Thumbnail

ამერიკაში ყოველწლიური დაჯილდოება BET Awards გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიება ვირტუალურად ჩატარდა და ტელეკომპანია CBS-ის პირდაპირი ეთერით გადაიცა. ცერემონიის ფარგლებში წინასწარ გადაღებული პერფორმანსი არაერთმა პოპულარულმა თუ ვეტერანმა მუსიკოსმა შემოგვთავაზა.

ნახეთ: 2020 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები

გავლენიანმა ლუიზიანელმა რეპერმა, ლილ უეინმა თავისი 2009 წლის კომპოზიცია Kobe Bryant შეასრულა. მუსიკოსმა პერფორმანსი მიმდინარე წელს ტრაგიკულად გარდაცვლილ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ უეინმა ტრეკის დასასრულს სპორტსმენის ოჯახის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, როდი რიჩმა, რომელმაც დაჯილდოებაზე "წლის ახალბედა არტისტის" ნომინაციაში გაიმარჯვა, ჰიტები High Fashion და The Box შეასრულა. კალიფორნიელის სტუდიურმა ნამუშევარმა Please Excuse Me For Being Antisocial წლის საუკეთესო ალბომის წოდება დაიმსახურა.

ახალგაზრდა ჰიუსტონელმა რეპერმა, Megan Thee Stallion-მა "საუკეთესო ქალი ჰიპ ჰოპ არტისტის" კატეგორიაში გაიმარჯვა. ნიკი მინაჟის მონაწილეობით შექმნილი ჩანაწერი Hot Girl Summer კი მსმენელთა რჩეული კომპოზიცია გახდა. სამხრეთელმა შემსრულებელმა დაჯილდოების მაყურებლებს სწორედ ეს ტრეკი და ბილბორდის ცხელი ასეულის პირველადგილოსანი Savage შესთავაზა.

"საუკეთესო მამაკაცი ჰიპ ჰოპ არტისტის" კატეგორიაში გამარჯვებულმა დაბეიბიმ პოპულარული კომპოზიცია Rockstar გააჟღერა. ჩრდილოკაროლინელის პერსფორმანსში მონაწილეობა როდი რიჩმაც მიიღო.

კალიფორნიელმა მუსიკოსებმა, ანდერსონ ფექმა და ჯეი როქმა მსმენელს ახლახან გავრცელებული კომპოზიცია Lockdown შესთავაზეს. კოლეგების ერთობლივი ნამუშევრის შთაგონების წყარო აშშ-ში თეთრკანიანი სამართალდამცველის, დერეკ შოვინის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გახდა.

ცერემონიაში მონაწილეობა ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ, Public Enemy-მაც მიიღო. მათ მსმენელს საპროტესტო კომპოზიცია შესთავაზეს. "ფაბლიქ ენემის" პერფორმანსს არაერთი ცნობილი მუსიკოსი შეუერთდა, მათ შორის: Nas, Black Thought, Rapsody და YG.

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული გაერთიანების Top Dawg Entertainment წარმომადგენელმა, სერმა კომპოზიციები Let Go და Black Habits იმღერა. მას აკომპანირება საკუთარმა ძმამ, რეპერმა დი სმოუქმა გაუწია.

15 გრემის მფლობელმა ალიშა ქისმა ღონისძიებაზე კომპოზიცია Perfect Way To Die შეასრულა.

არენბისა და სოულის ახალგაზრდა შემსრულებელმა, მასეგომ მსმენელს ტრეკი Queen Tingz შესთავაზა.

ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელმა მუსიკოსმა, ჯონ ლეჯენდმა ცერემონიაზე 2020 წლის ალბომში Bigger Love შესული კომპოზიცია Never Break გააჟღერა.

არენბის ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა, სამერ უოქერმა და აშერმა მსმენელს კომპოზიციები Session 32 და Come Thru შესთავაზეს.

ოსკაროსანმა მუსიკოსმა, ჯენიფერ ჰადსონმა ღონისძიებაზე ლეგენდარული კოლეგის, ნინა სიმონეს ცნობილი კომპოზიცია Young, Gifted & Black დააქავერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული