Thumbnail

სიმღერა, რომელიც Queen-მა მარტინ ლუთერ კინგის შთაგონებით დაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აფროამერიკელთა სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი მარტინ ლუთერ კინგის მოღვაწეობა არაერთი არტისტის შთაგონების წყარო გამხდარა, მათ შორის ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის Queen, რომელმაც კინგის მიერ ვაშინგტონში, თავისუფლების მარშზე წარმოთქმული ისტორიული სიტყვის I Have a Dream (მე მაქვს ოცნება) გავლენით კომპოზიცია One Vision ჩაწერა.

ბრაიან მეი: ფრედის ჩემი დაწერილი კომპოზიციები სულ სხვა დონეზე აჰყავდა

ფრედი მერკურის უკანასკნელი თხოვნა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე

სიმღერაში "ქუინი" მებრძოლი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც უთანასწორობაზე იმარჯვებს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კოლექტივმა მისი ტექსტი საქველმოქმედო მარათონზე, Live Aid-ზე თავისი ტრიუმფალური გამოსვლის შესახებ დაწერა, რაც მუსიკოსებს არასდროს დაუდასტურებიათ. როჯერ ტეილორმა, რომელსაც One Vision-ის შექმნის იდეა ეკუთვნის, BBC-ის დოკუმენტურ ფილმში Queen: Days of Our Lives განაცხადა:

"ტექსტი სანახევროდ მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი მიმართვიდან მაქვს ამოღებული".

კომპოზიციის შექმნაში ჯგუფის ოთხივე წევრი აქტიურად იყო ჩართული. თავდაპირველად ბრაიან მეიმ მოიფიქრა გიტარის რიფი, რომელსაც ფრედი მერკურიმ ვოკალის პარტია დაადო. One Vision პირველად 1985 წელს სინგლის სახით გამოიცა, შემდეგ კი ბენდის მეთორმეტე ალბომში A Kind of Magic შევიდა. რაც შეეხება ვიდეორგოლს, მასში კოლექტივი თავისი ადრეული ჰიტის, Bohemian Rhapsody-ს კლიპის ცნობილ კადრს აცოცხლებს. ბრიტანეთის ჩარტებში სიმღერის საუკეთესო შედეგი მეშვიდე პოზიცია იყო, ბილბორდის ცხელ ასეულში კი ის მხოლოდ 61-ე ადგილს დასჯერდა.

მარტინ ლუთერ კინგს სხვა არაერთმა ამერიკელმა და უცხოელმა მუსიკოსმა მიუძღვნა კომპოზიცია. მათ შორის არიან სტივი უანდერი, კრის კრისტოფერსონი და U2, რომლებმაც მის შესახებ ჩანაწერები - Happy Birthday, They Killed Him და Pride (In the Name of Love) შექმნეს.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული