Thumbnail

ნაომი კემპბელმა გაიხსენა, როგორ სთხოვა მაიკლ ჯექსონმა კლიპში In the Closet მონაწილეობა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მოდელმა, ნაომი კემპბელმა პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, Lil Wayne-ის რადიოგადაცემაში Young Money Radio ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოს მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობა გაიხსენა. როგორც მოგეხსენებათ, ნაომი ჯექსონის 1992 წელს გავრცელებულ კლიპში In the Closet მონაწილეობს.

რატომ აიკრძალა მაიკლ ჯექსონის კლიპის In the Closet ჩვენება სამხრეთ აფრიკაში

"როდესაც მაიკლმა დამირეკა და კლიპში გადაღება შემომთავაზა, ვუპასუხე: დიდი მადლობა, მაგრამ შენს ვიდეოში მონაწილეობას ვერ მივიღებ, რადგან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. პარიზში 30-მდე ჩვენება მაქვს დაგეგმილი და მათ ვერ გავაუქმებ-მეთქი. მაიკლმა მითხრა, რომ ამ ჩვენებების ჰონორარს თავად გადამიხდიდა, მე კი უნდა მივსულიყავი და მასთან ერთად ვიდეორგოლზე მემუშავა. გადაღებებზე ბევრი ვიხალისეთ. ბავშვებივით ვიქცეოდით და ბევრს ვიცინოდით. ჯექსონი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო", - იხსენებს ნაომი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კლიპში მომღერალ მადონას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, როგორც მაიკლის მეგობარი, მუსიკოსი და პროდიუსერი Babyface იხსენებს, მადონამ სანაცვლოდ ბევრი მოთხოვნა წამოაყენა, რის გამოც ჯექსონმა მისი ნაომი კემპბელით ჩანაცვლება გადაწყვიტა.

In the Closet შემსრულებლის მერვე ალბომში Dangerous სინგლის სახით არის წარმოდგენილი. კომპოზიცია წყვილის ფარულ სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს. სიმღერაში ქალის ვოკალურ პარტიას მონაკოს პრინცესა, სტეფანია ასრულებს.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული