Thumbnail

თბილისში ლენი კრავიცის კონცერტი აღარ გაიმართება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

2021 წლის 29 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის კონცერტი აღარ ჩატარდება. არტისტმა მსოფლიო ტურნე Here To Love მთლიანად გააუქმა. ამის შესახებ განცხადება კრავიცმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

ნახეთ: ლენი კრავიცი კომპოზიციის Ride კლიპს ავრცელებს

ნახეთ: ლენი კრავიცი სიმღერის Here To Love კლიპს ავრცელებს

"ჩემო ევროპელო მეგობრებო, მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემი მსოფლიო ტურნეს Here To Love ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებს ვაუქმებ. მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი, ჩემი ბენდის წევრებისა და ღონისძიებების პერსონალის ჯანმრთელობაა. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ერთმანეთს შევხვდებით. გვიყვარდეს ერთმანეთი", - წერს მუსიკოსი.

 

ბილეთების მფლობელებს თანხა 15 ივლისიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნდებათ.

მომღერალმა, მულტიინსტრუმენტალისტმა და მსახიობმა ლეონარდ ალბერტ კრავიცმა მუსიკალური მოღვაწეობა 1981 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე 11 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 1999-2002 წლებში კრავიცმა საუკეთესო მამაკაცი როკ ვოკალისტის კატეგორიაში ზედიზედ ოთხი გრემი მოიპოვა, რაც ამ ნომინაციისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

როკის, ფანკის, ბლუზის, სოულის, არენბის, ჯაზის, რეგეისა და ფოლკის ჟანრებში მოღვაწე შემსრულებელს სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: მადონა, დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი, სტივენ ტაილერი და სხვები. მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: I Belong To You, American Woman, Again და Fly Away.

კომენტარები

ბოლოს დამატებული