Thumbnail

რატომ მალავდა Lil Nas X, რომ ნიკი მინაჟის თაყვანისმცემელი იყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარობის მოპოვებამდე ატლანტელი ქანთრი რეპერი, მონტერო ლამარ ჰილი, იგივე Lil Nas X, ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ნიკი მინაჟის გულმხურვალე თაყვანისმცემელი, ე.წ. ბარბი (Barb) გახლდათ. ის ტვიტერის გვერდს @NasMaraj მართავდა, სადაც მუსიკოსის ფოტოებს, ვიდეოებსა და მიმებს ანთავსებდა.

Lil Nas X: ვაპირებდი, ეს საიდუმლო საფლავში ჩამეტანა

დასავლურ მედიაში ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწერა, რომ ფეიჯის უკან სწორედ ლილ ნასი იდგა, თუმცა, მაშინ შემსრულებელმა გავრცელებული ხმები უარყო. ეს თემა მას შემდეგ გახდა კვლავ აქტუალური, რაც ცოტა ხნის წინ, რეპერმა ტვიტერის საშუალებით ნიკის თანამშრომლობა შესთავაზა.

"სიმღერა მაქვს და მინდა, მასში შენც მონაწილეობდე, საგონებელში ვარ ჩავარდნილი...", - წერს ლილ ნასი ნიკის ერთ-ერთი ვიდეოს პასუხად.

ნასის პოსტს ნიკი მინაჟის სხვა თაყვანისმცემლები გამოეხმაურნენ და ჰკითხეს, რატომ მალავდა, რომ ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო.

"როგორ მოხდა ისე, რომ ერთხელაც არ თქვი საჯაროდ, მისი ფანი რომ იყავი, როცა გეკითხებოდნენ, ხარ თუ არა ბარბიო. არადა, ყველამ ვიცოდით, ვინც იყავი".

რაზეც ლილ ნასმა უპასუხა:

"არ მინდოდა, ხალხი მიმხვდარიყო, რომ გეი ვიყავი".

"ბარბად ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გეი უნდა იყო", - მიმართა მას ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

"არ ნიშნავს, მაგრამ, თუ მთლიანად ნიკი მინაჟისადმი მიძღვნილ ფან გვერდს მართავ, ხალხი ნამდვილად იფიქრებს, რომ გეი ხარ. რეპ მუსიკის ინდუსტრია ჯერჯერობით ისე არ არის აწყობილი, რომ თავის რიგებში გეი მამაკაცი მიიღოს", - უპასუხა ლილ ნასმა.

კომენტარები ყურადღების მიღმა არ დარჩენია თავად ნიკი მინაჟს. მან ლილ ნასი მონიშნა და დაწერა:

"ცოტა უსიამოვნოა, რომ ჩემს ფანობას უარყოფდი, მაგრამ შენი მესმის. გილოცავ, რომ იმის გამბედაობა მოგემატა, სიმართლე ილაპარაკო".

რაზეც პასუხად მიიღო:

"დისულოვანო დედოფალო, მიყვარხარ. ვწუხვარ, რომ მაშინ უარგყავი, როცა სხვებისგან ისედაც დიდ სიძულვილს იღებდი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და იმედი მქონდა, რომ ამის შესახებ ვერასდროს გაიგებდი. უბრალოდ, შემეშინდა, რომ ყველაფერს დავკარგავდი".

Lil Nas X-მა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო. მუსიკოსმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული