Thumbnail

პოლ მაკკარტნი: ჯონი ხვდებოდა, სიმღერით How Do You Sleep? როგორ ტკივილს მომაყენებდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles არსებობის ბოლო წლებში ჯონ ლენონსა და პოლ მაკკარტნის შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა კოლექტივის დაშლის შემდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ლენონმა მიიჩნია, რომ მაკკარტნი 1971 წლის ალბომში Ram შესულ კომპოზიციებში Too Many People და 3 Legs მასა და მის ცოლს, იოკო ონოს აკრიტიკებდა, პოლს პასუხი სიმღერაში How Do You Sleep? გასცა.

ნახეთ: ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი სიმღერის How Do You Sleep? ჩაწერისას

The Beatles-ის 9 სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონს სძულდა

"ის არანორმალურები მართლები იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ შენ მოკვდი.
შეცდომა, რომელიც დაუშვი, შენვე მოიფიქრე.
როგორ გძინავს ღამ-ღამობით?
მათ გარემოცვაში ცხოვრობ, ვინც დაგარწმუნა, რომ მეფე იყავი.
ახტი, როდესაც დედიკო რაიმეს გეტყვის.
ერთადერთი, რაც გამოგივიდა Yesterday-ია,
რაც წახვედი, Another Day ხარ.
ლამაზმა სახემ შესაძლოა, ერთი-ორი წელი გიშველოს,
მაგრამ ძალიან მალე გამოჩნდება, რეალურად რის გაკეთება შეგიძლია.
შენი მუსიკის ჟღერადობა ჩემი ყურებისთვის ძალიან მოსაბეზრებელია,
რაიმე მაინც ხომ უნდა გესწავლა ამ წლების განმავლობაში".

Those freaks was right when they said you was dead
The one mistake you made was in your head
How do you sleep?
How do you sleep at night?
You live with straights who tell you, you was king
Jump when your momma tell you anything
The only thing you done was yesterday
And since you've gone you're just another day
A pretty face may last a year or two
But pretty soon they'll see what you can do
The sound you make is muzak to my ears
You must have learned something in all those years.

1997 წელს გავრცელებულ ბიოგრაფიულ წიგნში Many Years From Now პოლმა გაიხსენა, რა რეაქცია ჰქონდა, როცა ამ სიმღერას მოუსმინა.

"მან ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა და იქიდან გამომდინარე, რომ ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ხვდებოდა, როგორ ტკივილს მომაყენებდა", - განაცხადა პოლმა.

How Do You Sleep?-ის გავრცელებიდან სამ თვეში პოლმა სიმღერა Dear Friend გამოუშვა. კომპოზიციაში, რომელიც პოლისა და მისი ცოლის, ლინდას ბენდის Wings სადებიუტო ალბომში Wild Life შევიდა, მუსიკოსი ჯონს მიმართავს:

"ძვირფასო მეგობარო, გადადგი ღვინო
მე მიყვარს ჩემი მეგობარი.
ნამდვილად და ჭეშმარიტად, ის ახალგაზრდაა და ახალდაქორწინებული
სულელი ხარ? ამ ყველაფერს მართლა ფიქრობ?".

Dear friend, throw the wine
I'm in love with a friend of mine
Really truly, young and newly wed
Are you a fool, or is it true?

1994 წელს პოლმა საკუთარი პროექტის The Club Sandwich Interview ფარგლებში განაცხადა:

"Dear Friend ჯონის შესახებ დავწერე. დარდი და პაექრობა არ მიყვარს. ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს. მას შემდეგ, რაც მან საზოგადოების წინაშე გამთელა, რაიმე უნდა მეპასუხა. ან მისთვის სახალხოდ უნდა დამერტყა - რაღაცამ შემაჩერა და ამის მადლობელი ვარ, ან რაიმე სხვა უნდა მეღონა. ასე რომ, ეს სიმღერა დავწერე იმის ნიშნად, რომ იარაღი დაგვეშვა".

პოლმა თავის ბიოგრაფიულ წიგნში ისიც აღიარა, რომ ჯონთან დაპირისპირებაში უკან დახევა იმიტომაც არჩია, რომ იცოდა, ამ ბრძოლას წააგებდა.

"ჩემი საქციელი ნაწილობრივ სიმხდალით იყო განპირობებული. ჯონი ძალიან გამჭრიახი ადამიანი იყო. უთანასწორო ბრძოლაში ჩართვა არ მსურდა. მთელი ის სიბინძურე, რაც მისგან წამოვიდა, უნდა ჩამეყლაპა. უნდა მიმეღო ის, რომ ჯონმა მითხრა, მხოლოდ ერთი სიმღერა გივარგაო", - აღნიშნა მან.

შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი პოლმა გადადგა, როცა 1974 წელს ჯონს ლოს ანჯელესში, სტუდია Burbank Studios-ში მოულოდნელად ეწვია. მუსიკოსებმა ამ პერიოდში იმუშავეს ჩანაწერზე A Toot and a Snore in '74. ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ერთადერთი სესიაა, რომელშიც ჯონმა და პოლმა "ბითლზის" დაშლის შემდეგ ერთად მიიღეს მონაწილეობა.

პოლ მაკკარტნი და ჯონ ლენონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრები 1960-70 წლებში იყვნენ. მათ მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. არტისტებმა 1962-დან 1970 წლამდე პერიოდში 180-მდე ერთობლივი კომპოზიცია გამოუშვეს, მათ შორის აღსანიშნავია Yesterday, Eleanor Rigby, Come Together, Hey Jude, All You Need Is Love და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული