Thumbnail

ბრაიან მეი: საუკეთესო გიტარისტის წოდებას ჩემზე მეტად სხვები იმსახურებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა Total Guitar-მა ყველა დროის საუკეთესო გიტარისტის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. მკითხველების რჩეული ლეგენდარული Queen-ის გიტარისტი, ბრაიან მეი გახდა. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ისეთი მუსიკოსები იყვნენ წარდგენილი, როგორებიც არიან ჯიმი ჰენდრიქსი და Led Zeppelin-ის ჯიმი პეიჯი. მეის გამარჯვება ცნობილმა არტისტებმა, სტივ ვაიმ და ნუნო ბეტანკურმა მიულოცეს.

ბრაიან მეი: ფრედის ჩემი დაწერილი კომპოზიციები სულ სხვა დონეზე აჰყავდა

"ვულოცავ ბრაიან მეის. ჩემპიონი ხარ, მეგობარო. ძალიან გამიხარდა შენი წარმატება", - დაწერა სოციალურ ქსელში ნუნო ბეტანკურმა.

"გილოცავ, ბრაიან. ყოველთვის ჩემი გმირი იქნები", - მიმართა სტივ ვაიმ.

საუკეთესო გიტარისტად დასახელებას თავად მეი ინსტაგრამის გვერდზე გამოეხმაურა.

"დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო სტივ ვაისა და ნუნო ბეტანკურს მოლოცვისა და არაჩეულებრივი სიტყვებისთვის. ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს ჯილდო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ თავად გიტარისტებმა განაცხადეს, რომ ჩემმა დაკრულმა მათზე უფრო იმოქმედა, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსმა. მადლიერი ვარ Total Guitar-ის. თუმცა, გიტარის დაკვრაში ყველაზე კარგი ისაა, რომ აქ ცნება საუკეთესო არ არსებობს. ერთმანეთისგან ყველა განვსხვავდებით და ჩვენ-ჩვენი ნიშა გვაქვს. კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ არტისტთან ერთად მომიწია მუშაობა და ეს ყველაზე დიდი ჯილდოა. ჩემი აზრით, ამ წოდებას ყველა ჩემზე მეტად იმსახურებთ. თუმცა, მაინც ძალიან მიხარია და ამაყი ვარ", - წერს ბრაიან მეი.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული