Thumbnail

ბილი აილიშმა ინსტაგრამზე ყველა გვერდის გამოწერა გააუქმა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია. 18 წლის გოგონა, რომლის გვერდსაც 64 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, სოციალურ ქსელს საკუთარ შეხედულებებზე სასაუბროდ ხშირად იყენებს. 24 ივნისს მისმა თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, რომ იმ გვერდების რაოდენობა, რომლებიც თავად ბილის ჰქონდა გამოწერილი, თანდათან იკლებდა, საბოლოოდ კი ნულს გაუტოლდა.

ნახეთ: ბილი აილიშის პოსტს ჩინელი თაყვანისმცემლების გაღიზიანება მოჰყვა

ბილი აილიში: 2018 წელს ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი

როგორც გოგონას თაყვანისმცემლები იხსენებენ, გამოწერების გაუქმებას წინ უძღოდა სთორი, რომლითაც ბილი ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას I Support You (მხარს გიჭერ) შეუერთდა.

"თუ ვინმე ისეთი მყავს გამოწერილი, ვისაც თქვენზე უძალადია, პირადში მომწერეთ და "ანფოლოუს" გავუკეთებ", - წერდა ის.

ფანების მტკიცებით, გოგონამ სთორი გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში წაშალა.

მალევე ტვიტერის ზოგიერთმა მომხმარებელმა შენიშნა, რომ ბილის კვლავ ჰყავდა გამოწერილი ცნობილი მუსიკოსი, კრის ბრაუნი, რომელმაც 2009 წელს მომღერალ რიანაზე იძალადა.

ცოტა ხანში კი ბილიმ გამოწერა გაუუქმა როგორც კრის ბრაუნს, ისე ჯასტინ ბიბერს, რომელიც ახლახან ორმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში. ასევე, მსახიობსა და მომღერალს, ენზელ ელგორტსა და გარდაცვლილ რეპერ XXXTentacion-ს. ცნობისთვის, ენზელი ცოტა ხნის წინ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა ქალმა, რომლის მტკიცებითაც, 17 წლის იყო, როცა მასზე იძალადეს. ტენტასიონმა კი სიკვდილამდე თავად აღიარა, რომ ორსული შეყვარებული სცემა.

ჯასტინ ბიბერი ორმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

შემსრულებელს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე საჯაროდ ჯერჯერობით არ უსაუბრია.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული