Thumbnail

რობი უილიამსი: ჰაიტიში თავის მოკვეთით დამემუქრნენ, არადა იქ დასახმარებლად ჩავედი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა პოდკასტ Postcards from the Edge-ში 2010 წელს ჰაიტიში სტუმრობა გაიხსენა, როდესაც მას თავის მოკვეთით დაემუქრნენ. ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, მუსიკოსი კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე თავის ცოლთან, აიდა ფილდთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის ამპლუაში საქველმოქმედო მიზნით ჩავიდა.

ნახეთ: Take That-მა რობი უილიამსთან ერთად ონლაინ კონცერტი გამართა

"ჰაიტიში თავის მოკვეთით დამემუქრნენ. არადა იქ დასახმარებლად ვიყავი ჩასული. აიდას ვუთხარი, მოდი, სხვა ქუჩაზე გადავიდეთ-მეთქი. ძალიან შეგვეშინდა. ამის შემდეგ მუდმივად ვუკვირდებოდი, სად შეიძლებოდა გავლა და სად არა. როდესაც მიწისძვრის შემდეგ ქალაქ ჟაკმელში ჩავედით, სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ, რა მძიმე სანახაობა დაგვხვდა - როგორ გაანადგურა ყველაფერი კატასტროფამ. არ მჯეროდა, თავი ფილმში მეგონა", - იხსენებს უილიამსი.

ჰაიტიში 2010 წლის იანვარში 7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რამაც 250 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა, 300 000-მდე დაშავდა, მილიონზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.

რობი უილიამსი ჰაიტიში 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ.

პოპულარული მანჩესტერული ბოიბენდის Take That წევრმა, რობი უილიამსმა სოლო კარიერა 1996 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს წარმატება ჯორჯ მაიკლის სიმღერის Freedom ქავერმა მოუტანა. არაერთი ჰიტის ავტორი 2006 წელს ერთ დღეში 1,6 მილიონი გაყიდული ბილეთით გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. 2016 წელს რობი საქართველოსაც ესტუმრა და "დინამო არენაზე" მსმენელების წინაშე სოლო კონცერტით წარდგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული