Thumbnail

პერის ჯექსონი: მამამ ბავშვობაშივე შემატყო, რომ გოგონები მომწონდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა დოკუმენტური სერიალის Unfiltered: Paris Jackson and Gabriel Glenn პირველ ეპიზოდში საკუთარ სექსუალობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაიკლი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მას 8 წლის ასაკში გოგონებით დაინტერესება შეატყო.

მოუსმინეთ: პერის ჯექსონის პროექტმა Soundflowers სადებიუტო ნამუშევარი გაავრცელა

"მაშინ ცოტა დაბნეული ვიყავი, რადგან ტელევიზორში სულ ქალისა და კაცის წყვილს აჩვენებდნენ. ასე რომ, ჩემი ფიქრების ახსნა მიჭირდა. მამაჩემი მალევე მიხვდა, რაში იყო საქმე. მგონი, გარკვეული ენერგია იგრძნო, მეც ისევე მეხუმრებოდა, როგორც ჩემს ძმებს - მეგობარი გოგო გჭირდებაო. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ასეთ ასაკში მამისგან მხარდაჭერა მივიღე. მაშინ 8-9 წლის ვიქნებოდი", - აღნიშნა გოგონამ.

22 წლის პერისმა, რომელიც ამჟამად ბიჭს ხვდება, განმარტა, რომ პარტნიორის შერჩევისას ადამიანის პიროვნულ თვისებებს აქცევს ყურადღებას და არა სქესს.

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბოლოს ბიჭთან დავრჩებოდი. მეგონა, რომ გოგოზე ვიქორწინებდი, რადგან ბევრად მეტ ქალთან მქონია ურთიერთობა, ვიდრე კაცთან. არ მინდა, ჩემს თავს ბისექსუალი ვუწოდო, რადგან ეს ბევრად მეტია, ვიდრე ქალთან ან კაცთან ურთიერთობა. ისეთ ბიჭთანაც ვყოფილვარ, რომელსაც ვაგინა აქვს. ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემთვის მთავარი ადამიანის პიროვნული თვისებებია", - გაიხსენა პერისმა.

დოკუმენტური სერიალის Unfiltered: Paris Jackson and Gabriel Glenn პერისისა და მისი შეყვარებულის, გაბრიელ გლენის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისი მუსიკალური პარტნორიცაა.

პერისი მაიკლ ჯექსონს დები როუისთან ქორწინებიდან ჰყავს. 2018 წელს გოგონამ გაბრიელ გლენთან ერთად მუსიკალური პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა, რომელმაც ახლახან სადებიუტო EP გაავრცელა. მუსიკოსი გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული