Thumbnail

Kehlani-ს კლიპში გადაღებული Ferrari-ს დაზიანებაში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ მომღერალ Kehlani-ს ავტოგაქირავების კომპანია სასამართლოში უჩივის. მათი მტკიცებით, 25 წლის მუსიკოსმა 19 აპრილს Ferrari-ს მარკის ავტომობილი იქირავა, შემდეგ კი დაზიანებული დააბრუნა ისე, რომ ზარალი არ აუნაზღაურებია. გამოცემა The Blast-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სარჩელში ნათქვამია, რომ არტისტმა მათი სერვისით სარგებლობისას იცრუა, რომ ავტომობილი პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა, შემდეგ კი უნებართვოდ თავის კლიპში Open (Passionate) გადაიღო. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2017 წელს გამოშვებული "ფერარი" სწორედ გადასაღებ მოედანზე დაზიანდა.

მოუსმინეთ: Kehlani-მ ალბომი It Was Good Until It Wasn't გამოუშვა

"ის მანქანას უგულისყუროდ და წინდაუხედავად მართავდა, რა დროსაც ცხოველს და/ან გაურკვეველ ობიექტს შეეჯახა. შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მოგვაყენა", - ნათქვამია სარჩელში.

კომპანიის შეფასებით, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დაზიანების გამო ავტომობილი სხვა კლიენტებზე ვერ გააქირავეს, დაახლოებით 35 000 დოლარის ოდენობის შემოსავალი დაკარგეს. თავად მანქანის ღირებულება კი ბაზარზე $88 573-მდე შემცირდა. შემსრულებელს საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

მუსიკოსმა კომპოზიციაზე Open (Passionate) გადაღებული ვიდეორგოლი 8 მაისს გაავრცელა. ტრეკი მის ახალ, რიგით მეორე სტუდიურ ნამუშევარში It Was Good Until It Wasn't არის წარმოდგენილი.

ქეილანი პერიშმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Gangsta მოუტანა, რომელიც მან ფილმისთვის Suicide Squad დაწერა. ტრეკზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე თითქმის 300 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული