Thumbnail

ლინდსი ელი: 13 წლის ვიყავი, როცა პირველად გამაუპატიურეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა ქანთრი მუსიკოსმა, ლინდსი ელმა გამოცემა People-თან საუბარში გაამხილა, რომ 13 და 21 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მუსიკოსის თქმით, როცა პირველად გააუპატიურეს, მომხდარის გამჟღავნება ვერ გაბედა, რადგანაც ეგონა, რომ საზოგადოება მას გაამტყუნებდა.

"13 წლის გამაუპატიურეს. მეორედ კი ეს 21 წლის ასაკში მოხდა. ძალიან რთული გასახსენებელია. ისეთი რამეა, რის გადახარშვასაც დღემდე ვცდილობ. იმ კაცს ჩემი ოჯახი იცნობდა, ერთ ეკლესიაში დავდიოდით. ძალიან დაბნეული ვიყავი. ვიფიქრე, რომ ყველა განმსჯიდა. მეგონა, ცხოვრება დამენგრა. მშობლებს მხოლოდ მაშინ გავუმხილე მომხდარი, როცა 20 წლის გავხდი. ისინი ამ ამბავმა შეძრა. დამეხმარნენ, ამ ამბისთვის თავი ისე დამეღწია, რომ არაჯანსაღი საშუალებებისთვის არ მიმემართა.

მალევე ეს განმეორდა. ბევრად ძალადობრივი შემთხვევა იყო. ემოციურად კიდევ უფრო ძნელად გავუმკლავდი. საკუთარ სხეულთან უცნაური დამოკიდებულება გამიჩნდა, რადგან თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი. წლების შემდეგ ვირჯინიის შტატში ორგანიზაციას Youth for Tomorrow ვესტუმრე, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებს ეხმარებოდა. 12 წლის გოგონების წინ დავჯექი და ყველაფერი მოვყევი. რაც უფრო გულახდილი ვიყავი მათთან, მით უფრო თამამად ყვებოდნენ საკუთარ ისტორიებს. შეხვედრიდან რომ გამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიმაღლეში 3 მეტრი ვიყავი", - იხსენებს ლინდსი.

მუსიკოსი მომხდარის შესახებ ახალგავრცელებულ ტრეკში Make You მღერის, რომლის მიტევების საერთაშორისო დღეს, 7 ივლისს დაამთხვია.

"ამ სიმღერაში გაუპატიურების პირველ შემთხვევაზეა საუბარი. მინდოდა, ის მიტევების დღეს გამევრცელებინა. რაც არ უნდა იყოს, დიდი საქმეა, ვაპატიოთ ადამიანებს, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის პატიება შევძლოთ. ამის გარეშე იარები ვერ მოშუშდება. ახლა ამაზე საუბარი ჩემთვის 13 და 21 წლის ლინდსის გათავისუფლების ტოლფასია. ტკივილს არ უნდა მისცე შენი მართვის საშუალება", - ამბობს ის.

ტრეკი არტისტის მომავალ ალბომში Heart theory იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 14 აგვისტოს ჩაეშვება.

It's gonna make you hate yourself, When you didn't hate yourself at all.
It's gonna make you build a fortress, Where you never had a wall.

"საკუთარ თავს შეგაზიზღებს მაშინ, როცა შენი თავი სულაც არ გძულდა,
ციხე-სიმაგრეს აგაშენებინებს, როცა კედელიც არ აგიშენებია".

ლინდსი ელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 17 წლის ასაკში დაიწყო. 2008 წელს მუსიკოსმა ბლუზ გიტარისტ ბადი გაისთან ერთად ტურნე გამართა. 2017 წელს ლინდსიმ პირველი სრულმეტრაჟიანი სტუდიური ნამუშევარი The Project გამოუშვა, რომელიც ბილბორდის ქანთრი ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა. მომდევნო წელს მან ჰოკეის ნაციონალური ლიგის ოლ სტარზე აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული