Thumbnail

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც იტალიური გაზეთი La Repubblica იუწყება, სიკვდილის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მუსიკოსის დაცემა და მოტეხილობის შედეგად გამოწვეული გართულებები გახდა.

ინფორმაცია მორიკონეს გარდაცვალების შესახებ მისი ოჯახის ადვოკატმა, ჯორჯო ასუმუმ დაადასტურა:

"ენიო მორიკონე 6 ივლისს, გამთენიისას გარდაიცვალა. ის ბოლომდე საღ გონებაზე იყო და ღირსეულად შეხვდა აღსასრულს".

ენიო მორიკონე 1928 წელს რომში დაიბადა. არტისტმა განათლება იტალიის სანტა სესილიას კონსერვატორიაში მიიღო. ის კლასიკური მუსიკის განხრით იყო სპეციალიზებული, თუმცა, 50-იან წლებში პოპ მომღერლებთანაც თანამშრომლობდა არანჟირების მიმართულებით. 1966 წელს მისი და მომღერალ Mina-ს ერთობლივი ნამუშევარი Se Telefonando იტალიაში ჰიტად იქცა. მისი, როგორც კინოკომპოზიტორის დებიუტი 1961 წელს სურათში Il federale შედგა. ათეულობით წლების განმავლობაში კომპოზიტორს ფილმებისა თუ ტელევიზიისთვის 400-ზე მეტი მუსიკალური თემა აქვს დაწერილი. მას საყოველთაო აღიარება კინოსურათებისთვის "ერთხელ ამერიკაში", "კარგი, ცუდი, ბოროტი", "რამდენიმე დოლარით მეტი" შექმნილმა ნაწარმოებებმა მოუტანეს.

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ექვსგზის ნომინირებულ მუსიკოსს 2006 წელს საპატიო ოსკარი გადაეცა კინომუსიკის ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. ის მეორე კომპოზიტორი გახდა დაჯილდოების ისტორიაში, რომელმაც საკუთარი მოღვაწეობით ასეთი დაფასება დაიმსახურა. 2015 წელს კი რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის The Hateful Eight შექმნილი მუსიკალური თემით სახელოვანმა არტისტმა საუკეთესო ორიგინალური მუსიკის კატეგორიაში გაიმარჯვა.

მორიკონე, რომელიც, მსოფლიო მასშტაბით, არაერთ ცნობილ რეჟისორთან თანამშრომლობდა, უპირატესობას რომში მუშაობას ანიჭებდა. მოღვაწეობის ბოლო წლებში ის უმეტესად კლასიკურ მუსიკას ქმნიდა სიმფონიური ორკესტრების, გუნდებისა და სოლო არტისტებისთვის. მაესტრომ 2018 წელს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გამართა კონცერტი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული