Thumbnail

ბობ დილანმა ბილბორდის ჩარტში რეკორდი მოხსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ბობ დილანის ახალი, რიგით 39-ე სტუდიური ჩანაწერი Rough and Rowdy Ways აშშ-ში 53 000-იანი ტირაჟით გაიყიდა და სადებიუტო კვირაში ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოხვდა. ამ შედეგით 79 წლის დილანი პირველი არტისტი გახდა, რომელიც 1960 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყოველი დეკადის განმავლობაში, სულ მცირე ერთი ნამუშევრით მაინც ხვდებოდა ალბომების ჩარტის ორმოცეულში. ამასთან, Rough and Rowdy Ways დილანის 23-ე ალბომია, რომელმაც რეიტინგის პირველ ათეულში დაიკავა პოზიცია.

ბობ დილანი: The Rolling Stones-ის სიმღერები, რომლებიც სჯობდა, მე დამეწერა

ალბომს წინ უძღოდა მასში შესული სინგლის Murder Most Foul გავრცელება, რომელიც ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის შესახებაა დაწერილი. 17-წუთიანი ტრეკი ბილბორდის ჩარტის US Rock Digital Song Sales სათავეში მოექცა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მუსიკოსის არცერთი კომპოზიცია არ მოხვედრილა რომელიმე ჩარტის პირველ ადგილზე.

დილანის ბოლო სტუდიური ნამუშევარი უმაღლეს პოზიციაზე მყოფი ალბომია, რომელიც შემსრულებელს 2009 წლის Together Through Life-ის შემდეგ გამოუშვია. ამ უკანასკნელის დებიუტი მაშინ ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე შედგა. Rough and Rowdy Ways აგრეთვე არის პირველი ორიგინალური კომპოზიციებისგან შემდგარი ჩანაწერი, რომელიც არტისტმა ბოლო 8 წლის განმავლობაში გაავრცელა.

ამერიკელმა ფოლკ მუსიკოსმა, ბობ დილანმა კარიერა 1959 წელს დაიწყო. არტისტის პოპულარული სიმღერების დიდი ნაწილი 60-იან წლებშია დაწერილი. დილანს ამ ეპოქის თაობის ხმასაც უწოდებდნენ. მისი კომპოზიციები Blowin' in the Wind და The Times They Are a-Changin ადამიანის უფლებების დაცვისა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობების ჰიმნადაც კი იქცა.

11 გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ მუსიკოსს საერთო ჯამში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის ასლი აქვს გაყიდული. ამ შედეგით, ის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად რჩება. 2016 წელს დილანს მის მიერ დაწერილი სიმღერების ტექსტების გამო, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც გადასცეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული