Thumbnail

1969 წელს გამოსული 10 საუკეთესო მუსიკალური ალბომი

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

1960-იანი წლები დასავლური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო მონაკვეთია. საპროტესტო მოძრაობებისა და სექსუალური რევოლუციის ეპოქამ ადამიანებზე წარუშლელი კვალი დატოვა და მათ დრომოჭმული ღირებულებების გადახედვისკენ უბიძგა.

ნახე სრული ფლეილისტი

1969 წლისთვის მშვიდობისა და სიყვარულის იდეალებზე დაფუძნებული ჰიპების კონტრკულტურა პოპულარობის პიკზე იყო, თუმცა უკვე ჩანდა იმის ნიშნები, რომ "ყვავილების შვილებს" დიდი მომავალი აღარ ეწერათ, ფსიქოდელიური ფერების მიღმა კი დამთრგუნველად ნაცრისფერი რეალობა იმალებოდა. ყველაფერმა ამან ასახვა იმდროინდელ მუსიკაზეც ჰპოვა. ცნობილმა არტისტებმა ათობით ეპოქალური ჩანაწერი გამოუშვეს, რომელთაგან ათ საუკეთესოს ჩვენს სიაში წარმოგიდგენთ.

10. The Who - Tommy

ლეგენდარული The Who-ს გიტარისტი, პიტ თაუნსენდი თავისი ბენდისთვის ახალ იდეებს ეძებდა, როდესაც მეგობარმა ინდოელი სულიერი ლიდერის, მეჰერ ბაბას შესახებ მოუთხრო. ცნობილი სპირიტუალისტის ფილოსოფიამ მუსიკოსი ისე გაიტაცა, რომ ახალი ნამუშევრის კონცეფცია სწორედ მისი მოძღვრების საფუძველზე მოხაზა. ასე შეიქმნა უკიდურესად ამბიციური პროექტი და მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი როკ-ოპერა, რომელმაც ჟანრის შემდგომ განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

Tommy უსინათლო, სმენადაქვეითებული და მუნჯი ბიჭუნას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც პინბოლში უნიკალურ შესაძლებლობებს ავლენს. 1969 წელს გამოსულმა ორმაგმა ალბომმა გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. მის საფუძველზე რეჟისორმა კენ რასელმა 1975 წელს მხატვრული ფილმიც გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი კოლექტივის ვოკალისტმა, როჯერ დოლტრიმ შეასრულა. დანარჩენ პერსონაჟებად კი, ბენდის წევრებთან ერთად, ისეთი მუსიკოსები მოგვევლინენ, როგორებიც ერიკ კლეპტონი, თინა ტერნერი და ელტონ ჯონი არიან.

9. Janis Joplin - I Got Dem Ol' Kozmic Blues Again Mama!

საკუთარი ქარიზმისა თუ ცხოვრების წესის წყალობით, 1960-იან წლებში ჯენის ჯოპლინი ჰიპების მოძრაობის იდეალებისა და ესთეტიკის ცოცხალ განსახიერებად იქცა. 1966 წელს შემსრულებელი ჯგუფს Big Brother and the Holding Company შეუერთდა, რის შემდეგაც მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია, თუმცა ჯენისს მოპოვებული წარმატებით ტკბობა არ დასცალდა. 27 წლის მუსიკოსი 1970 წელს გარდაიცვალა და ამ ასაკში დაღუპული არტისტების მრავალრიცხოვან  ჩამონათვალს შეუერთდა

ჯოპლინი საოცარი ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებული შემსრულებელი იყო, რომლის მძლავრ მეცო-სოპრანოს ათასობით სხვა მომღერალს შორის ძალზე მარტივად გამოარჩევთ. I Got Dem Ol' Kozmic Blues Again Mama! მის სიცოცხლეში გამოცემული ერთადერთი სოლო სტუდიური ალბომია, რომელშიც მუსიკოსის სტილი ფსიქოდელიური როკიდან არენბისა და სოულისკენ გადაიხარა. ამ ფაქტით იმედგაცრუებული კრიტიკოსების ნაწილმა თავის დროზე ეს ნამუშევარი დაიწუნა, თუმცა დღეს ის სრულიად სამართლიანად თავისი ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად მიიჩნევა.

8. Frank Zappa - Hot Rats

ფრენკ ზაპა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე არაორდინარული არტისტია. მისი მუსიკა საშემსრულებლო პროფესიონალიზმისა და საკომპოზიციო დიდოსტატობის საუკეთესო ნიმუში გახლდათ, სიმღერის ტექსტები, იმიჯი და ცხოვრებისეული ფილოსოფია კი სატირით, შავი იუმორითა და ირონიით იყო სავსე. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ცხადად ზაპას მიერ 1969 წელს გამოცემულ ალბომში Hot Rats გამოჩნდა - როკის, ჯაზ ფიუჟენის, ფანკისა და ბლუზის ეფექტურ ნაზავში, რომლის განსაკუთრებული ხიბლიც მისავე ექსცენტრიკულობაში მდგომარეობდა.

საკუთარ კარიერაში, დიდი ალბათობით, საუკეთესო ჩანაწერზე სამუშაოდ მუსიკოსმა სტუდიაში ძალზე ჭრელი და კოლორიტული გუნდი შეკრიბა, რომლის რიგებშიც 15 წლის ბასისტ შაგი ოტისსაც აღმოაჩენდით და ელექტრონული ვიოლინოს პიონერ დონ ჰარისსაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრენკის ბავშვობის მეგობრის, ცნობილი მარგინალისა და როკის ისტორიაში ყველაზე უცნაური ჩანაწერების ავტორის, დონ ვლიტის, იგივე Captain Beefheart-ის კონტრიბუცია, რომელმაც არტისტს პარტნიორობა კომპოზიციაში Willie the Pimp გაუწია.

7. Can - Monster Movie

გერმანიაში აღმოცენებული მუსიკალური მიმდინარეობის, კრაუტროკის ერთ-ერთი საფლაგმანო ბენდი Can ქალაქ კიოლნში 1968 წელს ჩამოყალიბდა. მისი პირველი ვოკალისტი ამერიკელი მოქანდაკე, პოეტი და მომღერალი, მალკოლმ მუნი იყო, რომელიც შეერთებული შტატებიდან ვიეტნამის ომში გაწვევისგან თავის ასარიდებლად გამოიქცა. სამწუხაროდ, ორ წელიწადში ფსიქოდელიურმა რიტმებმა მის მენტალურ მდგომარეობაზე იმდენად უარყოფითად იმოქმედა, რომ ექიმების რჩევით, ჯგუფის შემადგენლობა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მანამდე კოლექტივის სადებიუტო ალბომის The Monster Movie ჩაწერაში მოასწრო მონაწილეობის მიღება.

საგულისხმოა, რომ Can-ის ადრეული დემო ჩანაწერები ადგილობრივმა ლეიბლებმა მათი უჩვეულო ჟღერადობის გამო დაიწუნეს. სწორედ ამიტომ, ახალი ნამუშევარი ბენდის წევრთა მხრიდან უფრო კონვენციური მუსიკის შექმნის მცდელობა იყო. რამდენად გამოუვიდათ ეს მუსიკოსებს, თავად განსაჯეთ, მე კი გეტყვით, რომ Monster Movie უაღრესად შთამბეჭდავი და საინტერესო ალბომია, რომელიც ადასტურებს, რომ 1960-იანი წლების როკ მუსიკა მხოლოდ ბრიტანული და ამერიკული სცენით არ შემოიფარგლებოდა.

6. The Stooges - The Stooges

1960-იანი წლების მეორე ნახევარში ფსიქოდელიური, სერფ და გარაჟ როკიდან ნელ-ნელა პანკის საფუძვლები გამოიკვეთა. ამაში განსაკუთრებული წვლილი 1967 წელს მიჩიგანში ჩამოყალიბებულ კოლექტივს The Stooges მიუძღვის, რომლის შემოქმედებაც მანამდე არნახული ენერგიით, აგრესიითა და ქაოტურობით გამოირჩეოდა. სწორედ მათ დაამკვიდრეს ხაზგასმული პრიმიტიულობის ის ფორმულა, რომელიც მოგვიანებით Ramones-მა, Sex Pistols-მა, The Clash-მა და სხვა ლეგენდარულმა პანკ ბენდებმა გამოიყენეს. განსაკუთრებით კონტროვერსიული ჯგუფის კონცერტები გახლდათ, რომელთა დროსაც მისი ფრონტმენი, იგი პოპი საკუთარი ქცევით აუდიტორიას შოკში აგდებდა.

ბენდისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო სტუდიური ნამუშევრის პროდიუსერად ლეგენდარული The Velvet Underground-ის წევრი, ჯონ კეილი მოგვევლინა. ალბომის ბრუტალურ, პირქუშ ჟღერადობას სექსუალური პერვერსიებით, ნიჰილიზმითა და ხაზგასმული ანტი-ინტელექტუალიზმით სავსე ლირიკა ემატებოდა. მსგავსი იდეები 60-იანების როკ სცენისთვის დიდად უცხო არ იყო, თუმცა ასეთი ექსტრემალური, აღვირახსნილი და მძაფრი ფორმით მათ თავი მხოლოდ The Stooges-ის ნამუშევრებში იჩინეს.

5. The Rolling Stones - Let It Bleed

1960-იან წლებში დასავლელი მუსიკოსების დიდი ნაწილი ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობაში ჩაერთო, რის შედეგადაც მათ შემოქმედებაში არაერთი პაციფისტური სულისკვეთების კომპოზიცია გაჩნდა. ამ ტენდენციამ The Rollings Stones-ის მერვე სტუდიურ ალბომზეც Let It Bleed მოახდინა გავლენა. ეს ნამუშევარი უკანასკნელი აღმოჩნდა მისი გიტარისტის, ბრაიან ჯონსისთვის. საკულტო მუსიკოსმა ჯგუფის შემადგენლობა ჯერ კიდევ ალბომის ჩაწერის პროცესში დატოვა, 1969 წლის 3 ივლისს კი ის ბურუსით მოცულ ვითარებაში გარდაიცვალა და ჯენის ჯოპლინის მსგავსად ოცდაშვიდიანელთა კლუბს შეუერთდა.

ბრაიან ჯონსი მიკ ტეილორმა ჩაანაცვლა, რომლის დახმარებითაც "როლინგებმა" თავის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერი შექმნეს. ალბომი არაერთი შესანიშნავი კომპოზიციითაა დაკომპლექტებული, რომელთა შორის You Can't Always Get What You Want და Gimme Shelter განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. პირველი ჯაგერისა და რიჩარდსის სონგრაითერული დუეტის გამორჩეულად შთამბეჭდავი ნამუშევარია, მეორე კი, დიდი ალბათობით, საუკეთესო სიმღერა, რომელიც ვიეტნამის ომის შესახებ დაწერილა.

4. Miles Davis - In a Silent Way

ლეგენდარულმა ჯაზმენმა ამ ალბომით საკუთარ შემოქმედებაში ფიუჟენის ეტაპს დაუდო საფუძველი და ჟანრში სრულიად ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა. უეინ შორტერთან, ჯონ მაკლაფლინთან, ჩიკ კორიასთან, ჰერბი ჰენკოკთან, ჯო ზავინულთან, დეივ ჰოლანდთან და ტონი უილიამსთან ერთად შექმნილი ნამუშევარი ორი კომპოზიციისგან შედგება, რომელთგანაც თითოეული პროდიუსერმა თეო მასერომ ოთხი სხვადასხვა ტრეკის (Shhh, Peaceful, In a Silent Way, It's About That Time) მონაკვეთების შეერთებითა და გადაადგილებით ააწყო. ასეთი პრაქტიკა იმ ეპოქაში არა მხოლოდ ჯაზში, არამედ მსგავსი ინოვაციებისადმი გაცილებით ლიბერალურად განწყობილ ჟანრებშიც კი იშვიათობას წარმოადგენდა.

თუმცა, ჭეშმარიტი ერესი ალბომის ჟღერადობაში იმალებოდა. მისი ელექტრონული ბგერები და ატმოსფერული ტექსტურები არაფერს ჰგავდა, რაც მაშინ ჯაზში იქმნებოდა. მაილსმა დროს განსაკუთრებით ჩანაწერის მეორე ნაწილში გაუსწრო, სადაც პოსტ როკისა და ემბიენთის პასაჟებსაც ვაწყდებით. ნამუშევარი მუსიკოსის მიერ მომდევნო წელს გამოცემული ეპოქალური ალბომის Bitches Brew ერთგვარი პრელუდიაა და მისი მოსმენისას მხოლოდ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ მთელი ეს არაამქვეყნიური მუსიკა სულ რაღაც სამ საათში, ერთადერთი სტუდიური სესიის შედეგად ჩაიწერა.

3. Led Zeppelin - Led Zeppelin I

ლეგენდარულმა ბრიტანულმა კოლექტივმა 1969 წელს ორი სტუდიური ალბომი გამოსცა, რომლებსაც Led Zeppelin I და Led Zeppelin II უწოდეს. ჩვენს სიაში მოხვედრას ორივე ეს ჩანაწერი იმსახურებს, თუმცა იმის გამო, რომ თითოულ პოზიციაზე მხოლოდ ერთი არტისტია წარმოდგენილი, არჩევანი ჯგუფის სადებიუტო ნამუშევარზე შევაჩერეთ, რომელმაც როკ მუსიკაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

ალბომში შესული ჩანაწერების უდიდესი ნაწილი ბლუზისა თუ ფოლკის ჟანრებში შექმნილი კომპოზიციების ქავერებია. უნდა აღნიშნოს, რომ თავდაპირველად მუსიკოსებს ორიგინალი ვერსიების შემქმნელთა მოხსენიებით თავი დიდად არ შეუწუხებიათ და საავტორო უფლებებიც მათ მხოლოდ წლების შემდეგ გადაუნაწილეს, თუმცა ინოვაციური საკომპოზიციო იდეები ნამდვილად არ არის ის, რამაც Led Zeppelin I-ს ჟანრში ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრის სტატუსი მოუპოვა. აქ მთავარი მისი ეპოქისთვის უჩვეულოდ მძიმე, დრაივიანი და ენერგიული ჟღერადობაა, რომელიც ჰარდ როკის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად იქცა და ჰევი მეტალის საფუძვლების ჩაყრაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

2. King Crimson - In the Court of the Crimson King

1960-იან წლებში როკ არტისტებს უფრო კომპლექსური და ინტელექტუალური ნამუშევრების შექმნის ამბიცია გაუჩნდათ, რისი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორიც გაცილებით აკადემიურ და ავტორიტეტულ კლასიკურ მუსიკასთან და ჯაზთან გატოლების სურვილი იყო. ამ ტენდენციამ პროგრესივ როკ სცენის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რომლის წარმომადგენლებიდანაც ზემოხსენებულ მიზანს გამორჩეული წარმატებით King Crimson-მა მიაღწია.

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გიტარისტის, რობერტ ფრიპის ხელმძღვანელობით მოღვაწე კოლექტივის წევრები ერთ ალბომში ხშირად იმდენ ორიგინალურ მუსიკალურ იდეას უყრიდნენ თავს, რამდენსაც სხვა სახელოვანი ბენდები მთელ კარიერას ანდომებდნენ. ლეგენდარული ჯგუფის დისკოგრაფია ძალზე შთამბეჭდავი და ეკლექტურია, თუმცა მუსიკის ისტორიაში ყველაზე ღრმა კვალი სწორედ სადებიუტო ჩანაწერმა დატოვა. ამ ნამუშევარით King Crimson-მა ჟანრს ახალი დეფინიცია შესძინა და მისი საზღვრები საგრძნობლად გააფართოვა, მითოლოგიურ ფაბულაზე დაფუძნებული ლირიკით კი, საკუთარი ეპოქის შიზოფრენიული რეალობის აღწერის გარდა, მომავალში განვითარებულ მოვლენებიც იწინასწარმეტყველა. 

1. The Beatles - Abbey Road

ბრიტანული კოლექტივის ეს სტუდიური ჩანაწერი არა მხოლოდ 1969 წლის, არამედ ყველა დროის საუკეთესო ალბომის წოდებაზეც თამამად აცხადებს პრეტენზიას. ამის გათვალისწინებით, ძალზე უცნაურია ის გარემოება, რომ Abbey Road-ის გამოსვლას თავის დროზე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. კრიტიკის დიდი ნაწილი სინთეზატორების ჭარბ გამოყენებასა და სტუდიურ ნამუშევარში ცოცხალი პერფორმანსის სიმულირების მცდელობას შეეხებოდა, თუმცა ეს ის ექსპერიმენტები იყო, რომლებიც მოგვიანებით როკისა თუ სხვა მიმდინარეობების ათასობით წარმომადგენელმა აითვისა. რაც შეეხება ალბომში შესულ კომპოზიციებს, ვეჭვობთ, რომ მათ დიდი წარდგენა არ სჭირდებათ. Here Comes the Sun, Because, Come Together, SomethingI Want You (She's So Heavy) - აქ ხომ უკვდავ, თაობების ჰიმნებად ქცეულ სიმღერებთან გვაქვს საქმე.

12-გზის პლატინის სტატუსის მფლობელ, კულტურულ ფენომენად ქცეულ ნამუშევარში თითქოს ყველა ის მუსიკალური თუ იდეოლოგიური ღირებულებაა თავმოყრილი, რამაც The Beatles ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან კოლექტივად აქცია. ალბომის დასკვნითი კომპოზიციის The End სახელწოდებამ კი ძალაუნებურად სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. ეს სწორედ ის სიმღერა გახდა, რომლის ჩასაწერადაც ლივერპულური ოთხეულის ყველა წევრი სტუდიაში ერთად უკანასკნელად შეიკრიბა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული