Thumbnail

ჯასტინ ბიბერი ორმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი ტვიტერის ორმა მომხმარებელმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. თავდაპირველად ქალმა სახელად დენიელმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ მუსიკოსმა მასზე 2014 წელს, სასტუმრო Four Seasons-ის ნომერში იძალადა. მალევე მას ინტერნეტმომხმარებელი Kadi გამოეხმაურა. მისი თქმით, დენიელის მონაყოლის სჯერა, რადგანაც 2015 წელს ნიუ იორკის ერთ-ერთ სასტუმროში თავად გახდა ბიბერის ძალადობის მსხვერპლი.

ჯასტინ ბიბერი: ბევრ ტკივილს ავირიდებდი, ქორწინებამდე სექსი თუ არ მექნებოდა

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა თავიანთი ქორწინების სირთულეებზე ისაუბრეს

"მე და ჩემი მეგობრები მუსიკალურ ფესტივალ SXSW-ზე ვერთობოდით. უცნობი მამაკაცი მოგვიახლოვდა და გვკითხა, ჯასტინთან შეხვედრა თუ გვსურდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ბიბერთან ერთად გარკეული დრო გავატარეთ, შემდეგ კი მან შემოგვთავაზა, სასტუმროში გავყოლოდით. ამაზეც დავთანხმდით, რადგან მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ სუპერვარსკვლავთან დროის გატარების შესაძლებლობა გვექნებოდა. მისმა თანმხლებმა ჩემი ორი მეგობარი თავის ოთახში შეიყვანა, მე კი ჯასტინს გავყევი. ეს მოხდა 2014 წელს, როცა ის კონტროლს არ ექვემდებარებოდა. დეტალებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩემზე იძალადა, პირობა დამადებინა, რომ ამას არავისთან გავამხელდი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა. რთული გადასატანი იყო, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იციან. ანონიმურად ვწერ, რადგან ჩემი ვინაობის გასაჯაროებისთვის მზად არ ვარ", - აღნიშნა დენიელმა.

დენიელის ბრალდების პასუხად ჯასტინ ბიბერმა ტვიტების სერია გამოაქვეყნა. 26 წლის არტისტის თქმით, იმ დროს, როცა, ქალის მტკიცებით, დანაშაული მოხდა, ის საერთოდ სხვა სასტუმროში თავის ყოფილ შეყვარებულთან, მომღერალ სელენა გომესთან ერთად იმყოფებოდა.

"როგორც წესი, განცხადებების კეთებას ვერიდები, მთელი კარიერის განმავლობაში არაერთი რამ დაუბრალებიათ. მაგრამ ჩემს ცოლთან და გუნდთან დალაპარაკების შემდეგ გადავწყვიტე, ვისაუბრო. სექსუალური ძალადობა ისეთი ბრალდებაა, რაზეც ვერ გავჩუმდები. მაშინვე მსურდა პასუხის გაცემა, მაგრამ ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოსახატად, მინდოდა, ჯერ მტკიცებულებები შემეგროვებინა და განცხადება შემდეგ გამეკეთებინა.

ტვიტერზე დაწერილი ისტორია სიმართლეს არ შეესაბამება. იმ სასტუმროში არასდროს ვყოფილვარ. მე ნამდვილად ჩავედი ოსტინში და ფესტივალ SXSW-ზე რამდენიმე სიმღერაც შევასრულე. როგორც ჩანს, ამ ქალმა არ იცის, რომ იქ ჩემს ყოფილ შეყვარებულთან, სელენა გომესთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი. 9 მარტს Airbnb-ზე ნაქირავებ ბინაში დავრჩით, 10-ში კი სასტუმრო Westin-ში გადავინაცვლეთ. ამავე დღეს სელენა წავიდა, მე კი დავრჩი, რასაც ჯავშნის ქვითარიც ადასტურებს. სახლში 11 მარტს დავბრუნდი. ამ განცხადების გაკეთება აუცილებლად იმიტომ მივიჩნიე, რომ სექსუალური ძალადობის ყოველი ბრალდება ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული", - წერს ჯასტინი და ჯავშნის სქრინშოტს ავრცელებს. ის მეორე ბრალდებას აღარ გამოხმაურებია.

მეორე ინტერნეტმომხმარებლის პოსტში ნათქვამი იყო, რომ 2015 წლის მაისში ჯასტინმა სასტუმროში პირადი მცველის საშუალებით დაპატიჟა და მასზე სექსუალურად იძალადა:

"ვთხოვდი, გაჩერებულიყო. ვეუბნებოდი, რომ ქორწინებამდე სექსი ვერ მექნებოდა. მან საწოლზე დამაგდო, თუმცა, ფეხებს შორის ამოვარტყი და ოთახიდან გავიქეცი. მომხდარმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ფსიქიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად მკურნალობის გავლა დამჭირდა".

ბიბერის თაყვანისმცემლებმა გოგონას მიერ 2015 წლის ივნისში დაწერილი პოსტები მოძებნეს, რომელშიც ის მომღერლის მიმართ სიყვარულს ღიად გამოხატავდა და ამბობდა, რომ ჯასტინს არასდროს შეხვედრია.

"ვფიცავ, თუ ერთმანეთს არ შევხვდებით, გიპოვი და შენთან დავწვები".

"როცა შეგხვდები, გთხოვ, Favorite Girl მიმღერო, რადგან ეს ჩემი მიზანი და ოცნებაა".

"ლოს ანჯელესში ვცხოვრობ, მაგრამ მას ჯერ არ შევხვდრივარ".

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა: Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული