Thumbnail

ქანიე ვესთი: პრეზიდენტად ვიყრი კენჭს, რადგან აშშ-ის პოტენციალს რეალიზება სჭირდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ განცხადება რეპერმა 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გააკეთა.

ნახეთ: ქანიე ვესთისა და ტრევის სკოტის ახალი კლიპი Wash Us In The Blood

"დროა, ღვთის რწმენით ამერიკის პოტენციალის სრული რეალიზაცია მოვახდინოთ, ჩვენი ხედვების გაერთიანებითა და მომავლის შენებით. აშშ-ის პრეზიდენტად ვიყრი კენჭს", - დაწერა არტისტმა ტვიტერზე ჰეშთეგით #2020VISION.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ვესთს გამოეხმაურა, ქანიეს ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი გახლდათ. მან ქმრის პოსტი აშშ-ის დროშის თანხლებით გააზიარა.

მუსიკოსის გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მორიგ ნაბიჯად შეაფასა, ნაწილმა კი რეპერს თანადგომა ამოუცხადა.

"ჩემგან სრული მხარდაჭერა გაქვს", - მიმართა ამერიკული კორპორაციის SpaceX დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ქანიეს.

"Ye პრეზიდენტად", - მეტსახელით მოიხსენია რეპერი ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, Ty Dolla Sign-მა.

"ამით პოტენციურად აკლდება ხმები იმ ერთადერთ კანდიდატს, რომელსაც ტრამპის დამარცხება შეუძლია. საბოლოო ჯამში შენ არაფერი შეგეხება, რადგან მდიდარი ხარ და ტრამპის მმართველობის მორიგ ოთხ წელს გადაურჩები. კარგი რა!", - მიმართა ბრიტანული ინდი პოპ ბენდის, Ghosts-ის ფრონტმენმა, ერიკ ბალფურმა ვესთს.

"თუ ქანიე ამ გზით ალბომის პრომოუშენს არ ცდილობს და მართლაც აპირებს პრეზიდენტად კენჭისყრას, მაშინ ამის რეალური მიზეზი დემოკრატების ხმების დაყოფაა, რათა ჯო ბაიდენს ამომრჩევლები მოაკლდეს და ტრამპი ისევ პრეზიდენტი გახდეს. რა სიბინძურეა", - აღნიშნა ამერიკელმა ჟურნალისტმა და ყოფილმა დიჯეიმ, DJ Vlad-მა.

"ნათელია, ქანიე ვესთი ტრამპის სასოწარკვეთილი გეგმის ნაწილია, რომ ბაიდენს ხმები წაართვას. იმედია, ამერიკელები ამაზე არ წამოეგებიან", - დაწერა ტვიტერზე კომიკოსმა და მუსიკოსმა, ჩიპ ფრანკლინმა.

"ჩემი გამოანგარიშებით, სულ მცირე 9 შტატია, რომლებშიც უკვე ძალიან დაგვიანებულია დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენა", - წერს Yahoo News-ის ჟურნალისტი, ჰანტერ უოქერი.

ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა რეპერის განცხადებას მიმები მიუძღვნა.

"თუ ქანიე პრეზიდენტი გახდება...".

"კრის ჯენერი ამერიკის დაპყრობის გეგმის განხორციელებისას მას შემდეგ, რაც ქანიე პრეზიდენტი გახდება", - წერენ ტვიტერზე რეპერის სიდედრზე.

აღსანიშნავია, რომ ქანიე ვესთმა, რომელიც დონალდ ტრამპის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია, წარსულშიც არაერთხელ გამოთქვა პრეზიდენტობის სურვილი. ის არჩევნებში კენჭისყრას 2024 წელს აპირებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული