Thumbnail

მუსიკის ისტორიაში არაერთი საინტერესო, სახალისო და უცნაური ფაქტი მოიძებნება, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თითქმის უცნობია. ჩვენს დღევანდელ სტატიაში მათგან ათს გაგაცნობთ.

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

2013 წლის 8 დეკემბერს Metallica მუსიკის ისტორიაში პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში კონცერტი დედამიწის ყველა კონტინენტზე ჩაატარა. Freeze ‘Em All - სწორედ ასე ეწოდება კოლექტივის მიერ ანტარქტიდაზე, კარლინის სამეცნიერო სადგურის ტერიტორიაზე 120 მსმენელისთვის გამართული ლაივის ჩანაწერს.

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

დაბადების დღის მისალოცმა ყველაზე ცნობილმა სიმღერამ Happy Birthday to You საჯარო ინტელექტუალური საკუთრების სტატუსი მხოლოდ 2017 წლიდან შეიძინა, მანამდე კი მისი მხატვრულ ფილმში გაჟღერება 10 ათასი დოლარი ჯდებოდა. ამერიკელი კომპოზიტორის, მილდრედ ჰილისა და მისი დის, პატის მიერ მე-19 საუკუნის მიწურულს დაწერილ კომპოზიციაზე უფლებებს კომპანია Warner Music Group ფლობდა და მისი საშუალებით წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ დოლარამდე შემოსავალს იღებდა. 

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

მხატვრული ფილმის "ტიტანიკი" მთავარი მუსიკალური თემა My Heart Will Go On სინამდვილეში დემო ჩანაწერია. კანადელმა ვარსკვლავმა, სელინ დიონმა საკუთარი პარტია პირველივე ჯერზე იმდენად ეფექტურად შეასრულა, რომ პროდიუსერებმა ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევა ზედმეტად ჩათვალეს. ჯეიმს კამერონის მიერ გადაღებულ, 11 "ოსკარის" მფლობელ სურათში კომპოზიციის სწორედ ეს, საცდელად ჩაწერილი ვერსია ჟღერს.

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

ცნობილი ინგლისური როკ ჯგუფის Def Leppard დრამერმა, რიკ ალენმა 1984 წელს ავტოკატასტროფაში მარცხენა ხელი დაკარგა, თუმცა ამას მისთვის კარიერის გაგრძელებაში ხელი არ შეუშლია. ალენმა, რომელმაც თავის დროზე მუსიკის გამო სკოლაც კი მიატოვა, არ დანებდა. მან საოცარი ნებისყოფა გამოავლინა, სპეციალურად მასზე ადაპტირებული დასარტყამი ინსტრუმენტების კომპლექტი დაამზადებინა და კოლექტივის შემადგენლობაში დღემდე წარმატებით მოღვაწეობს.

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ინსტრუმენტი ჰარმონიკა, იგივე ტუჩის გარმონი გახლავთ. ამ საკრავის უძველესი პროტოტიპი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულის ჩინეთში არსებობდა, თანამედროვეობაში ფართოდ დამკვიდრებული ფორმით კი ევროპაში, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა.

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებელი, ელვის პრესლი დაბადებიდან ქერა იყო. როკ-ენ-როლის მეფემ თმის შავად შეღებვა 1950-იანი წლებიდან, თავისი სპეციფიკური სასცენო იმიჯის უკეთ წარმოჩენის მიზნით დაიწყო, ბუნებრივ ფერს კი არასდროს დაბრუნებია.

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

ლეგენდარული Pink Floyd-ის მიერ 1973 წელს გამოცემული სტუდიური ჩანაწერი Dark Side of the Moon "ბილბორდის" ჩარტში ადგილს 741 კვირის განმავლობაში, 1988 წლამდე იკავებდა. დღემდე ნამუშევრის 45 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, რაც მას ისტორიაში კომერციული თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომად აქცევს.

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

იაპონიის ეროვნული ჰიმნის ტექსტი მსოფლიოში ყველაზე ძველი და ამავდროულად ყველაზე მოკლეა. ამომავალი მზის ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლო "კიმი გა იო" უცნობი ავტორის მიერ ჰეიანის პერიოდში (794-1185) ვაკას ტრადიციულ პოეტურ სტილში დაწერილ ლექსს ეფუძნება და სულ რაღაც 32 სიმბოლოსგან შედგება. მუსიკის ავტორები იოშიისა ოკუ და აკიმორი ჰაიაში არიან, არანჟირება კი ფრანც ეკერტს ეკუთვნის. 

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

ეპოქალური Fender Telecaster-ის შემქმნელმა, ლეო ფენდერმა თავად გიტარაზე დაკვრა არ იცოდა. ამერიკელი ინჟინრის მიერ 1950 წელს შექმნილი მოდელი პირველი ელექტროგიტარა იყო, რომელიც მასობრივ წარმოებაში ჩაეშვა. ის არაერთი საკულტო მუსიკოსის ფავორიტი ინსტრუმენტია, რომელთა რიცხვში The Rolling Stones-ის გიტარისტი, კით რიჩარდსიც შედის.

10 საინტერესო ფაქტი მუსიკის შესახებ

პოპულარული მუსიკოსი რიჩარდ მელვილ ჰოლი, იგივე Moby, ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჰერმან მელვილის ძმის შთამომავალია. სასცენო ფსევდონიმი არტისტმა სწორედ თავისი დიდი ბიძის გახმაურებული ნაწარმოების "მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი" გავლენით შეარჩია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული