Thumbnail

The Beatles-ის სიმღერა, რომელიც ჯორჯ ჰარისონმა დროის გასაყვანად დაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის დისკოგრაფია ასობით კომპოზიციას ითვლის. მათ დასაწერად კოლექტივის წევრებისთვის შთაგონების წყარო სხვადასხვა საინტერესო რამ ხდებოდა, თუმცა, ზოგჯერ სიმღერების უკან სულაც არ იდგა შთამბეჭდავი ისტორიები. მაგალითად, ჩანაწერი Blue Jay Way მისმა ავტორმა, ჯორჯ ჰარისონმა მხოლოდ იმიტომ შექმნა, რომ ლოდინში არ ჩასძინებოდა.

The Beatles-ის სიმღერა, რომელიც პოლ მაკკარტნიმ ფრენკ სინატრასთვის დაწერა

The Beatles-ის რომელი წევრი მღეროდა ყველაზე ხშირად ჯგუფის ალბომებში

როგორც "ბითლზის" გიტარისტი 1968 წელს, ჟურნალისტ ჰანდერ დევისთან ინტერვიუში იხსენებდა, სიმღერა მაშინ დაწერა, როდესაც ლონდონიდან ლოს ანჯელესში ახალი ჩაფრენილი, ჰოლივუდ ჰილსის რაიონში ნაქირავებ სახლში, პუბლიცისტ დერეკ ტეილორის სტუმრობას ელოდა.

"დერეკმა დამირეკა და მითხრა, მაგვიანდებაო. მივუთითე, სახლი ბლუ ჯეი ვეის ქუჩაზე მდებარეობს-მეთქი, რაზეც მომიგო, რომ ადვილად მოაგნებდა, რადგან ყოველთვის შეეძლო, პოლიციელისთვის ეკითხა მარშრუტი. კარგა ხანს ველოდე. ფრენის შემდეგ დაღლილი ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, მის მოსვლამდე არ დამეძინა. უკვე შებინდებული იყო, უფრო და უფრო ბნელდებოდა. რომ არ ჩამძინებოდა, ხუმრობით კომპოზიციის წერა დავიწყე იმის შესახებ, თუ როგორ ველოდი დერეკს. ოთახის კუთხეში პატარა ორღანი იდგა, რომელიც თავიდანვე არ შემინიშნავს. მასზე დაკვრა დავიწყე და ასე შეიქმნა სიმღერა", - ამბობდა ჯორჯი.

1967 წელს გამოშვებული კომპოზიცია ბენდის რიგით მეცხრე ალბომში Magical Mystery Tour, აგრეთვე ამავე დასახელების ორმაგ EP-სა და სატელევიზიო ფილმშია წარმოდგენილი. მის ჩაწერაში კოლექტივის ოთხივე წევრმა მიიღო მონაწილეობა.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული