Thumbnail

ფილმს, რომელშიც პერის ჯექსონი იესოს განასახიერებს, პროტესტი მოჰყვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

რეჟისორ ჯანელ შირთქლიფის კინოსურათის Habit აკრძალვის მოთხოვნით ვებგვერდზე change.org პეტიცია გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს 300 ათასზე მეტი ადამიანი აწერს. ფილმში ამერიკელი მოდელი, მსახიობი და მუსიკოსი, პერის ჯექსონი მონაწილეობს, რომელიც იესო ქრისტეს როლში გვევლინება, მთავარ როლს კი მსახიობი და მომღერალი, ბელა ტორნი ასრულებს. ეს უკანასკნელი, სცენარის თანახმად, წვეულებების მოყვარულ გოგონას თამაშობს, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სახიფათო გარიგებაში გაეხვევა და საკუთარი თავის შესანიღბად მონაზვნის ფორმაში გამოეწყობა. მაყურებელი ფილმში აგრეთვე იხილავს როკ მუსიკოს გევინ როსდეილს და ტრანსგენდერ მოდელ ანდრეა პეჟიჩს. პეტიციის ხელმომწერთა მტკიცებით, კინოსურათი მკრეხელურია და მისი გავრცელება დაუშვებელია.

პერის ჯექსონი: მამამ ბავშვობაშივე შემატყო, რომ გოგონები მომწონდა

მოუსმინეთ: პერის ჯექსონის პროექტმა Soundflowers სადებიუტო ნამუშევარი გაავრცელა

"მალე ახალი მკრეხელური ჰოლივუდური ფილმის გამოსვლა იგეგმება, რომელშიც იესო ქრისტე ლესბოსელ ქალად იქნება წარმოჩენილი. მანამ ფილმი დისტრიბუციაში ჩაშვებულა, ყველა გავერთიანდეთ, რომ ხალხს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ანტიქრისტიანული ნაგვის შესახებ", - ნათქვამია პეტიციის ავტორების მიმართვაში.

ჟურნალ Variety-ს ინფორმაციით, ფილმის გადაღებები შემოდგომაზე დასრულდა, მისი გამოსვლის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. გამოცემისვე ცნობით, პრესრელიზითა და სარეკლამო მასალებით არ დასტურდება, რომ ნამუშევარში პერისი ლესბოსელ იესო ქრისტეს განასახიერებს.

პერის ჯექსონი ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის შვილი გახლავთ. 2018 წელს წელს მან შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. პერისი გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული