Thumbnail

კრიტიკის შემდეგ გრემიმ თანამედროვე ურბანული ალბომის ნომინაციას სახელი შეუცვალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია ამიერიდან გრემის ჯილდოს საუკეთესო ურბანული თანამედროვე ალბომის ნაცვლად, საუკეთესო პროგრესული არენბი ალბომის კატეგორიაში გასცემს. ნომინაციის დასახელების შეცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც არაერთმა არტისტმა გააპროტესტა აფროამერიკული კულტურისთვის დამახასიათებელ მუსიკასთან მიმართებით ხსენებული ტერმინის დამკვიდრება. სიტყვა "ურბანული" ამოიღეს საუკეთესო ლათინური როკის, ურბანული ან ალტერნატიული ალბომის კატეგორიიდანაც.

ოსკარების ორგანიზატორებმა მუსიკალურ ნომინაციაში ცვლილება შეიტანეს

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გრემის დაჯილდოება იყოს ინკლუზიური და ზუსტად ასახავდეს მუსიკალური ინდუსტრიის ამჟამინდელ მდგომარეობას", - განაცხადა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰარვი მეისონმა.

ცვლილებას წინ უძღოდა გაერთიანების The Black Music Coalition ღია წერილი, რომელშიც წამყვანი კომპანიების, მათ შორის Sony-ის, Universal Music Group-ის, Warner-ის, Live Nation-ის და Spotify-ს აღმასრულებელი პირები ინდუსტრიის წარმომაგენლებს მოუწოდებდნენ, შავკანიანთა მიერ შექმნილი მუსიკის დასახასიათებლად სიტყვა "ურბანულის" გამოყენება შეეწყვიტათ.

"ტერმინი "ურბანული" შავკანიანთა მუსიკას თავის რეალურ მნიშვნელობას აცლის. შავი სალანძღავი სიტყვა არ არის. "შავების მუსიკა" არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შავკანიანები არ არიან, მას ვერ შეასრულებენ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ პატივს სცემ ამ ჟანრს, მის სულისჩამდგმელებსა და მასში მოღვაწე არტისტებს", - ციტირებს Metropolis Music-ის წარმომადგენლის, უიტნი ბოტენგის სიტყვებს გამოცემა The Guardian.

მუსიკის მსგავს კატეგორიებში მოქცევა გრემის 62-ე დაჯილდოების კულისებში გააპროტესტა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Tyler, The Creator-მა, რომელმაც იმ დღეს სტუდიური ნამუშევრით Igor საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კონკრეტულ ჟანრს დავაღწიოთ თავი, მაინც რეპში ან ურბანულ კატეგორიებში ასახელებენ. არ მომწონს სიტყვა "ურბანული", ეს ჩემთვის "ნ*გერის" პოლიტკორექტული ვარიანტია”, - განუცხადა ტაილერმა რეპორტიორებს.

ტაილერის პოზიციას იზიარებს 5 გრემის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში. მან ბრიტანულ GQ-სთან ინტერვიუში აღნიშნა:

"ყოველთვის მძულდა კატეგორიები. ტაილერმა მაშინ ძალიან მაგარი განცხადება გააკეთა. სრულიად ვეთანხმები. არტისტი იმის მიხედვით არ უნდა შეაფასო, თუ როგორ გამოიყურება და რა აცვია".

ბილი აილიში: რატომ მიაკუთვნებენ ჩემს მუსიკას პოპს?

საუკეთესო ურბანული თანამედროვე ალბომის კატეგორიაში პირველად გრემი 2013 წელს ფრენკ ოუშენმა მიიღო, მას შემდეგ ამ ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: რიანა, ფარელ უილიამსი, უიქენდი, ბიონსე, ჯეი ზი და ლიზო.

აღსანიშნავია, რომ აკადემიამ შეცვალა კიდევ რამდენიმე ნომინაციის დასახელება - საუკეთესო ლათინური პოპ ალბომის სახელს სწორედ სიტყვა "ურბანული" დაემატა და ამიერიდან გამარჯვებულები საუკეთესო პოპ ან ურბანული ალბომის კატეგორიაში გამოვლინდებიან. ორგანიზატორების განმარტებით, ეს ფორმულირება ბევრად უკეთ აღწერს თანამედროვე ლათინურ მუსიკას. ცვლილება ასევე შეეხო საუკეთესო რეპ/სასიმღერო პერფორმანსის ნომინაციას, რომელიც საუკეთესო მელოდიურ რეპ პერფორმანსად გადაკეთდა. გრემის 63-ე დაჯილდოება 2021 წლის 31 იანვარს არის ჩანიშნული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული