Thumbnail

"მხეცის ნიშანია" - ქანიე ვესთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბიზნესჟურნალში Forbes გავლენიანი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის ინტერვიუ დაიბეჭდა. როგორც ცნობილია, მუსიკოსი წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. გეგმებზე საუბრისას რეპერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ამჟამინდელ პირველ პირს, დონალდ ტრამპს მხარს აღარ უჭერს. ამის მიზეზად ის ანტირასისტული დემონსტრაციებისას თეთრი სახლის უსაფრთხოების ბუნკერში პრეზიდენტის დამალვას ასახელებს.

ნახეთ: ქანიე ვესთისა და ტრევის სკოტის ახალი კლიპი Wash Us In The Blood

"ეს ყველაფერი ჩემთვის ერთი დიდი ქაოსია. არ მომწონს, ბუნკერში რომ დაიმალა", - აღნიშნა მან.

ქანიეს თქმით, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის და უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები.

"ღმერთმა მომცა ნიშანი, რომ ამის დრო მოვიდა. დემოკრატების და რესპუბლიკელების სახელით არ ვიყრი კენჭს. Birthday Party-ს ბანერის ქვეშ წარვმართავ კამპანიას, რადგან ჩემი გამარჯვება სიახლის დასაწყისი იქნება. ილონ მასკს ჩვენი კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელობა შევთავაზე, ის და ჩემი ცოლი, კიმ კარდაშიანი არიან ადამიანები, რომლებისგანაც რჩევებს ვიღებ. ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი კი უაიომინგის პასტორი, მიშელ ტიდბოლი იქნება. რესპუბლიკელების სახელით ვიყრიდი კენჭს, მათთან დონალდ ტრამპი რომ არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან იქაა, დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები", - განაცხადა ქანიემ.

ქანიე ილონ მასკთან ერთად

ინტერვიუში მუსიკოსმა გაამხილა, რომ თებერვალში კორონავირუსი გადაიტანა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია.

"ვაქცინაციის გამო იმდენი ბავშვია პარალიზებული. ასე რომ, როცა ამბობენ კორონავირუსს ვაქცინით უნდა გავუმკლავდეთო, ძალიან ვფრთხილობ. ეს ხომ მხეცის ნიშანია. მათ უნდათ, ჩიპები ჩაგვიყენონ, ისეთი რაღაცები გაგვიკეთონ, რომ სამოთხის კარიბჭე ვერ გადავკვეთოთ. ამ ადამიანებს დემონები ჰყავთ ჩასახლებული. გამოსავალი ლოცვაშია. უნდა შევწყვიტოთ ისეთი რაღაცების კეთება, რაც ღმერთს გაანაწყენებს", - აღნიშნა ქანიემ.

ჰიპ ჰოპ არტისტმა კორონავირუსით ინფიცირების პერიოდიც გაიხსენა:

"ციება, საწოლში კანკალი, ცხელი შხაპის მიღება და ვიდეოების ყურება, რომლებშიც მასწავლიდნენ, როგორ უნდა გავმკლავებოდი ამ ყველაფერს. მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, დრეიქს აქვს კორონავირუსიო, ჩემი პასუხი კი იყო - ის ვერ იქნება იმაზე ავად, ვიდრე მე".

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული