Thumbnail

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია. ბიზნესჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მის აქტივში 600 მილიონი დოლარია. ბოლო წლებია, რირის მუსიკალური კუთხით არ უაქტიურია, თუმცა, ეს მის კაპიტალს არ დასტყობია. 32 წლის არტისტი დღეისთვის თანხას ძირითადად ბიზნესსაქმიანობით გამოიმუშავებს.

რიანამ ბრიტანეთის უმდიდრესი მუსიკოსების სიაში ელტონ ჯონი და მიკ ჯაგერი ჩამოიტოვა

რიანამ შემოსავლებით მადონასა და ბიონსეს გადაასწრო

რიანას 25 ტატუ და მათი ისტორია

მუსიკალური საქმიანობა

ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მონაცემებით, რიანას მოღვაწეობის განმავლობაში 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მომღერლის ლეიბლის Roc Nation ცნობით კი, ეს რიცხვი 275 მილიონს აჭარბებს. ორივე მაჩვენებლით, 9 გრემის მფლობელი რიანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსია. მისმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ტურნეებმა Diamonds World Tour და Anti World Tour არტისტსა და მის გუნდს ჯამში $248 მილიონი მოგება მოუტანა.

ბრენდებთან თანამშრომლობა

ცნობილი მუსიკოსებისა და მოდის სახლების თანამშრომლობა ორივე მხარისთვის დიდი მოგების მომტანია. რირიმ პირველად 2011 წელს Armani-სთან ითანამშრომლა, 2013 წელს კი ლონდონის მოდის კვირეულზე კომპანია River Island-ის ქალებისთვის შექმნილი კოლექცია წარადგინა. 2014 წელს მან Puma-ს კრეატიული დირექტორის როლი მოირგო ქალის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზის მიმართულებით. 2015-ში კი პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელიც Dior-მა თავის სახედ აირჩია. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის თანამშრომლობას ამ და სხვა არაერთ ბრენდთან მრავალჯერადი სახე ჰქონდა და ზოგიერთი კონტრაქტი დღემდე გრძელდება.

რიანა პარიზში, Fenty x Puma-ს კოლექციის ჩვენების დასასრულს

პირველი ბიზნესსაქმიანობა

რიანამ საკუთარი ძალები ბიზნესში ჯერ კიდევ 2011 წელს სუნამოს Reb'l Fleur გამოშვებით მოსინჯა. 2012 წელს კი მან ახალი არომატები Rebelle და Nude დაამატა. 2013-14 წლებში მომღერალმა ქალებისა და მამაკაცებისთვის პარფიუმი Rogue ჩაუშვა გაყიდვაში, შემდეგ კი სუნამო სახელწოდებით RiRi გამოუშვა. როგორც მოსალოდნელი იყო, მუსიკოსის წამოწყებას კომერციული წარმატება ხვდა წილად.

მუსიკოსი 2015 წელს, სუნამო RiRi-ს პრომოუშენისას

Tidal

2015 წელს რიანა მუსიკალური პლაფტორმის, Tidal-ის თანამფლობელი გახდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Jay-Z-მ მისი მშობელი კომპანია Aspiro შეიძინა. რირისთან ერთად ამ ბიზნესში ბიონსე, ქანიე ვესთი, მადონა, კრის მარტინი, ნიკი მინაჟი და სხვა მუსიკოსები იყვნენ ჩართული.

რიანა ბიზნეს პარტნიორებთან, ჯეი ზისა და ქანიე ვესთთან ერთად 

Fenty Beauty

რიანამ 2017 წელს ფრანგული კომპანიის LVMH მფლობელ ბერნარდ არნოსთან ერთად კოსმეტიკის ბრენდი Fenty Beauty დააარსა, რომელმაც რამდენიმე კვირაში 100 მილიონი დოლარი მოიტანა, 15 თვის თავზე კი $570 მილიონიანი მოგება ნახა. მაშინ ბაზარზე ახალი მოთამაშის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი რირის პოპულარობამ შეიტანა - მუსიკოსმა სოციალური ქსელების გამოყენებით ადვილად მოახერხა მომხმარებლების მიზიდვა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდმა რირის სახელს მიღმაც სწორი სტრატეგია დასახა, როდესაც პოტენციურ მყიდველებს იმაზე მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა, ვიდრე ამას კონკურენტები აკეთებდნენ. მაგალითად, "ფენტი ბიუთის" ტონალური ფუძეები 40 ფერით იყო წარმოდგენილი, როცა სხვა ბრენდების კატალოგები გაცილებით შეზღუდული იყო.

Savage X Fenty

კოსმეტიკის შემდეგ ჯერი ქალის თეთრეულის ბაზარზე მიდგა, რომლის მთავარი მოთამაშეც იმ დროისთვის Victoria's Secret იყო. 2018 წლის სექტემბერში ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში რირიმ ახალი ბრენდი Savage X Fenty წარადგინა, რომელიც ინკლუზიური პროდუქციით ამსხვრევდა სილამაზის გაბატონებულ სტანდარტებს და ქალებს დიდი ზომის მოდურ თეთრეულსაც სთავაზობდა. მალევე ბრენდის წლიურმა ბრუნვამ 150 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რირი საკუთარი ბრენდის 2019 წლის კოლექციის რეკლამირებისას

Fenty

ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ბრენდი ბარბადოსელმა აგრეთვე ჯგუფ LVMH-სთან თანამშრომლობით 2017 წელს დააფუძნა, თუმცა, პროდუქციის წარმოება 2019 წელს დაიწყო. თავდაპირველად კოლექციის პრეზენტაცია ჟურნალ New York Times-ის ფურცლებზე შედგა. ამის შემდეგ პირველი მაღაზია პარიზში გაიხსნა, სადებიუტო ჩვენება კი ნიუ იორკში მოეწყო. იქიდან გამომდინარე, რომ Fenty მუსიკოსის ახალი ბრენდია, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მაღალია მისი შემოსავლები.

Fenty-ს კოლექცია NYT-ის ფურცლებზე რირიმ თავად წარადგინა

სხვა საქმიანობები

რიანა ასევე ფლობს საკუთარ ლეიბლს Westbury Road, რომელიც 2005 წელს დააფუძნა. 2006 წლიდან ის სამსახიობო საქმიანობითაც არის დაკავებული. ბოლო პერიოდში მან დონალდ გლოვერთან, იგივე ჩაილდიშ გამბინოსთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ფილმში Guava Island. ამასთან, რირის მონაწილეობით გამოვიდა Valerian and the City of a Thousand Planets, Ocean's 8 და სხვა კინოსურათები.

საქველმოქმედო საქმიანობა

რიანა აქტიური საქველმოქმედო საქმიანობით 2006 წლიდან არის დაკავებული. 2012 წელს ბებიისა და ბაბუის, კლარასა და ლიონელის პატივსაცემად მან ფონდი The Clara Lionel Foundation დააარსა. ორგანიზაცია განათლების, ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მიმართულებით მუშაობს. მომღერალი ყოველწლიურად მართავს ღონისძიებას Diamond Ball, რომლიდან შემოსული თანხაც ფონდის ბიუჯეტში ირიცხება. 2020 წელს შავკანიანთა განვითარების ეროვნული ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების NAACP Image Awards 51-ე ცერემონიაზე საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის რირის პრესტიჟული საპრეზიდენტო ჯილდო გადაეცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული