Thumbnail

ნახეთ: დევიდ ლინჩმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ორიგინალური ფორმით გააპროტესტა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი და მუსიკოსი, დევიდ ლინჩი თავის იუთუბ პროექტში Weather Report, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას არსებული ამინდის შესახებ ინფორმაციას აწვდის, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურა. ლოს ანჯელესის ამინდზე კომენტარის შემდეგ, მან კადრში დატოვა წარწერები Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია), Peace (მშვიდობა), Justice (სამართლიანობა) და No Fear (არ გვეშინია).

"დილა მშვიდობისა, დღეს 3 ივნისია, ოთხშაბათი. ლოს ანჯელესში არაჩვეულებრივი ამინდია, ლურჯი ცა მოსჩანს, ცოტა ღრუბელი შეინიშნება. ოქროსფერი მზე ამოდის. ამ მომენტში ტემპერატურა 18 გრადუსია, მაგრამ დღის განმავლობაში ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება. ყველას კარგ დღეს გისურვებთ", - ამბობს ვიდეოში 74 წლის დევიდ ლინჩი, შემდეგ კი კადრიდან გადის.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე კვირაზე მეტია, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

ამერიკელმა რეჟისორმა, მხატვარმა, მუსიკოსმა, მსახიობმა და ფოტოგრაფმა დევიდ ლინჩმა მოღვაწეობა 1966 წელს დაიწყო, როდესაც პენსილვანიის ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი Six Men Getting Sick (Six Times) გადაიღო. ოქროს პალმის რტოსა და ოქროს ლომის მფლობელი არტისტი ისეთი კინოსურათებითაა ცნობილი, როგორებიცაა: Eraserhead, Blue Velvet, Mulholland Drive და ა.შ. სერიალ Twin Peaks-ის გადაღების შემდეგ კინოკრიტიკოსებმა მას "პირველი პოპულარული სიურრეალისტი" უწოდეს, გამოცემა Guardian-მა კი მას "ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის" სტატუსი მიანიჭა.

მუსიკალურ ვიდეორგოლებზე მუშაობასთან ერთად, დევიდ ლინჩს სამი სოლო სტუდიური ალბომი BlueBOB, Crazy Clown Time და The Big Dream აქვს გამოშვებული. ის ძირითადად ექსპერიმენტული როკის, ავანგარდული ელექტრონული მუსიკისა და ჯაზის ჟანრებში მოღვაწეობს. 2018 წელს ლინჩმა კომპოზიტორ ანჯელო ბადალამენტისთან ერთად ჯაზ ალბომი Thought Gang გაავრცელა. ამის გარდა, მას არაერთი ფილმისთვის აქვს მუსიკა დაწერილი. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს არტისტმა ფონდი დააარსა, რომელიც ტრანსცენდენტური მედიტაციის გზით ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად. 2017 წელს თბილისში ფონდის კავკასიის განყოფილება გაიხსნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული