Thumbnail

კეიპოპის მსმენელების დამსახურებით ტრამპმა შეხვედრა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაატარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია განაახლა. პირველი შეხვედრა 20 ივნისს ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტალსაში, BOK Center-ის არენაზე ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართა. ამის მიზეზი პლატფორმა TikTok-ზე დაწყებული კამპანია აღმოჩნდა, რომელსაც კეიპოპის მსმენელები შეუერთდნენ. მათ ღონისძიებაზე ადგილების დასაჯავშნად გამოქვეყნებულ სარეგისტრაციო ფორმებში ყალბი მონაცემები შეიყვანეს. ტრამპი კი ჯერ კიდევ 15 ივნისს სიამაყით იუწყებოდა, რომ შეკრებაზე დასწრების სურვილი მილიონამდე ადამიანმა გამოთქვა.

"თითქმის მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა ტალსაში დაგეგმილ შეხვედრაზე დასასწრებად", - წერდა პრეზიდენტი.

იმის გამო, რომ 19 ათას ადამიანზე გათვლილი დარბაზი ყველა მსურველს ვერ დაიტევდა, ორგანიზატორებმა მხარდამჭერების მისაღებად ღია სივრცეც გამოიყენეს. თუმცა, საშვების სკანირების შედეგით დადგინდა, რომ დარბაზში, მედიასა და პერსონალს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ 6 200 მოქალაქე შეიკრიბა.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ზე მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა მიმართვები და ინსტრუქციები. როგორც კი რომელიმე პოსტი ბევრ ნახვასა და გაზიარებას დააგროვებდა, მას შლიდნენ, რათა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზატორებამდე არ მიეღწია.

"ტრამპის შეხვედრა VS "ბითიესის" სტადიონის ტურნე. მადლობა კეიპოპის ფანებსა და TikTok-ის მომხმარებლებს", - წერენ ტვიტერზე.

"ამერიკელმა მოზარდებმა ტრამპს მძიმე დარტყმა მიაყენეს", - აღნიშნა თავის პოსტში სტივ შმიდტმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა რესპუბლიკურ პარტიასთან წინასაარჩევნო კამპანიების სტრატეგად.

თავად ტრამპის გუნდმა მომხდარი შეხვედრის პარალელურად მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაუკავშირა. მათი მტკიცებით, სწორედ ისინი არ აძლევდნენ საშუალებას მოქალაქეებს, რომ დარბაზში შესულიყვნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული