Thumbnail

ნახეთ: ბარსელონის ოპერის გახსნას ქოთნის მცენარეები დაასწრეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ოპერა Liceu პერფორმანსით გაიხსნა. მუსიკოსებმა 6 წუთის განმავლობაში იტალიელი კომპოზიტორის, ჯაკომო პუჩინის ნაწარმოები შეასრულეს. სკამებზე, მაყურებლების ნაცვლად, 2 292 მცენარე ქოთნით იყო განთავსებული. იდეის ავტორი ესპანელი კონცეპტუალური არტისტი, ეუხენიო ამპუდია გახლდათ.

"მთელი ამ დროის განმავლობაში ბუნებას ვაკვირდებოდი. მესმოდა ჩიტების ჭიკჭიკი და გალობა. მცენარეები ჩემს ბაღსა თუ მის გარეთ უჩვეულოდ სწრაფად იზრდებოდნენ. ვიფიქრე, შემეძლო, უფრო მეტად ინტიმურად დამეკავშირებინა ადამიანი და ბუნება", - აღნიშნა ამპუდიამ.

თეატრის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ღონისძიებას უმასპინძლეს, რათა კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას, მუსიკასა და ბუნებას ჩვეული ცხოვრების დასაბრუნებლად. მცენარეები მადლიერების ნიშნად ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს გადაეცემათ. ამ დროისთვის ესპანეთში ვირუსით ინფიცირების 293 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 28 324 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული