Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშის პოსტს ჩინელი თაყვანისმცემლების გაღიზიანება მოჰყვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ინსტაგრამის სთორიში ჰონგ კონგელი გოგონას ტვიტი გააზიარა, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ უმკლავდებოდნენ ჰონგ კონგის მაცხოვრებლები ფართომასშტაბიანი აქციების დროს სამართალდამცველებს და როგორ იცავდნენ თავს მათ მიერ გაშვებული ცრემლსადენი გაზისგან. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ამჟამად დემონსტრაციები მიმდინარეობს, სადაც თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის მკვლელობას აპროტესტებენ. სამართალდამცველებმა აქციებზე უკვე გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ფოტოგალერეა: მუსიკოსები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საპროტესტო აქციებზე

ბილის ინსტაგრამის სთორის წაშლა მალევე მოუწია, რადგანაც მას ჩინელი თაყვანისმცემლები გაუნაწყენდნენ. მათ ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo მომღერალს ჰონგ კონგის დამოუკიდებლობის მხრადაჭერაში დასდეს ბრალი.

"ბილის თინეიჯერებზე დიდი გავლენა აქვს და ვიმედოვნებ, რომ ასეთ შეცდომაში შემყვან პოსტებს აღარ გააზიარებს", - წერდა ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

აქციები ჰონგ კონგში გასული წლის მარტში დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც ჰონგ კონგელი ბრალდებულების კონტინენტურ ჩინეთში გასამართლებას გულისხმობდა. აქციის მონაწილეების განცხადებით კი, ეს კანონი ავტონომიის დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა. მოგვიანებით დემონსტრანტების მოთხოვნებს ავტონომიური რეგიონის მმართველის გადადგომა და პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოძიება დაემატა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული