Thumbnail

ცნობილი გახდა მიზეზი, თუ რატომ დატოვა ტომ მეიგანმა ჯგუფი Kasabian

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ბრიტანული ინდი როკ ჯგუფის Kasabian ფრონტმენმა, ტომ მეიგანმა ახლახან ბენდი დატოვა. კოლექტივის ინფორმაციით, ამის მიზეზი მუსიკოსის პირადი პრობლემები გახდა, თუმცა, მათ მომხდარზე დეტალურად არ უსაუბრიათ. ჯგუფის განცხადების გავრცელებიდან ერთ დღეში გამართული სასამართლო პროცესიდან კი გაირკვა, რომ არტისტებს შორის უთანხმოება მეიგანის მიერ თავის საცოლეზე, ვიკი ეიჯერზე ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია.

ჯგუფი Kasabian ფრონტმენმა, ტომ მეიგანმა დატოვა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ ლესტერის სასამართლოში მყოფი მეიგანი თავდაპირველად ბრალდებას უარყოფდა, თუმცა, ვიდეოჩანაწერების წარდგენის შემდეგ, მან კადრების ჩვენების შეწყვეტა ითხოვა და დანაშაული აღიარა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 9 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტომ მეიგანი ვიკი ეიჯერს თავს დაესხა, ძირს დააგდო და მუშტთან ერთად მძიმე საგანიც ჩაარტყა, რის შემდეგაც ქალს სხეულზე შეშუპებები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ამასთან, ძალადობას შეესწრო ბავშვი, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.

მოსამართლემ არტისტს 18 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, სარებილიტაციო ცენტრში მკურნალობა და სასამართლო ხარჯების გადახდა დააკისრა.

მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯგუფმა Kasabian კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა და მუსიკოსის ქმედებას საჯაროდ გაემიჯნა:

"ბენდის არც ერთ წევრს სურდა, რომ ეს მომხდარიყო. ბოლო 23 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს ვმუშაობდით და უამრავი საერთო გეგმა გვქონდა. ძალიან გულდაწყვეტილები და იმედგაცრუებულები ვართ. იძულებულები გავხდით, ტომისთვის ბენდის დატოვება გვეთხოვა, რადგანაც ნებისმიერი სახის ძალადობა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც მომხდარის შესახებ გავიგეთ, მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასთან მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდით. ამ ინფორმაციას არ ვასაჯაროებდით, რადგან გვეგონა, ტომი ყველაფერს აღიარებდა და განცხადებას თავად გაავრცელებდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის".

ტომ მეიგანმა, სერჯიო პიცორნოსთან, კრის კარლოვთან და კრის ედვარდსმა ინდი როკ ჯგუფი Kasabian ქალაქ ლესტერში, 1997 წელს შექმნა. 2004 წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. მეიგანს ბენდის ექვსივე სტუდიური ნამუშევრის ჩაწერაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული