Thumbnail

ჯონ ლეჯენდი: ქანიე ვესთთან ჩემი მეგობრობა დასრულდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯონ ლეჯენდმა გამოცემა TheTimes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან აღარ მეგობრობს. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს ქანიეს მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერას, 41 წლის არტისტმა უპასუხა:

"მიზეზი ეს არ არის. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებული. ის უაიომინგის რანჩოშია, მე კი ლოს ანჯელესში ვცხოვრობ. ორივეს ოჯახები გვყავს და როგორც მუსიკოსებს, საქმიანი ურთიერთობა აღარ გვაკავშირებს. ასე რომ, ჩვენი გაუცხოება ბუნებრივად მოიტანა ცხოვრებამ. პოლიტიკა არც განგვიხილავს ერთმანეთთან. ეს ჩვენი საუბრის თემა არასდროს ყოფილა. ჩვენი ურთიერთობა უმეტესად შემოქმედებას და მუსიკას უკავშირდებოდა".

როგორც ცნობილია, 2018 წელს ქანიე ვესთმა ჯონთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელშიც ის რეპერს სწერს:

"იმედი მაქვს, ტრამპთან ალიანსს გადაიფიქრებ. შენ ზედმეტად გავლენიანი ხარ იმისთვის, რომ მას და მის იდეოლოგიას მხარი დაუჭირო. რასაც იტყვი, შენს ფანებზე იმოქმედებს. ისინი მხარს გიჭერენ და პატივს სცემენ შენს მოსაზრებებს. ბევრი ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, ახლა იმედგაცრუებულია, რადგან მათ იციან, როგორი ზიანის მომტანია ტრამპის პოლიტიკა, განსაკუთრებით შავკანიანებისთვის. არ დაუშვა, ეს ყველაფერი შენი მემკვიდრეობის ნაწილად იქცეს. შენ ჩვენი თაობის ყველაზე დიდი არტისტი ხარ".

რეპერი კი პასუხობს:

"ჯონ, მიყვარხარ და შენს აზრს ვაფასებ. შენ მიერ თაყვანისმცემლებისა და მემკვიდრეობის ხსენება შიშზე დაფუძნებული ტაქტიკური სვლაა, რომლის მიზანიც ჩემს თავისუფალ შეხედულებებზე მანიპულირებაა".

ჯონ ლეჯენდი ქანიე ვესთის ლეიბლს GOOD Music დაარსებიდან მალევე, 2004 წელს შეუერთდა და სასაცენო სახელიც მაშინ დაირქვა. მანამდე ის ქანიეს კომპოზიციებში ვოკალურ პარტიებს ასრულებდა. რეპერმა ჯონის სადებიუტო ალბომზე Get Lifted და მეოთხე სტუდიური ნამუშევრის Love in the Future პროდიუსინგზე იმუშავა. 2014 წელს ქანიემ მეგობარს მისი და ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანის ქორწილში სიმღერაც სთხოვა. არტისტებს მათ შორის ისეთ კომპოზიციებზე უთანამშრომლიათ, როგორებიცაა Blame Game რეპერის ალბომიდან My Beautiful Dark Twisted Fantasy და Number One ჯონის სტუდიური ნამუშევრიდან Get Lifted.

კომენტარები

ბოლოს დამატებული