Thumbnail

BTS-ის არემი: შიშის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი იქნება კონცერტების მომავალი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS შვიდი წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების სერია Festa 2020 ონლაინ კონცერტით Bang Bang Con დააგვირგვინა. ჯგუფის ლეიბლის Big Hit Entertainment ინფორმაციით, ეს გახდა ყველაზე მასშტაბური ფასიანი მუსიკალური შოუ, რომელიც ონლაინ სივრცეში გამართულა. კონცერტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 756 000 ადამიანი ადევნებდა თვალს, რაც, მათივე უხეში დათვლით, 15 სავსე სტადიონს უდრის.

ნახეთ: BTS ანიმაციურ ვიდეორგოლს We Are Bulletproof: The Eternal ავრცელებს

ნახეთ: BTS-მა და Beyoncé-მ აშშ-ში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიმართეს

ნახეთ: BTS აშშ-ში სკოლის დამთავრების ონლაინ ცერემონიაზე პერფორმანსით წარდგა

"სამწუხაროა, მაგრამ შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირებაა საჭირო, რათა წინსვლა შევძლოთ. ჩემთვის რთული იყო სცენაზე დგომა - შეიძლება იმის გამო, რომ თქვენი ხმა არ მესმოდა და თვალებში ვერ გიყურებდით. შიშის მომგვრელია იმის წარმოდგენა, რომ შესაძლოა, სწორედ ასეთი იყოს კონცერტების მომავალი", - მიმართა თაყვანისმცემლებს ჯგუფის წევრმა, არემმა.

კონცერტს 107 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან ადევნებდნენ თვალს.

"მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელთა წინაშეც საკონცერტო ინდუსტრია COVID-19-ის გამო აღმოჩნდა, "ბითიესმა" ამ ონლაინ კონცერტით ახალი შესაძლებლობები გახსნა", - ნათქვამია Big Hit Entertainment-ის განცხადებაში.

საათისა და 40 წუთის განმავლობაში კოლექტივის წევრებმა 12 კომპოზიცია წარმოადგინეს, მათ შორის ბოლო ალბომში Map of The Soul 7 შესული სიმღერები: Friends, UGH და Zero O'Clock, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად გადადებული მსოფლიო ტურნეს Map of the Soul Tour გამო ლაივში აქამდე არ შეუსრულებიათ.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული