Thumbnail

ნახეთ: ქეთი მელუა ალბომზე Album No. 8 მუშაობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი, ქეთი მელუა მომავალ სტუდიურ ჩანაწერზე Album No. 8 მუშაობის ამსახველ პირველ ვიდეოს ავრცელებს. თბილისსა და ლონდონში გადაღებულ კადრებში ქეთი ქრონოლოგიურად აღწერს, როგორ მიმდინარეობდა ალბომის ჩაწერა.

ნახეთ: ქეთი მელუა კომპოზიციაზე A Love Like That გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ვიდეო სტუდია Lenø Records-ში გადაღებული კადრებით იხსნება. სწორედ აქ ჩაიწერა შემსრულებლის კომპოზიციებისთვის საორკესტრო არანჟირებები. მაყურებელი სტუდიაშივე იხილავს გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელ თეონა ცირამუას, რომელთანაც მელუა ალბომზე In Winter მუშაობდა.

"სამი წელი დამჭირდა შესაფერისი პროდიუსერისა და კომპოზიციების შესარჩევად. ბევრ სონგრაითერთან მითანამშრომლია, მაგრამ, როდესაც საქმე ტექსტებს ეხება, ერთადერთ პარტნიორად საკუთარი თავი მესახება. ამის შემდეგ იყო მიქსინგი, როცა საქმე ალბომის ყდაზე მიდგა, გადავწყვიტეთ, პორტრეტი სელფის სახით გადამეღო, რათა ის ისეთივე პერსონალური ყოფილიყო, როგორც ალბომში შესული სიმღერები", - ჰყვება ქეთი ვიდეოში.

სტუდიური ჩანაწერის სინგლი A Love Like That მომღერალმა 30 ივნისს გამოსცა. ალბომი კი გაყიდვაში 16 ოქტომბერს ჩაეშვება. ეს პირველი ორიგინალური კომპოზიციებისგან შემდგარი ნამუშევარია, რომელსაც მომღერალი 2016 წლის In Winter-ის შემდეგ გამოუშვებს. 2019 წლის დეკემბერში მუსიკოსმა საკონცერტო ალბომი Live In Concert, 2018 წელს კი კომპილაციური ჩანაწერი Ultimate Collection გაავრცელა.

ქართველმა მომღერალმა კარიერა 2003 წელს დაიწყო. ქეთი ორი Echo Awards-ის (გერმანიის გრემად წოდებული მუსიკალური ჯილდო) მფლობელია. პოპვარსკვლავს 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სოლო კონცერტისთვის მელუა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული