Thumbnail

პოპულარულ მუსიკოსებს ხშირად იწვევენ სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო კლიპებში გადასაღებად. ეს მათთვის და ამა თუ იმ პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისთვის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობაა. არტისტების ანგარიშზე სოლიდური თანხები ირიცხება, დასამახსოვრებელი ვიდეორგოლები კი რეკლამირებადი საქონლის გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს.

ამ სტატიაში სწორედ ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით გადაღებულ 10 გამორჩეულ სარეკლამო რგოლს შემოგთავაზებთ.

10. უიტნი ჰიუსტონი და Diet Coke

უიტნი ჰიუსტონი Diet Coke-ის რეკლამაში პირველად 1986 წელს გამოჩნდა. ეს ის პერიოდია, როდესაც უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელ ორ გიგანტს, Pepsi-სა და Coca-Cola-ს შორის მიმდინარე მარკეტინგული ომი კულმინაციას აღწევს. კლიპის გადაღებამდე მცირე ხნით ადრე, ამ უკანასკნელის მესვეურებმა კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს და პროდუქტის რეცეპტი შეცვალეს. ძველი გემო მალევე დააბრუნეს, თუმცა შელახული რეპუტაციის აღსადგენად სარეკლამო კამპანიაში ჰიუსტონის კალიბრის ვარსკვლავის ჩართვა გახდა საჭირო. 

9. მადონა და Mitsubishi

იაპონურ სატელევიზიო რეკლამაში მონაწილეობის მისაღებად დასავლელი პოპვარსკვლავების მოწვევა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყეს, 1986 წელს კი კომპანიამ Mitsubishi მადონას მისი სადებიუტო საკონცერტო ტურნეს The Virgin Tour დროს გადაღებული კადრების სარეკლამო რგოლების სერიაში გამოყენების უფლებაში 650 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. პირველი კლიპი კომპანიის მიერ წარმოებულ ვიდეომაგნიტოფონს მიეძღვნა და ეთერში გაშვებიდან სამ თვეში მისი გაყიდვები საგრძნობლად გაზარდა. 

8. სტივენ ტაილერი და Skittles

Aerosmith-ის ვოკალისტის, სტივენ ტაილერისა და Skittles-ის თანამშრომლობა 2015 წელს ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალის, სუპერ ბოულის შესვენებებისთვის განკუთვნილი სარეკლამო რგოლის გადასაღებად შედგა. კანფეტებით აწყობილი მომღერლის გამოსახულების კლიპში გამოყენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიის მესვეურებმა შენიშნეს, რომ მათ მიერ წარმოებულ ტკბილეულს მომხმარებლები, ჭამასთან ერთად, ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელადაც იყენებდნენ.

7. პოლ მაკარტნი და Visa

1989 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ Visa პოლ მაკკარტნისთან კონტრაქტი გააფორმა და მუსიკოსის 1989-90 წლების ტურნეს დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო. 1976 წლის შემდეგ, ეს ლეგენდარული The Beatles-ის ყოფილი წევრის პირველი მასშტაბური ტურნე იყო და მისი ახალი ალბომის Flowers in the Dirt მხარდასაჭერად ეწყობოდა. შეთანხმება სატელევიზიო სარეკლამო კლიპების გადაღებასაც ითვალისწინებდა, რომელთა ბიუჯეტი 8,5 მილიონი აშშ დოლარი იყო. 

6. ჯონი როტენი და Country Life Butter

"გაყიდული" - სწორედ ასე მოიხსენიებდნენ პანკის ლეგენდას 2008 წელს ბრიტანული კარაქის სარეკლამო კლიპში მონაწილეობის შემდეგ. ჟანრის სულისკვეთებიდან გამომდინარე, მისი თაყვანისმცემლების ნაწილისთვის ეს ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა და მუსიკოსსაც კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. თუმცა, მოგვიანებით ჯგუფების Sex Pistols და Public Image Ltd ვოკალისტმა განმარტა, რომ მიღებული 8 მილიონი აშშ დოლარი ამ უკანასკნელის ხელახლა შესაკრებად და ალბომის This Is PiL-ის ჩასაწერად გამოიყენა, რომელიც 20-წლიანი პაუზის შემდეგ კოლექტივის პირველი ნამუშევარი გახდა. 

5. ოზი ოსბორნი, ჯასტინ ბიბერი და Best Buy

ჰევი მეტალის ბრიტანელი ვარსკვლავი 2011 წელს ტექნიკის მაღაზიათა საერთაშორისო ქსელის Best Buy რეკლამაში ცოლთან და ჯასტინ ბიბერთან ერთად გამოჩნდა. კამპანიის მთავარი მესიჯი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ძველი მოწყობილობების ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა გახლავთ. ოსბორნის მიერ ვიდეოში წარმოთქმული What the f*ck's a Bieber?, სავარაუდოდ, მის მიერ ერთი წლით ადრე ინტერვიუში გაჟღერებულ ფრაზას Who the f*ck is Justin Bieber? ეხმიანება.

4. ლუჩანო პავაროტი და American Express

საოპერო სცენის ლეგენდის, ლუჩანო პავაროტისა და American Express-ის გზები 1980-იან წლებში გადაიკვეთა. სარეკლამო რგოლებში მონაწილეობამ გამოჩენილი ტენორის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. მათ საპასუხოდ პავაროტი ამბობდა, რომ ამას ოპერის პოპულარიზებისთვის აკეთებდა და თუ შედეგი მართლაც რეალური იქნებოდა, ტელევიზიით მარგარინის გაყიდვასაც კი არ ითაკილებდა. 

3. რეი ჩარლზი და Diet Pepsi

1960-იან წლებში რეი ჩარლზი Coca-Cola-ს პროდუქციას უწევდა რეკლამას, თუმცა ათწლეულების შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსი მისი მოსისხლე მტრის ბანაკში აღმოჩნდა. You Got the Right One, Baby - ეს ფრაზა Pepsi-ის 1990-93 წლების კამპანიის მთავარი სლოგანი გახლდათ. 1991 წელს გადაღებულ სარეკლამო კლიპში მოდელების გარემოცვაში მყოფი რეი სწორედ ამ სახელწოდების სიმღერას ასრულებს და მომხმარებლებს უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე გაკეთებულ სწორ არჩევანს უწონებს. 

2. დეივიდ ბოუი და Crystal Jun Rock

ლეგენდარული მუსიკოსი კომერციული ბრენდის სარეკლამო კამპანიაში პირველად 1980 წელს გამოჩნდა. ეს იაპონური ალკოჰოლური სასმელის Crystal Jun Rock კლიპში მოხდა. მასში დევიდ ბოუის კომპოზიციაც არის გამოყენებული, თუმცა არტისტს ის ვიდეოში გასაჟღერებლად არ დაუწერია. სიმღერას, რომელიც ბოუიმ ალბომისთვის Scary Monsters შექმნა, თავდაპირველად Fujimoto San ერქვა, თუმცა რეკლამაში გამოყენების შემდეგ მას სახელი გადაარქვეს, Crystal Japan უწოდეს და სტუდიური ჩანაწერის საბოლოო ვერსიიდან ამოიღეს.

1. მაიკლ ჯექსონი და Pepsi

1983 წელს პოპის მეფის Pepsi-ის სარეკლამო კლიპში გამოჩენა ისტორიულ მარკეტინგულ სვლად მიიჩნევა. უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიასა და მუსიკოსს შორის გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარი  იყო, რაც იმ დროისთვის რეკორდული თანხა გახლდათ. ვიდეორგოლი სარეკლამო კამპანიის Pepsi Generation ფარგლებში შეიქმნა და უდიდესი წარმატება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მაიკლ ჯექსონის მენეჯერებისგან თანამშრომლობის შეთავაზება ჯერ Coca-Cola-მ მიიღო, თუმცა მათ მომღერალს ხუთჯერ ნაკლები თანხა შესთავაზეს, რის გამოც შეთანხმება არ შედგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული