ordinary Man გაავრცელა, რომლის სიმღერაც Under the Graveyard მისი ახალგაზრდობის რთულ პერიოდზე მოგვითხრობს. 

რობერტ პლანტი

ლეგენდარული Led Zeppelin-ის ვოკალისტმა მუსიკალური კარიერა 1965 წელს დაიწყო და ჯგუფთან ერთად არაერთი არაჩვეულებრივი ნამუშევარიც შემოგვთავაზა. დღეს რობერტ პლანტი 71 წლისაა, თუმცა აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას აგრძელებს და შარშან ახალი ბენდიც კი შექმნა, რომელსაც Saving Grace ეწოდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული