Thumbnail

თეორიას შავკანიანი ბეთჰოვენის შესახებ ინტერნეტში გამოხმაურება მოჰყვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის წარმომავლობაზე საზოგადოების ნაწილი მრავალი წელია, საუბრობს. პოპულარული თეორიით, მუსიკოსის მამა, იოჰანი გერმანელი, ხოლო დედა, მარია მაგდალენა კევერიხი შავკანიანი, ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მავრების შთამომავალი გახლდათ. ამერიკაში მიმდინარე აქციების Black Lives Matter კვალდაკვალ ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაზეთის The Concordian 2015 წლის სტატია გააზიარა, რომელშიც კონკორდიის უნივერსიტეტის სტუდენტი, ნაომი სვონსონი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ისტორიამ ცნობები ეპოქალური კომპოზიტორის შესახებ დამახინჯებულად შემოგვინახა და ის, სავარაუდოდ, მართლაც შავკანიანი იყო.

კვლევა: მოცარტის მოსმენა შესაძლოა, ეპილეფსიური შეტევების სიხშირეს ამცირებდეს

სტატიის ავტორის არგუმენტით, იმ პერიოდში ე.წ. გათეთრების ტენდენცია არსებობდა, რომლის მიხედვითაც, შავკანიანთა მიღწევებს თეთრკანიანებს აწერდნენ. ნაომი სვონსონის მტკიცებით, არაერთმა წყარომ შემოგვინახა კომპოზიტორის საყვარლების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და სხვების ციტატები, რომლებშიც ისინი ბეთჰოვენის გარეგნობას აღწერენ:

"განიერი და სქელი ტუჩები, მოკლე და ფართო ცხვირი, მაღალი და წამოწეული შუბლი".

"მუქი კანი, ბრტყელი და სქელი ცხვირი".

"სახეზე ვერ შეატყობთ გერმანული წარმოშობის კვალს... ისეთი მუქი შეფერილობა ჰქონდა, რომ ხალხიც მუქკანიანს ეძახდა".

"ნახშირივით შავი თმა ედგა თავზე".

სტუდენტი წერს, რომ კომპოზიტორი თავადვე ჩუქნიდა მეგობრებს ფანქრით დახატულ საკუთარ პორტრეტს, რომელშიც მას მუქი ფერის კანი აქვს. ნაომი სუონსონი მტკიცებულებებს შორის ბეთჰოვენის ნიღაბსაც ასახელებს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაამზადეს.

ტვიტერის მომხმარებლებმა სტატიაში გამოთქმული მოსაზრება მალევე აქციეს მიმებად.

"შავკანიანი ბეთჰოვენი - ამ წელს სიუჟეტის ამგვარ განვითარებას ნამდვილად არ ველოდი".

"ბეთჰოვენი სმენადაქვეითებული იყო, მაგრამ რითმის შეგრძნება მაინც ჰქონდა. ნამდვილად შავკანიანი იქნებოდა".

"ბეთჰოვენი მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნის ბილბორდის ცხელ ასეულში მოხვდა".

"ბეთჰოვენი 1800-იან წლებში", - აზიარებს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ამერიკელი მუსიკოსის, ჯონ ლეჯენდის ფოტოს.

"ბეთჰოვენი: ჯანდაბა! თეთრი სახის წამოღება დამავიწყდა".

"მესმის, რომ შავკანიანი ბეთჰოვენის თეორია არც ისე სერიოზულია, მაგრამ რატომ ხარჯავთ დროს ამ მითის პროპაგანდაზე, როცა შეგიძლიათ, უბრალოდ, აფროამერიკელი კომპოზიტორების არსებობა აღნიშნოთ?", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული