Thumbnail

1960-იანი წლების აშშ-ში არენბის, სოულისა და ჯაზის ელემენტების შერწყმით ფანკის სახელით ცნობილი ჟანრი ჩამოყალიბდა. აფროამერიკულ სოციუმში აღმოცენებული მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები მთავარ აქცენტს, მელოდიისა და აკორდების პროგრესიის ნაცვლად, რიტმ სექციაზე აკეთებდნენ, კომპოზიციების ლირიკა კი ძირითადად მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე იყო ფოკუსირებული.

კოლექტიური იმპროვიზაცია, სოულის ტრადიციებში შესრულებული ვოკალური პარტიები, ბასის სინკოპირებული რიფი, დასარტყამი ინსტრუმენტების მკვეთრი რიტმი და ფონზე გიტარის ან სინთეზატორის მელოდიური პასაჟები - ფანკის ფორმულამ პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა და არაერთი მიმდინარეობის (განსაკუთრებით, დისკოსა და ჰიპ ჰოპის) ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა. 

ფანკი თავადაც რამდენიმე მიმართულების სინთეზის შედეგია და ხშირ შემთხვევებში სოულთან, ჯაზთან თუ დისკოსთან ძალზე მჭიდროდაა გადაჯაჭვული, რაც ამა თუ იმ ნამუშევრის ზუსტ კლასიფიკაციას ართულებს. ამიტომ, პოპულარულ გამოთქმას მივენდოთ, რომლის თანახმადაც, ფანკი მუსიკალურ ჟანრზე მეტად ის უნივერსალური, მეტაფიზიკური განცდაა, რომელიც ერთდროულად შეიძლება ვულგარულიც იყოს და დახვეწილიც, მელანქოლიური და მხიარულიც, მძიმე და მსუბუქიც და გავეცნოთ 15 ალბომს, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია მის ისტორიაში. 

15. Earth, Wind & Fire - All 'n All (1977)

1969 წელს ჩიკაგოში ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა თავისი ხავერდოვანი ჟღერადობით, ჩამთრევი რიტმებით, დინამიკური სასულე სექციით, გრანდიოზული სასცენო შოუებითა და გადამდები, ყოვლისმომცველი ოპტიმიზმით პოპ ფანკის ფორმულა სრულყოფილებამდე დახვეწა. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრმა ბენდმა 90 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი დაიმსახურა და არაერთი შესანიშნავი ალბომი გამოსცა, რომელთაგან ჩვენს სიაში შესატანად რიგით მერვე სტუდიური ნამუშევარი All 'n All შევარჩიეთ.

ალბომს ლათინოამერიკული რიტმების სიუხვე გამოარჩევს, რაც იმითაა განპირობებული, რომ  ბენდის ფრონტმენს, საფირმო ბარიტონით განთქმულ მორის უაითს მისი შექმნა ბრაზილიასა და არგენტინაში მოგზაურობამ შთააგონა. ლეგენდარული მუსიკოსის, მილტონ ნასიმენტუს სტილის გავლენამ კი ჯგუფის ფანკით, დისკოთი, ჯაზითა და სოულით გაჯერებული, ეკლექტური ჟღერადობა კიდევ უფრო გაამდიდრა. სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე ჩანაწერმა გრემის ჯილდო დაიმსახურა. მასში შესული კომპოზიციებიდან ნასესხებ ელემენტებს კი ისეთი ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტებისა თუ კოლექტივების შემოქმედებაში ვხვდებით, როგორებიც არიან Grandmaster Flash, The Fugees, A Tribe Called Quest, Jay-Z, Nas, Puff Diddy, Warren G, 2Pac და სხვა. 

მოუსმინეთ ალბომს

14. The Isley Brothers - 3 + 3 (1973)

ძმები აიზლების მიერ 1954 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი პროექტია ფანკისა და სოულის ისტორიაში. თითქმის შვიდ დეკადაზე გადაჭიმული შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მის წევრებს ჟანრის ტრადიციული ფორმულისთვის არასდროს გადაუხვევიათ და უმეტესწილად უკვე დამკვიდრებული ტენდენციების დახვეწითა თუ გამდიდრებით იყვნენ დაკავებული. ჯგუფის დისკოგრაფიაში, სხვა არაჩვეულებრივ ალბომებს შორის, 1973 წელს გამოცემული 3 + 3 აშკარად ბრწყინავს და ფანკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაც მიიჩნევა.

წარმატების მიზეზი ნამუშევრის სახელწოდებაშივე იმალება. მის ჩაწერამდე რამდენიმე წლით ადრე ბენდის უფროსმა წევრებმა, რონალდ, რუდოლფ და ო'კელი აიზლებმა თავიანთი ძმები, ერნი და მარვინი მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს. ალბომზე მუშაობის დაწყების დროისთვის ბიჭები უკვე შემდგარი პროფესიონალები იყვნენ, რომლებიც საკუთარ ინსტრუმენტებს უზადოდ ფლობდნენ. ბავშვობის მეგობართან, კრის ჯასპერთან ერთად მათ კოლექტივის სრულფასოვანი წევრების სტატუსი მოიპოვეს და მის ჟღერადობას გიტარის მძიმე პარტიები, ბრწყინვალე რიტმ სექცია და ფანტასტიკური ვოკალური ჰარმონიები შემატეს. ჩანაწერში იმ ეპოქის ჰიტების რამდენიმე შესანიშნავ ქავერს ვხვდებით, თუმცა ჭეშმარიტ ღირებულებას მას ორიგინალური კომპოზიციები, განსაკუთრებით ფსიქოდელიური შედევრი That Lady სძენს.

მოუსმინეთ ალბომს

13. Rick James - Street Songs (1981)

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ფანკის ექსცენტრიკულმა ლეგენდამ მუსიკალური მოღვაწეობა ნილ იანგთან ერთად დაიწყო. ნიუ იორკში დაბადებული ჯეიმს ჯონსონი 1964 წელს ვიეტნამის ომში გაწვევისგან თავის ასარიდებლად კანადაში გაიქცა, რიკი ჯეიმს მეთიუზი დაირქვა და ბენდი The Mynah Birds ჩამოაყალიბა, რომელსაც მოგვიანებით გრანჟის პირქუში ნათლიმამაც შეუერთდა. ცოტა ხანში კოლექტივი დეტროიტში გაემგზავრა და Motown Records-თან კონტრაქტიც გააფორმა. ჯეიმსმა იქ თავისი კერპები, მარვინ გეი და სტივი უანდერი გაიცნო (სასცენო სახელის შემოკლება რიკს სწორედ უანდერმა ურჩია). ერთი სიტყვით, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, სანამ მუსიკოსებმა ფინანსებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო მენეჯერი არ გააგდეს, ამ უკანასკნელმა კი შურისძიების მიზნით ლეიბლის მესვეურებს რიკის წარსულის შესახებ ამცნო.

მას შემდეგ, რაც "მოთაუნში" ჯეიმსს განუცხადეს, რომ მასთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებდნენ, არტისტი სამართალდამცველებს ჩაბარდა, 5-თვიანი საპატიმრო სასჯელი მოიხადა, შემდეგ კი სოლო კარიერა დაიწყო. მის იმპულსურ და უკომპრომისო შემოქმედებაზე გავლენა ქუჩებში გატარებული მოზარდობამ მოახდინა, ანტიპოლიციურმა ლირიკამ კი ის განგსთა რეპერის პროტოტიპად აქცია. მუსიკოსის ხელწერის საუკეთესო ნიმუში 1981 წელს გამოცემული ალბომი Street Songs გახლავთ, რომელშიც არაერთ საინტერესო ნამუშევარს შეხვდებით. მათგან განსაკუთრებულ წარმატებას კომპოზიციამ Super Freak მიაღწია, რომლის სემპლზეც წლების შემდეგ MC Hammer-მა მეგაჰიტი U Can't Touch This შექმნა.

მოუსმინეთ ალბომს

12. Isaac Hayes - Shaft (1971)

ეპოქალური Stax Records-ის წამყვანი ძალა, მუსიკოსი, პროდიუსერი, მსახიობი და მულტიინსტრუმენტალისტი აიზეკ ჰეისი გამორჩეულად კოლორიტული ფიგურაა. ლეგენდარულმა არტისტმა სხვადასხვა დროს საიენტოლოგიის კულტის წევრობაც მოასწრო, 14 შვილის მამობაც და 10 წლის განმავლობაში პოპულარულ ანიმაციურ ტელესერიალში South Park მზარეულის პერსონაჟსაც ახმოვანებდა. მისი სტილი უფრო სოულსა და არენბიზე იყო ორიენტირებული, ვიდრე ფანკზე, მაგრამ საკუთარი ტალანტი არტისტმა ყველაზე ეფექტურად სწორედ ამ ჟანრში, სურათისთვის Shaft შექმნილი საუნდტრეკების ალბომში გამოავლინა.

კერძო დეტექტივის, ჯონ შაფტის შესახებ გადაღებული ფილმი ამერიკულ პოპ კულტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მის წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ ჰეისის მიერ შექმნილმა მუსიკამ შეიტანა. ფანკის ესთეტიკაში გადაწყვეტილმა ჩამთრევმა მელოდიებმა, ბრწყინვალე არანჟირებამ და ენერგიულმა ჟღერადობამ მისი ნამუშევარი ნამდვილ ჰიტად აქცია. ჩანაწერში შესული ტრეკებიდან განსაკუთრებული პოპულარობით მთავარი მუსიკალური თემა სარგებლობს, რომელიც ავტორის საკონცერტო რეპერტუარის განუყოფელ ნაწილად იქცა. 1972 წელს კომპოზიციამ საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის განკუთვნილი ოსკარიც დაიმსახურა, რაც ამ ნომინაციაში აფროამერიკელი კომპოზიტორის მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვება იყო.

მოუსმინეთ ალბომს

11. Stevie Wonder - Innervisions (1973)

ბავშვობიდან უსინათლო სტივი უანდერმა სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა და სიმღერა ადრეული ასაკიდან დაიწყო და იმდენად უნიკალური ტალანტი გამოავლინა, რომ Motown Records-მა კონტრაქტი 11 წლისას გაუფორმა. ორი წლის შემდეგ მისი სინგლი Fingertips ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოექცა და სტივიც ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. ლეგენდარული მუსიკოსის სახელს არაერთი დაუვიწყარი ჰიტი უკავშირდება, თუმცა უანდერის კარიერულ პიკად 1973-76 წლები ითვლება, როდესაც მის მიერ გამოცემულმა ზედიზედ სამმა სტუდიურმა ჩანაწერმა Innervisions (1973) Fulfillingness First Finale (1974) და Songs in the Key of Life (1976) წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდო დაიმსახურა.

ეპოქალური ტრილოგიიდან ჩვენს სიაში შესატანად მისი პირველი ნაწილი შევარჩიეთ. უმაღლესი ხარისხის ფანკით, სოულითა და არენბით გაჟღენთილ ალბომზე მუშაობისას, სტივიმ თითქმის ყველა ინსტრუმენტზე თავადვე დაუკრა, ARP ტიპის სინთეზატორის ფართო გამოყენების პიონერად იქცა და ნამუშევრის პროდიუსირებაც საკუთარ თავზე აიღო. ამ საოცარი ჩანაწერის წყალობით, ის ვუნდერკინდიდან და რომანტიკული ბალადების შემსრულებლიდან ინდივიდუალური ხელწერის მქონე, ინოვატორ ხელოვანად გარდაისახა, რომლის შემოქმედებამაც მუსიკის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

მოუსმინეთ ალბომს

10. Baby Huey - The Baby Huey Story: The Living Legend (1971)

ჯეიმს თომას რეიმი, სასცენო სახელით ბეიბი ჰიუ, ჩვენი სიის ყველაზე ნაკლებად ცნობილი და დაუფასებელი წარმომადგენელია. არტისტი შესრულების სპეციფიკური მანერით გამოირჩეოდა, რომელიც მისი ბენდის The Babysitters წევრთა გადმოცემით, ძალზე ახლოს იდგა რეპის ტექნიკასთან. სამწუხაროდ ალკოჰოლისა და ჰეროინისადმი მიდრეკილებამ ამ უნიჭიერესი მუსიკოსის ცხოვრებას მძიმე დაღი დაასვა. ამას ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ჭარბწონიანობაც დაერთო და 26 წლის ასაკში რეიმი გულის შეტევით გარდაიცვალა. მთელი მისი დისკოგრაფია ერთი, რვა კომპოზიციისგან შემდგარი სტუდიური ალბომით The Baby Huey Story: The Living Legend შემოიფარგლება. თუმცა, ჯეიმსის სიკვდილის შემდეგ გამოსული ეს ჩანაწერი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას ფანკისა და სოულის მსმენელთა წრეში საკულტო არტისტის სტატუსი მოეპოვებინა.

ჩიკაგოს ფანკ სკოლის საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნილ ნამუშევარში რეიმის ძლიერ ვოკალსა და შესრულების ქარიზმატულ მანერას მძლავრი ინსტრუმენტალი ერწყმის, რომლის ფსიქოდელიური ტონებიც არტისტის ახლო მეგობრის, ჯიმი ჰენდრიქსის გავლენას უნდა მიეწეროს. მუსიკოსის მემკვიდრეობის ათვისება ჰიპ ჰოპის სამყარომ ჩანაწერით Listen to Me დაიწყო, რომლის პოპულარიზებაც ჟანრის პიონერმა, DJ Kool Herc-მა ითავა, მოგვიანებით კი ის ისეთ კლასიკად ქცეულ ნამუშევრებში გადაისემპლა, როგორებიცაა Eric B. & Rakim-ის ჰიტი Follow the Leader და Public Enemy-ს Revolutionary Generation. თუმცა, ჰიპ ჰოპსა და ამ ალბომს შორის მჭიდრო კავშირი ყველაზე ნათლად მასში შესულ ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციაში Hard Times არის ასახული.

მოუსმინეთ ალბომს

9. Curtis Mayfield - Curtis (1970)

ჩიკაგოს სოულისა და ფანკის იმდენად მდიდარი ტრადიციები გამოარჩევს, რომ ამ მხრივ ეპოქალური Motown Records-ის სამშობლოს, დეტროიტსაც კი გაუწევს კონკურენციას. ეს გარკვეულწილად მუსიკოსის, კომპოზიტორის, პროდიუსერისა და სამოქალაქო აქტივისტის, კერტის მეიფილდის დამსახურებაა, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობა ჯგუფ The Impressions-ის შემადგენლობაში დაიწყო, მისი დატოვების შემდეგ არაერთი შთამბეჭდავი სოლო ნამუშევარი გამოსცა, ადგილობრივი სცენის უპირობო ლიდერად იქცა და სოულში სოციალურ-პოლიტიკური თემატიკის წინ პლანზე წამოწევაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

სადებიუტო სოლო ალბომში მეიფილდმა მისი კარიერის საწყისი ეტაპისთვის ჩვეული, მსუბუქი არენბი ჟღერადობა გაცილებით ინტენსიური ფანკითა და ფსიქოდელიური სოულით ჩაანაცვლა. თუ ადრე მის ნამუშევრებში პოლიტიკა და პროტესტი იშვიათად ჩნდებოდა, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, სოციალური მანიფესტია, რომელიც აფროამერიკელთა ყოველდღიურ პრობლემებსა და ფორმალურად მოპოვებული თანასწორობის რეალური გამოყენების საკითხებს ეძღვნება. ალბომი აშშ-ის ჩარტებში წამყვან პოზიციაზე 5 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი პოპულარობა დიდწილად ჰიტის Move on Up დამსახურებაა, რომელსაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ კერტის მეიფილდის სახელი პირველად დღეს გაიგეთ, რომელიმე მხატვრული ფილმში, ტელეშოუსა თუ სპორტულ ღონისძიებაზე ყურს ერთხელ მაინც მოჰკრავდით.

მოუსმინეთ ალბომს

8. Herbie Hancock - Head Hunters (1973)

ლეგენდარულ ჯაზმენს ხშირად ჟანრის დისიდენტად მოიხსენიებენ. ამის მიზეზი ჰერბი ჰენკოკის მხრიდან ექსპერიმენტების სიყვარული გახლავთ, რასაც ჯაზში ელექტრონული ჟღერადობის ინტეგრირება და სხვა ეპოქალური ინოვაციები მოჰყვა. 1971-73 წლებში გამოცემული ალბომებით Mwandishi, Crossings და Sextant მან ავანგარდული, კომპლექსური ნამუშევრების სერია შექმნა, რომელიც გერმანელი კომპოზიტორის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის იდეებით იყო შთაგონებული, რის შემდეგაც უფრო მიწიერი და კონვენციური მუსიკის შექმნა მოისურვა, კოსმოსიდან უკან ხმელეთზე დაშვების გზა კი ფანკში იპოვა.

ჩანაფიქრის განსახორციელებლად ჰენკოკმა ახალი ბენდი The Headhunters შეკრიბა, რომლის სახელიც თავისი მე-12 სტუდიური ალბომის სახელწოდებად აქცია. ჩანაწერზე მუშაობისას მუსიკოსები ელექტრონულ ინსტრუმენტებთან ერთად აფრიკულ ხალხურ საკრავებსა და ყოველდღიურ ნივთებსაც იყენებდნენ. უახლესი ტექნოლოგიებისა და არქაული ტრადიციების ამ სინთეზის გამოძახილი ნამუშევრის ძალზე ეფექტურ გარეკანზეც იგრძნობა, სადაც კოტ-დ'ივუარში მცხოვრები ბაულეს ტომის რიტუალური ნიღაბისა და ფირჩამწერის დემაგნიტეზატორის ჰიბრიდია გამოსახული. Head Hunters ჯაზ-ფანკის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია, რომელიც ერთდროულად ორი მიმდინარეობის კლასიკად ითვლება და როგორც გამორჩეული კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ხელოვნების ნიმუში, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული..

მოუსმინეთ ალბომს

7. Sly & the Family Stone - There's a Riot Goin On (1971)

1971 წელს ვიეტნამის ომითა და სისტემური რასიზმით შეწუხებულმა ლეგენდარულმა სოულ არტისტმა, მარვინ გეიმ ალბომი სახელწოდებით What's Goin On ("რა ხდება?") გამოუშვა. ექვსი თვის შემდეგ კი მის კითხვას პასუხი ფანკ კოლექტივმა Sly & the Family Stone გასცა, რომლის ხისტი, საპროტესტო მუხტით სავსე ჩანაწერი There's a Riot Goin On ("ამბოხი ხდება") ჟანრის ისტორიაში გარდატეხის წერტილად იქცა.

ჯგუფის ლიდერი, სლაი სტოუნი იმ პერიოდში მემარცხენე-რადიკალური ორგანიზაციის, "შავი პანტერების" წევრებს დაუახლოვდა, რომლებმაც მას გაცილებით აგრესიული, აფროამერიკულ იდენტობაზე ორიენტირებული მუსიკის შექმნისკენ უბიძგეს. შედეგად, კოლექტივის მეხუთე სტუდიურ ნამუშევარში კარიერის ადრეული ეტაპისთვის დამახასიათებელი, სილაღითა და ოპტიმიზმით სავსე კომპოზიციები პოლიტიკური თემატიკით დატვირთულმა, მძიმე ჟღერადობის ტრეკებმა ჩაანაცვლა. ალბომის ჩაწერის პროცესს კვალი ბენდის წევრებს შორის არსებულმა დაძაბულმა ატმოსფერომაც დაატყო. რამდენიმე სიმღერაში სტოუნმა ისინი მოწვეული მუსიკოსებითაც ჩაანაცვლა, თუმცა აიკ ტერნერის, ბილი პრესტონისა და ბობი უომაკის მსგავი შემსრულებლების მონაწილეობამ ნამუშევრის ხარისხზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა. ეპოქალურ ალბომში შესული კომპოზიციებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ჰიტი Family Affair იპყრობს, დრამ-მანქანის გამოყენებით შექმნილი ერთ-ერთი პირველი ტრეკი, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა.

მოუსმინეთ ალბომს

6. Gil Scott-Heron - Winter in America (1974)

ფანკ არტისტებისა და კოლექტივების უმეტესობა საკუთარი შემოქმედების სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით დატვირთვას არასდროს ერიდებოდა, თუმცა ამ მხრივ ყველაზე რადიკალური გილ სკოტ-ჰერონის ნამუშევრები აღმოჩნდა. ანტირასისტული მოძრაობის ჰიმნებად ქცეული კომპოზიციების Whitey on the Moon და The Revolution Will Not Be Televised ავტორი 1949 წელს ჩიკაგოში დაიბადა. ის მუსიკით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა და ლეგენდარული ჯგუფის The Last Poets შთაგონებით საკუთარი, სანახევროდ რეჩიტატივზე აგებული საშემსრულებლო სტილი შეიმუშავა, რომელიც რეპის ტექნიკის ერთ-ერთ ადრეულ ნიმუშად ითვლება.

1970-იან წლებში სკოტ-ჰერონმა რამდენიმე ეპოქალური მნიშვნელობის ალბომი გამოსცა, რომელთა შორის ჩვენს სიაში შესატანად Winter in America შევარჩიეთ. ფლეიტისტ, პიანისტ და კომპოზიტორ ბრაიან ჯექსონთან თანამშრომლობით შექმნილ ნამუშევარში უზადო პოეტური ნიჭით დაჯილდოებულმა არტისტმა ზამთარი იმ მძიმე რეალობის სიმბოლოდ აქცია, რომელიც მის გარშემო იყო გამეფებული. "ძმები კენედები და მარტინ ლუთერ კინგი, ისინი ჩვენთვის ზაფხული, გაზაფხული და შემოდგომა იყვნენ, მათი მკვლელობების შემდეგ კი მხოლოდ ზამთარი დაგვრჩა", - ასე დაახასიათა გილმა ჩანაწერის კონცეფცია. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ალბომის ექსპერიმენტული, იმ დროისთვის რევოლუციური ჟღერადობა. ფანკის, ჯაზისა და სოულის სრულყოფილებამდე დახვეწილმა, ხავერდოვანმა სინთეზმა დროს ათწლეულებით გაუსწრო და თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული მიმდინარეობის, ნეოსოულის წინამორბედად მოგვევლინა.

მოუსმინეთ ალბომს

5. Miles Davis - Get Up With It (1974)

მაილს დევისის მსმენელებს კარგად მოეხსენებათ, რომ ლეგენდარული ჯაზმენი სხვადასხვა ჟანრიდან ნასესხები ელემენტებით საკუთარი შემოქმედების გამდიდრებას არასდროს ერიდებოდა და ამ მეთოდს ძალზე ეფექტურადაც იყენებდა. 1974 წელს გამოცემული ალბომით Get Up With It მუსიკოსმა იმ დროს პოპულარობის პიკში მყოფი ფანკის ტენდენციები აითვისა, თუმცა ჩანაწერში ამ მიმდინარეობისთვის ტრადიციული ექსცენტრიკულობის, უდარდელობისა და ხალასი ენერგიის ნატამალსაც ვერ შეხვდებით. სანაცვლოდ, მისთვის ჩვეულ პირქუშ ესთეტიკაზე დაყრდნობით, მაილსმა იმდენად ბნელი და მინორული ნამუშევარი შექმნა, რომ Funkadelic-ისა და Sly & the Family Stone-ის მიღწევებიც კი დაჩრდილა.

ალბომის ჩაწერაში მაილსთან ერთად ისეთ ინსტრუმენტალისტები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან ჯონ მაკლაფლინი, დეივ ლიბმენი, ჰერბი ჰენკოკი, მაიკლ ჰენდერსონი და კით ჯარეტი. ეკლექტური ჟღერადობით გამორჩეულ ნამუშევარში, ჯაზთან და ფანკთან ერთად, ფსიქოდელიური როკის, ბლუზისა და ლათინოამერიკული მუსიკის გავლენაც იგრძნობა. მისი გამხსნელი, ნახევარსაათიანი კომპოზიცია He Loved Him Madly, რომელიც დიუკ ელინგტონის ხსოვნას ეძღვნება, ემბიენთის ტერიტორიაზეც კი გადადის (ჟანრის პიონერი, ბრაიან ინო შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ სწორედ ამ ტრეკს ასახელებდა). დევისი ჯაზის ისტორიაში მეფე მიდასის მსგავსი ფიგურა იყო, რომლის შეხებაც ყველაფერს ოქროდ აქცევდა. Get Up with It ამ ფაქტის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

მოუსმინეთ ალბომს

4. Michael Jackson - Off the Wall (1979)

1972-75 წლებში ძმებთან ერთად შექმნილი ჯგუფის, Jackson 5-ის ფრენჩაიზის ფარგლებში ლეიბლზე Motown Records ოთხი სოლო ალბომი გამოცემის შემდეგ, პოპ მუსიკის მომავალმა მეფემ მამისა და მენეჯერის, ჯო ჯექსონისგან მომდევნო ნამუშევრის დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარ ხედვაზე დაყრდნობით ჩაწერის ნებართვა მიიღო. მცირე ხანში, მიუზიკლზე The Wiz მუშაობისას, მან ლეგენდარული ქუინსი ჯონსი გაიცნო და მიხვდა, რომ ის მისთვის იდეალური პროდიუსერი იქნებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც მაიკლ ჯექსონი მუსიკის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არტისტად იქცა. ლეიბლზე Epic Records გამოცემული, რვაგზის პლატინის სტატუსის მქონე ალბომი Off the Wall მათი კოლაბორაციის პირველი ნაწილია, რომელსაც მოგვიანებით კიდევ ორი ეპოქალური ნამუშევარი Thriller და Bad მოჰყვა.

ჩანაწერი, რომლითაც მაიკლმა მწვერვალისკენ პირველი რეალური ნაბიჯი გადადგა და ჯექსონების მუსიკალური დინასტიის წევრიდან დამოუკიდებელ არტისტად გარდაიქმნა, ფანკის, დისკოს, პოპის, სოულის, სოფთ როკისა და არენბის იდეალური ნაზავია. ჯექსონისა და მისი ბენდის წევრების საოცარი საშემსრულებლო პროფესიონალიზმის, პერფექციონიზმისკენ დაუღალავი სწრაფვის, ორიგინალური მუსიკალური იდეებისა და დახვეწილი არანჟირებების წყალობით, ალბომმა უდიდესი წარმატება მოიპოვა, მაიკლი კი ისტორიაში პირველი სოლო არტისტი გახდა, რომლის ერთი და იმავე ნამუშევრიდან ბილბორდის ჩარტის პირველ ათეულში ოთხი სხვადასხვა სიმღერა ერთდროულად აღმოჩნდა.

მოუსმინეთ ალბომს

3. Prince - 1999 (1982)

პრინს როჯერს ნელსონი თავისუფლების, ქარიზმატულობისა და პროვოკაციულობამდე მისული გამომწვევობის განსახიერება იყო. მუდმივი თვითგანვითარების იდეით შეპყრობილი პერფექციონისტი, რომელიც ხმის ჩამწერ სტუდიაში მცირე დეტალების სრულყოფილებამდე დამუშავებას დღეებს ანდომებდა, სუპერვარსკვლავობისთვის იყო დაბადებული და, ალბათ, ერთადერთი იყო, ვისაც შეეძლო, იმ ეპოქაში მაიკლ ჯექსონს პოპის მეფის გვირგვინისათვის ბრძოლაში შეცილებოდა.

ჩვენი სიის თემატიკიდან გამომდინარე, სიმბოლურია, რომ პრინსის მიერ შვიდი წლის ასაკში დაწერილი პირველი კომპოზიციის სახელწოდება Funk Machine იყო. არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა მუსიკოსმა ხომ საკუთარი შემოქმედებით, არენბისთან, სოულთან და როკთან ერთად, ფანკის ისტორიაშიც წარუშლელი კვალი დატოვა. თავის რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში "1999" სინთპოპისა და ნიუ ვეივის ელემენტების შემოტანის ხარჯზე, პრინსმა ჟანრს ახალი სიცოცხლე შთაბერა და კოლეგებს თვალწინ სრულიად ახალი, 1980-იანების ფუტურისტულ მუსიკალურ ტენდენციებს მორგებული პერსპექტივა გადაუშალა. ამ ნამუშევარმა არტისტს გრემის პირველი ნომინაცია მოუტანა, მეინსტრიმის ნაწილად აქცია და MTV-ის სატელევიზიო ბადეში დაუმკვიდრა ადგილი. სწორედ მას უკავშირდება ე.წ. მინეაპოლისის ჟღერადობის გაჩენაც, რომელიც მოგვიანებით, ჯენეტ ჯექსონითა და მორის დეით დაწყებული, ბრუნო მარსითა და ლიზოთი დამთავრებული, არაერთმა ვარსკვლავმა აითვისა.

მოუსმინეთ ალბომს

2. James Brown - The Payback (1973)

თანამედროვე მუსიკისთვის ჯეიმს ბრაუნი ეპოქალური მნიშვნელობის ფიგურაა. უნიკალური ხედვით დაჯილდოებულმა ინოვატორმა საკუთარი შემოქმედებით რამდენიმე მიმდინარეობას დაუდო საფუძველი და ათასობით კოლეგის შთაგონების წყაროდ იქცა. სოულის ნათლიმამის, ფანკის პიონერისა და ისტორიაში ყველაზე ხშირად გადასემპლილი შემსრულებლის მემკვიდრეობას, წმინდა მუსიკალური ღირებულების გარდა, ის როლიც გამოარჩევს, რომელიც მან პოპკულტურის ლანდშაფტის ცვლილებაში ითამაშა. ბრაუნი წარმატებული, ძლიერი და დამოუკიდებელი აფროამერიკელი მამაკაცის პროტოტიპად იქცა, რომელმაც სლოგანით "თქვი ხმამაღლა, მე შავკანიანი ვარ და ამით ვამაყობ" (Say It Loud, I'm Black And I'm Proud) მუსიკის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

ჯეიმს ბრაუნის უზარმაზარ დისკოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი 1973 წელს გამოცემულ ალბომს The Payback უკავია, რომელსაც თავდაპირველად კინოსურათის Hell Up in Harlem საუნდტრეკად მოიაზრებდნენ, თუმცა კლასიკური ფანკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარებული ნამუშევარი რეჟისორმა ლარი კოენმა იმის გამო დაიწუნა, რომ მასში საკმარისი ფანკი არ იყო. ალბომის შექმნისას, არტისტმა აქცენტი ჟანრის მთავარ ღირსებებზე, სპონტანურობასა და კოლექტიურ იმპროვიზაციაზე გაამახვილა, ხმის რეჟისორებს კი მის საბოლოო ვერსიაში, ფაქტობრივად, ცვლილება არ შეუტანიათ, რასაც შეცდომით დაკრული რამდენიმე პარტიის არსებობაც ადასტურებს. ჩანაწერში შესული ტრეკებიდან განსაკუთრებული პოპულარობით მისივე სახელწოდების მქონე, ათობით ტელეშოუსა თუ ფილმის საუნდტრეკად ქცეული სიმღერა სარგებლობს, რომლის სემპლებზეც სხვადასხვა ჟანრის არაერთი კომპოზიციაა აგებული.

მოუსმინეთ ალბომს

1. Funkadelic - Maggot Brain (1970)

1968 წელს ჩამოყალიბებული Funkadelic ფანკის ფილოსოფიისა და იდეალების სრულფასოვანი განსახიერებაა. ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა დროს ბუთსი კოლინსის, ედი ჰეიზელის, დენის ჩემბერსისა და ბერნი უორელის მსგავსი მუსიკოსები მოღვაწეობდნენ, ჟანრში სრულიად ახალი, ექსპერიმენტული ჟღერადობა და მისტიკური ესთეტიკა დაამკვიდრა. კოლექტივის შემოქმედება ექსცენტრიკულ სასცენო ვიზუალს, აფროფუტურისტულ მითოლოგიას, სოციალურ-პოლიტიკური თემატიკის ტექსტებსა და თავბრუდამხვევ, ფსიქოდელიის ელემენტებით სავსე მუსიკას მოიცავდა. დეტროიტული ბენდი, დოქტორ ფანკენშტეინის მეტსახელით ცნობილი ჯორჯ კლინტონის ხელმძღვანელობით, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტად იქცა, რომლის ნამუშევრებმაც გავლენა ათასობით არტისტზე მოახდინა.

Funkadelic-ის ბრწყინვალე დისკოგრაფიიდან რომელიმე ერთი ჩანაწერის გამოყოფა ძალზე რთული საქმეა, თუმცა მისი წევრების კალეიდოსკოპურად მრავალფეროვანი მუსიკალური იდეები ყველაზე დახვეწილი და, ამავდროულად, ორგანული ფორმით რიგით მესამე სტუდიურ ნამუშევარში Maggot Brain არის წარმოდგენილი. ადრენალინითა და შამანური ენერგიით დამუხტულ ალბომს და მასში შესულ ჩანაწერებს გამოსვლის დღიდანვე არაერთი ლეგენდა დაუკავშირდა. ჩარლზ მენსონის სახელთან ასოცირებული რელიგიური კულტის, განკითხვის დღის ტაძრის მოძღვრებიდან აღებულმა აპოკალიპტური შინაარსის ნაწყვეტმა კი, რომელიც ნამუშევრის შიდა ყდაზე იყო გამოტანილი, ჯგუფს "ფანკის ბლექ საბათის" სტატუსი დაუმკვიდრა. კოლექტივის წევრები ფანკს მუსიკალური ჟანრის ნაცვლად კოსმიურ გამოცდილებად აღიქვამდნენ - განცდად, რომელიც თავის პიკს სწორედ ამ ალბომში აღწევს.

მოუსმინეთ ალბომს

კომენტარები

ბოლოს დამატებული