Thumbnail

ენიო მორიკონეს გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

91 წლის ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის და დირიჟორის, ენიო მორიკონეს გარდაცვალებას მუსიკოსები, მსახიობები და სხვა ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, რომ არტისტის სიკვდილის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მისი დაცემა და მოტეხილობის შედეგად გამოწვეული გართულებები გახდა.

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა

ამერიკელმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ, რომლის ფილმისთვის The Hateful Eight შექმნილი მუსიკით მორიკონემ 2016 წელს ოსკარი მოიპოვა, ტვიტერზე ფოტო გააზიარა წარწერით:

"მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს".

გერმანელი კომპოზიტორი, ჰანს ციმერი ტვიტერზე მორიკონესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს ტექსტით:

"ენიო. პირველივე ჩანაწერმა, რომელიც მისგან მოვისმინე, სამუდამოდ დამატყვევა. ჩემით არ გადამიწყვეტია კინოკომპოზიტორობა. ეს ჩემ ნაცვლად ენიომ და რეჟისორმა სერჯო ლეონემ გააკეთეს, როცა საკუთარ მაგიას მაზიარეს. ენიომ მასწავლა, რომ მარტივი, სუფთა და უბრალო მელოდიის შექმნა ყველაზე რთულია".

კომპოზიტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა ამერიკული მეტალ ჯგუფის, Metallica-ს ვოკალისტი, ჯეიმს ჰეტფილდი. აღსანიშნავია, რომ კოლექტივს მორიკონეს ცნობილი ნაწარმოები The Ecstasy of Gold აქვს დაქავერებული.

"ჯადოსნური იყო ის დღე, როცა 1983 წელს The Ecstasy of Gold პირველად შევასრულეთ. ეს მელოდია ათასჯერ მიმღერია, რომ სცენაზე გასვლამდე სახმო იოგები გამეხურებინა. მადლობა ენიო, რომ ენერგიას გვაძლევდი, ჩვენი შთაგონების მნიშვნელოვანი წყარო იყავი და ბენდს, ჩვენი გუნდის წევრებსა და ფანებს ერთმანეთთან გვაკავშირებდი. სამუდამოდ "მეტალიკას" ოჯახის წევრად დარჩები. მშვიდად განისვენე, მაესტრო მორიკონე", - დაწერა ჰეტფილდმა ინსტაგრამზე.

ბრიტანულმა ელექტრონულმა დუეტმა Goldfrapp პლატფორმა Spotify-ზე მორიკონეს შემოქმედებიდან რჩეული კომპოზიციების ფლეილისტი შეადგინა.

"ენიო მორიკონეს გარდაცვალება ძალიან საწყენია. ის Goldfrapp-ისთვისაც უდიდესი ინსპირაციის წყარო იყო, განსაკუთრებით ალბომზე Felt Mountain მუშაობისას", - წერს ჯგუფი ტვიტერზე.

კომპოზიტორს გამოემშვიდობა ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ჯონათან ბენეტი, ფსევდონიმით Chance The Rapper.

"მშვიდად განისვენე, ენიო მორიკონე", - დაწერა მან ტვიტერზე და კომპოზიტორის ნაწარმოები The Crisis გააზიარა.

ელექტრონული მუსიკის პიონერი, ფრანგი კომპოზიტორი, ჟან მიშელ ჟარი ტვიტერზე აღნიშნავს:

"ენიო მორიკონე - უნიკალური ჟღერადობა, საუცხოო მელოდიები, შთაგონების უშრეტი წყარო. სიყვარული და პატივისცემა".

ინგლისური ტრიპ ჰოპ ჯგუფი Massive Attack ტვიტერზე მორიკონეს მიერ ფილმისთვის The Battle of Algiers დაწერილ მუსიკალურ თემას აზიარებს წარწერით:

"მშვიდობით, ენიო - გენიალური კომპოზიტორი".

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის New Order ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ფრონტმენის, ბერნარდ სამნერის განცხადება გავრცელდა:

"ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი მუსიკალური გმირი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა. პირველი ალბომი, რომელიც შევიძინე, სწორედ მისი იყო. ის უმშვენიერეს, ემოციურ მუსიკას ქმნიდა და მელოდიის ოსტატი იყო".

ეპოქალური მუსიკოსის გარდაცვალებას გამოეხმაურა ესპანელი მსახიობი და რეჟისორი, ანტონიო ბანდერასიც. აღსანიშნავია, რომ ის პედრო ალმოდოვარის ფილმში Tie Me Up! Tie Me Down! მონაწილეობს, რომლის მუსიკალური თემაც მორიკონეს ეკუთვნის.

"დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით კინემატოგრაფიის დიდ ოსტატს. მისი მუსიკა მუდმივად დარჩება ჩვენს მოგონებებში. მშვიდად განისვენე, ენიო მორიკონე", - წერს ბანდერასი.

ბრიტანელი რეჟისორი, ედგარ რაითი კი აღნიშნავს:

"რითი შეიძლება, დაიწყო საკულტო კომპოზიტორზე, ენიო მორიკონეზე საუბარი? მას შეეძლო, ექცია საშუალო დონის ფილმი აუცილებლად საყურებლად, კარგი კინოსურათი ხელოვნებად, დიდებული ნამუშევარი კი ლეგენდარულად. მთელი ჩემი ცხოვრებაა, მას ვუსმენ. მაინც როგორი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მშვიდად განისვენე".

კომპოზიტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე:

"ჩვენ ყოველთვის დიდი მადლიერებით გავიხსენებთ მაესტრო ენიო მორიკონეს გენიას, რომელიც ოცნებებით გვავსებდა, გვაღელვებდა და გვაფიქრებდა. მან ისეთი ნაწარმოებები შექმნა, რომლებიც წარუშლელად დარჩება მუსიკისა და კინოს ისტორიაში".

კომენტარები

ბოლოს დამატებული